ქვეყანას აკარგვინებენ ევროპაში ინტეგრაციის შანსს, პირში წყალი ჩავიგუბოთ? ეგრე არ გამოვა დეპოლარიზება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხალხი ზღვარზე დგას და გაბრაზებულ ადამიანებს ოპოზიცია აჩერებდა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ, შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავსად, მოლაპარაკებაში შეჰყვება, საქართველომ შესაძლოა ევროპული პერსპექტივა დაკარგოს.
„ქვეყანას აკარგვინებენ ევროპაში ინტეგრაციის რეალურ შანსს. პირში წყალი ჩავიგუბოთ?! არ გამოვა დეპოლარიზება ეგრე. როდესაც „ქართული ოცნება“ დაიწყებს მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებას, ამის პროპორციულად მოხდება დეპოლარიზება. დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, ევროპაში ინტეგრაციის წყალგამყოფი ხაზი. სანამ ეს პრობლემა დგას, დეპოლარიზება კი არა, შეიძლება რადიკალიზება მოხდეს - ხალხი გამოვა ქუჩაში, ჩვენს გარეშეც, უამრავი მაგალითია ამის, საერთოდ არ სჭირდება ოპოზიცია. ხალხი ზღვარზე დგას, ჩვენ ვაჩერებდით გაბრაზებულ ადამიანებს, ამბობდნენ, „მივიდეთ კანცელარიასთან“, „მივიდეთ პარლამენტთან“ და ა.შ.
ეს 6 თვე იქნება კიდევ ჩუქება „ქართული ოცნებისთვის“ და არა მარტო ამ 6 თვეს დავკარგავთ, თუ ასე შევყვებით „ქართულ ოცნებას,“ არამედ შეიძლება დავკარგოთ [ევროპული] პერსპექტივაც. ეს შესაძლებლობის ფანჯარა დიდი ხანი ვერ იქნება, რისკებს ვხედავთ. შარლ მიშელის დოკუმენტის დროს, ერთხელ შევყევით „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში, მერე საკონსტიტუციო ცვლილებების დროს იყო პრობლემა, საარჩევნო კანონის განხილვის დროს და ა.შ. ყოველთვის „გადაგვყარეს.“ მოდი, ჯერ რაც გაქვს წაღებული, ის დააბრუნე, თუ გამოსწორდი და კეთილსინდისიერი ხარ, ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ახალ ვალდებულებებზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.