მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 14 სანატორიუმის გასხვისებას გეგმავს, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს უკვე გამოიტანა და საგანგებო პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. ელექტრონული აუქციონი უკვე მიმდინარეობს.
როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, მას რამდენიმე ინვესტორთან საუბარი უკვე ჰქონდა, რომლებიც წყალტუბოს ობიექტების შეძენითა და ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.
„14 საპრივატიზაციო ობიექტი უკვე გამოტანილია ელექტრონულ აუქციონზე. ვფიქრობ, დაინტერესება იქნება ძალიან დიდი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ბიზნესთან, გავაგრძელებთ კომუნიკაციას აუქციონის პერიოდში, რადგან მათ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პოტენციალზე, რომელიც წყალტუბოს გააჩნია. ეს შესწავლები გაკეთებულია კუშმანის მიერ. შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტიზაზეა დაფუძნებული და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეთავაზება. შესაბამისად, ეს არის სანდო ინფორმაცია, რომელსაც, როგორც წესი, ინვესტორები ენდობიან ხოლმე.
წყალტუბო რეალურად უნდა გადავაქციოთ მაღალი კლასის ბალნეოლოგიურ და მრავალფუნქციური დანიშნულების კურორტად. პირადად მე მქონდა საუბარი რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან წყალტუბოს ობიექტების შეძენით და ინვესტიციების განხორციელებით. ვფიქრობ, ჩვენ მოვახდენთ ამ ობიექტების რეალიზებას ისე, რომ უმოკლეს დროში დაიწყოს ინვესტორებთან ერთად უკვე გენგემის კონკრეტიკა, რათა ინვესტორებმა ინვესტიცია ეფექტიანად განახორციელონ.
რა თქმა უნდა, დაცული იყოს სახლემწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ ამავე დროს ინვესტორებისთვის ეს ყველაფერი იყოს მიმზიდველი და საბოლოოდ მივიღოთ ჰარმონიულად განვითარებული, მნიშვნელოვანი კურორტი საქართველოში“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ დავითაშვილმა.
საინტერესოა თითოეული სანატორიუმის ღირებულება, რომელთაც, წესით და რიგით, 4 აგვისოტმდე ახალი მფლობელი უნდა გამოუჩნდეს:
„უშიშროება“ - ლოტი მოიცავს 250768.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N26 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 8.4 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 25.41 მლნ ლარი
„მედეა“ - ლოტი მოიცავს, 76621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ N1-N17 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.82 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;
„მეგობრობა“ - ლოტი მოიცავს, 104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-21 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.23 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;
„თბილისი“ - ლოტი მოიცავს, 28399.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 3.14 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;
„იმერეთი“ - ლოტი მოიცავს, 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 9.37 მლნ ლარი;
„რკინიგზელი“ - ლოტი მოიცავს, 33000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.09 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.27 მლნ ლარი;
„სასტუმრო წყალტუბო“ - ლოტი მოიცავს, 50062.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N11 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.9 მლნ-ია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.96 მლნ ლარი;
„აია“ - ლოტი მოიცავს, 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.8 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.4 მლნ ლარი;
„სანატორიუმი წყალტუბო“ - სანატორიუმი მოიცავს 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება კი, 2.8 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი 7.8 მლნ ლარი.
„ფინალი“ - ლოტი მოიცავს 38224.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.1 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.53 მლნ ლარი;
„სავანე“ - ლოტი მოიცავს, 15091.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულა 2.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.37 მლნ ლარი.
„სამგურალი“ - ლოტი მოიცავს 18681.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 შენობა-ნაგებობებს. ღირებულება, 2.04 მლნ ლარია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.13 მლნ ლარი.
„გელათი“ - ლოტი მოიცავს, 22057.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.96 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 5.9 მლნ ლარი;
„გეოლოგი“ - ლოტი მოიცავს, 18586.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.42 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 4.26 მლნ ლარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით უკვე დამტკიცებულია წყალტუბოს გენერალური გეგმა და კურორტი ამ გეგმის მიხედვით განვითარდება.
„ჩვენი მოლოდინი არის, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია, ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული და მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს და მისი ინფრასტრუქტურა იყოს მაქსიმლურად კეთილმოწყობილი.
გადმოქართველება
მაია ავლოხაშვილი
2017-03-06 22:49:39
პირდაპირ უნდა ითქვას: ჩვენი სიღარიბის მიზეზი არ გახლავთ (მხოლოდ) ცუდი ეკონომიკა. პირიქით. ცუდი ეკონომიკა შედეგია ჩვენივე გაღარიბებული და გადაგვარებული წარმოდგენების, რომელთა ინსტალაცია ძირითადად თბილისელი „ოქროს თაობის“ გოგო-ბიჭებმა წარმატებით მოახერხეს. ეს დამსახურება უდავოდ აქვთ.
იცნობთ ასეთ სუბიექტებს - იმისთვის, რომ საკუთარი მნიშვნელობა, კულტურა, პატრიოტიზმი, პროგრესულობა და ადამიანობა დაამტკიცონ, ევროპელი ან ამერიკელი ჭირდებათ. ჯანდაბას, იყოს აღმოსავლეთ ევროპა... მაინც ევროპაა. ყველაზე კომიკური ის სიტუაციაა, როცა ნაღდი ქართველობა (მაშასადამე - ძირძველი ევროპელობა) უცხოელმა უნდა დაგიდასტუროს. სხვანაირად საეჭვოა. არა, კი გჯერა. გჯერა კი არა, ზუსტად იცი, მაგრამ დოკუმენტია საჭირო, ბეჭედდასმული, რომელიც გაიცემა ქართველზე კულტპატრიოტიზმის საბუთად. არც ევროპელებს , არც ამერიკელებს ჯერჯერობით ჭკუა არ ჰყოფნით საამისოდ, თორემ ქვეყნის ფულს იშოვიდნენ.
სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, გაქანებული ლიბერტარიანელი იყოს ევროპელობის მაძიებელი; პირიქით, შეიძლება ანტილიბერალურ შეხედულებებს იზიარებდეს და ქადაგადაც იყოს დავარდნილი "ამ საშინელი იდეოლოგიის" წინააღმდეგ. მაგრამ იმდენად გამჯდარი ჰქონდეს უბედური ქვეყნისა და ბნელი ქართველის კომპლექსი, რომ საკმარისია, "წარმატებული უცხოელის" მზერა მიიპყროს, და მაშინვე გამოგიწერთ მას რეცეპტად, მასწავლებლად, გურუდ, ბედნიერების ნიმუშად და ფორმულად. ერთი სიტყვით, ისევ იმ საწყალ საბჭოთა „ბოჰემას“ წააწყდებით ამ ნახევარ საუკუნეს მიღწეულ თუ გადაცილებულ, დედამიწას სამჯერ წრედარტყმულ ქართველში, რომელიც ვერაფრით გასცდა პიროვნების კულტს.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ ტრაგედიის ნახევარია. მეორე, უფრო ძლიერ ნაწილს, ევროპელის გადმოქართველება ანუ, სავარაუდოდ, მისსავე ძირძველ ფესვებთან დაბრუნება ჰქვია სცენარში (რამ გაგვყო?!). მართალია, ასეთების სიყვარული ჩვენს მიმართ ძალიან ჰგავს ხოლმე იმ მფარველობას, პატარებისადმი რომ ვიჩენთ: მიუხედავად იმისა, რომ არ ვიღებთ მათ სერიოზულად, მაინც ვყვებით თამაშში, ვაჩვენებთ პატივისცემას მათი უწყინარი ჩვევების მიმართ. ერთი სიტყვით, ვცდილობთ ძალიან უხეშად არ დავუნგრიოთ ბავშვური ილუზორული სამყარო. არადა, რა უნდა იყოს იმაზე უფრო რასისტული, ვიდრე ის, რომ სულ რამდენიმე წელში გადმოქართველებული და ადგილობრივ ადათ-წესებში გარკვეული უცხოელი საყვარლად იწყებს იმის უხერხულ ჩვენებას, რა კარგად აითვისა და გაერკვა აბორიგენების ჩვეულებებში, როგორ შეუყვარდა „ენამამულისარწმუნოება“ და შეუძლია მისი დაცვა. აი, ეს "პატივისცემა" და "მფარველობაა", რომელსაც უფროსები დემონსტრირებენ, როცა თავიანთ პატარებს "უწყობენ ფეხს", იმიტირებენ მათ ჟესტებს და საუბარს.
დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ უხარიათ ქართველებს ასეთი იაფფასიანი სანახაოებები? მერე, დგას ეს უცხოელი და სრული სერიოზულობით ლექციებს გვიკითხავს იმის თაობაზე, მაგალითად, უნდა იდგეს თუ არა აქ სტალინის ძეგლი. რეალურად, ასეთი "მფარველობის" შეცდომა არა იმდენად იმ ფაქტის დემონსტრირებაშია, რომ ისი-ც ერთ-ერთი ჩვენგანია, არამედ უფრო იმაში, რომ გვიჩვენებენ საკუთარი ადათ-წესებიდან როგორ დისტანცირდებიან ჩვენს სასარგებლოდ. სიცრუის მახე სწორედ აქ არის დაგებული.
ერთგან ასეთი საინტერესო ისტორია წავიკითხე: ერთხელ პეტრე ნეგოშთან (ჩერნოგორიის მმართველი მე-19ს.-ში, ცნობილი თავისი ბრძოლებით თურქებთან და ასევე ცნობილი თავისი ეპიკური პოეზიით) სტუმრად მყოფმა ინგლისელმა, რომელიც ადგილობრივ ცერემონიებში ღრმად გაერკვა და მზაობა გამოთქვა მასში მონაწილეობა მიეღო, ნეგოშმა უხეშად მიმართა: "რა საჭიროა თავის ბრიყვად წარმოჩენა? განა ჩვენ (ადგილობრივები) საკმარისნი არ ვართ იმისთვის, რომ ვმონაწილებდეთ ამ სულელურ თამაშებში?"
როცა ქართველებიც მიხვდებიან, იმას, რასაც ნეგოში ორი საუკუნის წინ მიხვდა და იმასაც გაიგებენ, რომ რაზეც აქ არის საუბარი, იმას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, არამედ უბრალოდ უარის თქმაა თავსმოხვეულ პოსტმოდერნისტულ ოპერატიულ ინსტრუმენტალიებზე - ლიბერტარიანულ დასწავლილ "მოთმინებასთან უცხოს მიმართ", უარის თქმაა მიიღო ობიექტი, რომელსაც თავისი სუბსტანცია ამოცლილი აქვს, რომ ეთნიკურად „სხვა“ არ შეიძლება მოგწონდეს ამ „სხვად ყოფნის“ არსისგან დაცლილი და გადაგვარებული, აი მაშინ შეიძლება ასე იოლად აღარ დაგოიმდეს (ძრწოლას რომ გვრით ეს სიტყვა) "ბნელი ქართველი ერის" დაკომპლექსებული „სვეტსკი“ შვილი და ჯერ თვითონ ისწავლოს ამ ქვეყნის (პირველ რიგში - საკუთარი თავის) გაკულტურულება, ანუ დამუშავება.
ისწავლო სხვისგან და არ შექმნა მისგან ფეტიში, განვითარების ნიშანია. ამ ქვეყანაში არაფერი ხდება ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა (ამის შესახებ მარკესის წერილს შემდეგ ბლოგში დავდებ), ამიტომ ყველამ ჯერ იქნებ საკუთარ ბაღს მიხედოს, რასაც, სხვათაშორის, აკეთებს კიდეც ევროპა და დიახ, ეს სწორია, გარდა იმ მეტიჩარა და პირადი ამბიციებისა თუ სარგებლის მოტივაციით აღძრული უცხოელებისა, ვისთვისაც ეს ქვეყანა (და შესაძლოა, საკუთარიც) მხოლოდ საძოვარია. გადაივლიან და წავლენ. ხოლო თუ მაინცდამიანც მე პირადად ჭკუას დავეკითხებოდი ვინმეს, არავითარ შემთხვევაში - ისეთ გაქართველებულ ჰიბრიდებს, რომლებსაც რატომღაც ჰყოფნით სახელგანთქმული ევროპული „თავაზიანობა“ და ისევ ქართველებისგან დაგეშილები, სრულიად დარწმუნებულნი იმაში, რომ თუკი ხევსურულ ქუდს დაიკოსებენ თავზე, „სულიკოს“ იმღერებენ, ღვთისმშობლის წილხვედრზე წიგნს დაწერენ და ქართულ ვაზსა და ხაჭაპურს გაუგებენ გემოს, უკვე შეუძლიათ ქართველი ერის მისიონერებად მოგვევლინონ.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს „ერთმორწმუნე ძმის“ კოშმარულ ზღაპრებს „ხალხთა დიადი მეგობრობის“ შესახებ. ესეც რომ არა, ასეთ „კულტურას“ ქართულად უზრდელობა ჰქვია.