ხორბლის ადგილობრივი მოსავალი საკმაოდ მაღალია, პარალელურად, მარცვლეული იაფდება მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე. პანიკა და აჟიოტაჟი თანდათან სრულდება, ვითარება ასე თუ ისე სტაბილერდება.
მსოფლიოში ხორბალის ფასი ეცემა. ბოლო 1 თვის ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩიკაგოს ბაზარზე 1 ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 8.36 დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც 2 კვირის წინ მარცვლეული 9.55 დოლარი ღირდა. ამ მოკლე პერიოდში გაიაფებამ 12% შეადგინა. ერთი თვის წინ კი ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელის ფასი 11 დოლარს აღემატებოდა. ამ შემთხვევაში ფასთა კლება 27%-ია. გამოდის, რომ ბოლო ერთი თვეა, მსოფლიოში ხორბალი მკვეთრად იაფდება.
ბოლო ერთი წელია მარცვლეულის ბაზარზე დიდი პრობლემებია და განსაკუთრებით არეულობაა ჩვენს რეგიონში. უკრაინას თავისი მოსავალი გასაყიდად თითქმის ვერ გააქვს, საქართველოსთვის ნომერმა პირველმა იმპორტიორმა ქვეყანამ, რუსეთმა შარშან ხორბალზე მცურავი ბაჟი აამოქმედა, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა. ამ ფაქტორის გამო, ქვეყანაში მარცვლეული ვეღარ შემოდიოდა, თუმცა ახლა ჩრდილოელმა მეზობელმა გადაწყვეტილება და საბაჟო გადასახადის ფორმულა შეცვალა, რამაც სტრატეგიული პროდუქტი ცოტათი გააიაფა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რამდენიმე დღის წინ, როცა რუსეთმა მცურავი ბაჟის ფორმულა შეცვალა.
„ადრე მცურავი ბაჟი შემდეგი ფორმულით იანგარიშებოდა – მსოფლიო ბაზრის ფასებს გამოკლებული 200 დოლარი და იმის 70%, 2 დღის წინ შეცვლილი ფორმულით კი იანგარიშება შემდეგნაირად – მსოფლიო ბაზრის ფასებს გამოკლებული 15000 რუბლი და ამ დარჩენილის 70%.
ამ შეცვლილმა ფორმულამ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. წინა კვირის ფორმულის მიხედვით, საბაჟო გადასახადი იყო 142 დოლარი და ახალი ფორმულის შემდეგ ელოდებიან, რომ შემდეგი ბაჟი ჩამოვა 100 დოლარამდე, თუმცა მერე ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რუბლი დოლართან მიმართებით რა პოზიციებს დაიკავებს.
ველოდებით, რომ გარკვეული სტაბილიზაცია ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მიღწეული იქნება როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ჩვენთანაც მოსავალი გაზრდილია, რაც რაღაც დონეზე სტაბილურობის შეგრძნებას აჩენს“, - აღნიშნა სილაგავამ და იქვე დასძინა, რომ საქართველოში მოქმედი დიდი წისქვილკომბინატები მარტოოდებ ადგილობრივი მოსავლის იმედად ვერ იქნებიან.
„დიდი და საშუალო წისქვილკომბინატების ყოველთვიური სიმძლავრე იმდენად მაღალია, რომ მათი წარმადობისთვის მთელი მოსავალი არის 1-1,5 თვის სამყოფი. ჩვენ უფრო გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება, რომ წისქვილკომბინატებმა სეზონიდან სეზონამდე იმუშაონ. შესაბამისად, ჩვენ ხორბალი მთელი წლის განმავლობაში გვჭირდება და არა თვე-ნახევარი. წყვეტილ მუშაობას აზრი ისედაც არ აქვს, მომსახურე პერსონალსაც ვერ ვეტყვით, რომ თვე-ნახევარი იმუშაონ და მერე გაჩერდნენ. ალბათ, საქართველოში მოწეულ ხორბალს, სავარაუდოდ, მცირე წისქვილები გადაამუშავებენ, რომლებიც კახეთსა და შიდა ქართლში არიან“, - განაცხადა სილაგავამ.
მეწისქვილეთა პრობლემები დიდი ხანია ცნობილია მთავრობის წარმომადგენელთათვის და ისინი დრო და დრო პირობას იძლევიან საკითხის გადაჭრისათვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის თქმით, ახლა ხორბლის მოსავლის პერიოდი მოდის და წელს ქვეყანას გასულ წელთან შედარებით უკეთესი შედეგები ექნება, შესაბამისად, ადგილობრი წარმოებასაც მიეცემა შეღავათი.
„მთავრობა ახორციელებს ისეთ მიდგომას, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოდის. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ გზებზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების ამუშავებას შევძლებთ. მოსავლის პერიოდი მოდის, კარგი შედეგები გვაქვს. მაგალითად, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 20%-ით უკეთესი მოსავალი იყო, მიმდინარე წელს ვვარაუდობთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ხორბალი ექნება,“ - განმარტა ხანიშვილმა.
ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 50-მდე წისქვილკომბინატია გაჩერებული და ხორბლის გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ მიმდინარეობს.