რამდენიმე დღეში საწვავის ბაზრის სრული მონიტორინგის შედეგები გახდება ცნობილი. მანამდე კი საქართველოში ამ მხრივ კვლავ არასტაბილური ვითარებაა. ტოტალური გაძვირების შემდეგ ბენზინი და დიზელი ასე თუ ისე გაიაფდა, მაგრამ ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა და ფასი ისევ მაღლა დაიძრა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, საწვავის ბაზრის მონიტორინგის 6 თვის შედეგებს სააგენტო 20 ივლისს წარმოადგენს. ანგარიშში საწვავის ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორებია შესწავლილი და ასევე, წარმოდგენილი იქნება სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
ამ დროის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე მაღალი ფასია შენარჩუნებული, თუმცა ლარის კურსის გამყარებამ ადგილობრივ კომპანიებს ფასების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.
„სამწუხაროდ, ბაზარზე, ჯერჯერობით, კვლავ მაღალი ფასი ფიქსირდება, თუმცა დადებითი ფაქტორი არის ის, რომ ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარებამ კომპანიებს საშუალება მისცა, არსებული ფასი შეენარჩუნებინათ. ამასთანავე, გაზრდილია წვდომა იაფ წყაროებზე, საიდანაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საწვავი შემოედინება. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის არსებულ ფასს სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარების დაკვირვება და 15 მაისამდე მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენის დაავალა. თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ოთხი თვის ანალიზი წარადგინა.
სანამ 6 თვის შედეგები გახდება ცნობილი, საქართველოში ძლივს ცოტათი გაიაფებულმა საწვავმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება - ბენზინსა და დიზელს.
საწვავის იმპორტიორი კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი საწვავის, განსაკუთრებით კი დიზელის გაძვირების მიზეზად რუსეთიდან იმპორტის გართულებას ასახელებს. ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ შემომტანი კომპანიების დიდი ნაწილი სანქცირებულთა სიაში მოექცა, რის გამოც რუსული იაფი საწვავის ჩანაცვლება სხვა ბაზრებიდან ხდება და ამ შემთხვევაში მათი ფასი რუსულთან შედარებით ტონაზე 200-300 დოლარით მეტია.
„რუსეთი ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ დაბალ ფასად ყიდდა საქონელს, რათა გაყიდვები დაესტიმულირებინა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზეც ფასი იყო შესაბამისი. საერთაშორისო ბაზრებსა და რუსეთის ბაზარს შორის ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა - 1 ტონაზე, დაახლოებით, 200-300 დოლარი, რაც 70-80 თეთრიან სხვაობას იძლეოდა.
ბოლო პერიოდში რუსეთიდან შემოტანილ საქონელზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდა, რადგან სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალი გაიზარდა. საქართველოს საბაჟო ძალიან გულდასმით აკონტროლებს იმას, რომ მთელ ამ ჯაჭვში სადმე არ იყოს ნახსენები რომელიმე სანქცირებული ფირმა და ეს გავლენას ახდენს და ართულებს შემოტანას, შესაბამისად, გაიზარდა ფასიც. იმ გარემოებაში, რაც არის საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ფასის გათვალისწინებით და მეორე მხრივ, იაფასიანი საწვავის შემოსვლა გართულებულია, მოლოდინი იმისა, რომ მოკლე პერიოდში ცვლილება მოხდება, ამის დიდი მოლოდინი არ გვაქვს“, - განუცხადა იაკობიძემ „ბიზნეს მედიას“.
დამაიმედებელ პროგნოზს ვერც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აკეთებს.
„რუსეთის ფედერაციიდან დიზელის შემოტანა უკვე პრობლემაა, აზერბაიჯანიდანაც და ევროპის მიმართულებითაც არის გარკვეული შეფერხებები, რაც მთლიანობაში ფასის ზრდას იწვევს. გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთიდან ბენზინი, განსაკუთრებით კი „რეგულარის“ ტიპის საწვავი, დაბალ ფასად შემოდიოდა და ამან ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტის გაიაფებაც გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვითარება შეიცვალა და უცნობია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ფაქტობრივად, ის მოცემულობაა, როცა პროგნოზის გაკეთების საშუალება არ გვაქვს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.