"ფული, ბაბა, ფული"

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ "ქალთა მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩაგდება უნდოდა და ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

"არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ორგანიზაცია "სიდას" ხელში ჩასაგდებად ყოფილიყო ის ყველაფერი, რაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მოხდა. საკმაოდ მაღალი დაფინანსება ჰქონდა მას, 3 მილიონს მიაღწია ორგანიზაციის ბიუჯეტმა და ჩვენ წარვადგენთ მასალებს, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი. მათ შორის "ქალთა მოძრაობიდან" რამდენიმე მოპასუხე აქტიურობდა. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს", - განაცხადა გაბუნიამ.

P.S. რონალდ რეიგანი: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"

ბილ კლინტონი: "თაგვმა თხარა, თხარაო..."

მურტალო: "ყველა თვითონ იკლავს თავს"

კიკუ: "ფული, ბაბა, ფული".

P.P.S. ზვიად დევდარიანის ენჯეო-ს ბიუჯეტი სამი მილიონია... წარმოიდგინეთ, რამდენი იქნება კაპიტან ეკა გიგაურის ორგანიზაციის მთლიანი შიდა პროდუქტი.

(2018წ. 9 ივლისი)

  • ••••••••

ისტორიის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ისტორიის გაკვეთილებს არავინ ითვალისწინებს. ეს რომ ასეა, თუნდაც იმით დასტურდება, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობისა და კონკურსანტების შესახებ კომენტარის გაკეთებას ისევ იმას თხოვენ, ვისაც საამისოდ არც კომპეტენცია, არც განათლება და არც გამოცდილება არ გააჩნია. ამ ყველაფერს, ერთად, შეგვიძლია, კვალიფიკაცია ვუწოდოთ.

უფრო მეტიც - სიმონიშვილს არ გააჩნია სათანადო რეპუტაცია, თუნდაც იმიტომ, რომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს და მეორეც - როცა გეკითხებიან იმის შესახებ, რაც არ იცი, ეს კითხვის ავტორზე კი გიქმნის არცთუ დადებით წარმოდგენას (თუმცა, ეს კიდევ სხვა თემაა), მაგრამ თუ შენ თანხმდები, რომ აღნიშნულ კითხვას პასუხი გასცე, ან საკუთრ თავზე გაქვს დიდი წარმოდგენა, ან საზოგადოება გეპატარავება როგორც საკუთარ, ისე დამფინანსებლის თვალში. მოცემულ შემთხვევაში (მხედველობაში მაქვს საიას თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის ვრცელი კომენტარი) კი, ორივე ერთად: თვითონ ყველაფერია, სხვა კი - არაფერი.

ა, ბატონო: „საია-ს, TI-ს, ISFED-ს და IDFI-ს თვმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაგვიჭერია“.

საია ხომ იცით? - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. აი... უსუფაშვილი, ხიდაშელი, ანა დოლიძე, თამარ ჩუგოშვილი,  სულხან სალაძე... ამ ხალხის კვალიფიკაციას არ შევეხები, არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რაც შეეხება რეპუტაციას... რეპუტაციასაც არ შევეხები, რადგან ხელის გასვრა არ მსურს.

ISFED ის არის, საკუთარ თავს „სამართლიან არჩევნებს“ რომ უწოდებს, მაგრამ არც სამართლიანობაზე აქვს წარმოდგენა და არც სამართალზე, არჩევნები კი, დროის კარგვად მიაჩნია - „რა საჭიროა არჩევნები, როდესაც ამ ქვეყნად არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?! და რადგან ლუსტრაცია კონკრეტიკას ითხოვს, ამ ორგანიზაციის ორი ყოფილი ხელმძღვანელის დასახელებით დავკმაყოფილდები - ზურაბ ჭიაბერაშვილი და ნინო ლომჯარია.

IDFI - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. ეს, იცით, როგორ არის? აი, სამედიცინო ინსტიტუტი რომ იყო და შემდეგ, უცებ, ყველა სარდაფში თითო ინსტიტუტი რომ გაჩნდა, რომლებშიც ერთნაირი წარმატებით ასწავლიდნენ გინეკოლოგიას და ფერწერას. ჰოდა, მაშინდელმა ერთ-ერთმა მათგანმა (ვუწოდოთ მას, პირობით, „იოკო ონოს სახელობის უნივერსალური აკადემია“) პროფილი შეიცვალა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების რთულ და საპატიო საქმეში დღეს ფრონტის წინა ხაზზეა ნიკა გვარამიასთან და ნოდარ მელაძესთან ერთად.

IT „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნიშნავს. მრავალი წელია, მთავარი IT-იშნიკი არის ეკა გიგაური და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ყველაფერი, მათი დედააზრის შესახებ.

მათ შესახებ ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ალბათ დროა, იმათ შესახებაც დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს და მათ „იოკო ონოს სახელობის უნივერსალური აკადემიის“ კურსდამთავრებულ ხელმძღვანელებთან მიდის და კომენტარს თხოვს ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ, „სტელსის“ ტექნოლოგიის შესახებ და კიდევ, არის თუ არა მარადონა პელე და არის თუ არა მარსზე სიცოცხლე.

რა ცესკო, რის არჩევნები... მახსენდება მარკ ტვენის „როგორ ვმსახურობდი სენატორის მდივნად“ – „ფოსტა რად გინდათ? წერილებს, რომც მიიღოთ, მაინც ვერ წაიკითხავთ, რადგან წერა-კითხვა არ იცით“.

რა იცის სიმონიშვილმა არჩევნები?! რა იცის გამჭვირვალობა კაპიტანმა ეკა გიგაურმა?! ანაც, რა იცის სამართლიანობა ე.წ. „სამართლიანმა არჩევნებმა“?!

ეგენი ახლა არიან არასამთავრობოები, თორემ 10 წლის წინაც სამთავრობოები იყვნენ და კვლავ სამთავრობოებად მოგვევლინებიან, ღმერთმა (და, ამომრჩეველმა) არ ქნას, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა კვლავ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ.

და არც მათთან კომენტარზე მისვლაა ჟურნალისტიკა. ეგ ისევეა ჟურნალისტიკა, როგორც ფარერელ მეცხვარეებთან სამარცხვინოდ წაგება - დიდი ფეხბურთი.

(2021 წ. 9 ივლისი)

  • •••••••••

გარდასულ დღეთა სტატუსებია, მაგრამ, ვაი რომ, კვლავაც აქტუალური