ეკონომისტები და ბანკის ანალიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს. დასახელდა სავარაუდო ნიშნულიც, სადამდე მოახერხებს ეროვნული ვალუტა პოზიციების გაუმჯობესებას. დადებითი ტენდენცია წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება.
ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2%-ით გამყარდა და დღეს კურსი 2.8762-ია. ერთი თვის განმავლობაში ლარი 3.18%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 6.89%-ითაა გამყარებული.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ეროვნული ვალუტის გამყარება უახლოეს თვეებში გაგრძელდება, ამის მიზეზად კი, 3 ფაქტორი სახელდება. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განმარტა, ეს კომპონენტებია: უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი, ლარის კურსი სხვა რეგიონალურ ვალუტებთან მიმართება და ინფლაციის მაჩვენებელი.
„თიბისი კაპიტალის“ ჩარჩო ითვალისწინებს სამ კომპონენტს. პირველი არის ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. ეს კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო ბაზარს რამდენი დოლარი მიეწოდება და როგორია მისი გადინება. ამ კომპონენტით ვფიქრობთ, წმინდა შემოდინებები საკმაოდ ძლიერია, რაც მიანიშნებს, რომ ლარის კურსი გააგრძელებს გამყარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლარის ჭარბი მიწოდება გვაქვს და ეს ფაქტორი წელს კიდევ გვექნება ბაზარზე.
მეორე კი არის ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ძირითადად დოლარს ვაკვირდებით, მზარდია ევროს როლი, რაც სხვადასხვა მიზეზით, ძალიან კარგია, თუმცა, ასევეა რუსული რუბლი, თურქული ლირა და სხვა რეგიონული ვალუტები... ანუ, აქ მნიშვნელოვანია, სად არის ლარი, სხვა რეგიონალურ ვალუტებთან მიმართებით. მეორე კომპონენტის მიხედვით შეფასება დიდწილად არის ნეიტრალური, რაც მიუთითებს არც გამყარებაზე და არც გაუფასურებაზე.
მესამე არის ინფლაცია. ეს არის არგუმენტი, რაც ასევე ლარის მხარდამჭერია, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, გამოვრიცხავთ ასეთ ინფლაციურ გარემოში ლარის დამატებით გაუფასურებას, იმ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ნადარაიამ და დაასახელა სავარაუდო ნიშნული, სადამდეც ეროვნული ვალუტა გამყარდება – ეს არის 2.80-იანი ზღვარი.
სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებენ ეკონომისტები. აკდემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, ახლა გაძვირების საწინააღმდეგო ძირითადი იარაღი არის სწორედ ლარის სიმყარე და სტაბილურობა.
„რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩვენზე მოქმედებს ორი რამ: პირველი - მსოფლიო ბაზარზე თუ ფასები იზრდება, გაიზრდება საქართველოშიც და ამაზე სავალუტო კურსის უცვლელობა გავლენას ვერ მოახდენს; მეორე - ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რა დროსაც ფასები იზრდება მაშინაც, თუნდაც მსოფლიო ბაზარზე ფასები არ იზრდებოდეს. ამიტომ ახლა ჩვენ შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ, რადგანაც გვაქვს მხოლოდ ერთი ფაქტორი - მსოფლიოში ფასების მატება და კიდევ კარგი, ლარი სტაბილურია, თორემ ლარიც რომ უფასურდებოდეს, მაშინ ფასებიც გაცილებით გაიზრდებოდა“, - განაცხადა პაპავამ.
რეგიონში კი სავალუტო ბაზრებზე არაერთგვაროვანი ვითარებაა. მაგალითად, ერთკვირიან ინტერვალში მცირედით, 0.21%-ით, მაგრამ მაინც გამყარდა სომხური დრამიც და 407.52-იან ნიშნულზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე დრამი 15.12%-ითაა გამყარებული.
ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს აზერბაიჯანული მანათი და კვლავ მყარად, 1.70-იან ნიშნულზეა.
ერთი კვირის განმავლობაში გაუფასურდა რუსეთის და თურქეთის ეროვნული ვალუტები. აქედან, რუსული რუბლი - 3.22%-ით, ხოლო თურქული ლირა - 1.05%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე კი რუბლი 2.17%-ით, ლირა კი 25.12%-ითაა გაუფასურებული.