შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ ჯართან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ ჯართან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი

ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ ჯართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი.

„ფარისევლები არიან! მათი გარეგანი სახე ხომ ისაა, რომ უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს, ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, მამულიშვილები, საქართველოსა და მისი ჯარის მოყვარულები. როცა ადამიანი საუბრობს იმაზე, რისიც არ სწამს, პატრიოტობაზე დებს თავსა და არ არის პატრიოტი, ასეთ ადამიანებს შემთხვევით გაეპარებათ-ხოლმე ასეთი შეფასებები, რადგან ეს დევს მათ გონებაში, გულსა და ეროვნულობაში.

ისინი ამ ქვეყნის პატრიოტები არასდროს ყოფილან, ამიტომ არის, რომ ასეთ შეფასებას აკეთებენ. სამწუხაროა, რომ როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს, ჩვენს საამაყო ქალებსა და კაცებს, ამხელა შეურაცხყოფას აყენებენ. ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბარამიძე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში საქართველოს ომში ჩართვის შესახებ დეპუტატების მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის განცხადებებს გამოეხმაურა.

დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? მკვდარი მკვდარს აეკიდაო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.