ვიქტორია ბექჰემმა გაიხსენა, როგორ აიძულეს მშობიარობის შემდეგ გადაცემაში აწონვა

ვიქტორია ბექჰემმა გაიხსენა, როგორ აიძულეს მშობიარობის შემდეგ გადაცემაში აწონვა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიქტორია ბექჰემის 1999 წლის ინტერვიუ გაიხსენეს, რომლის დროსაც ვიქტორია გადაცემა Don’t Forget Your Toothbrush-ში ტელეწამყვან კრის ევანსთან იყო სტუმრად. ის გადაცემაში მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ მიიწვიეს და დამსწრე საზოგადოებისა და გადაცემის მაყურებლების წინ აწონვა აიძულეს.

"რადგანაც შესანიშნავად გამოიყურები, ბევრ გოგოს უნდა, იცოდეს, როგორ დაუბრუნდი მშობიარობის შემდეგ ჩვეულ ფორმას?" — ეკითხება წამყვანი.

ვიქტორია უდასტურებს, რომ ჩვეულ ფორმას მართლაც დაუბრუნდა, რის შემდეგაც წამყვანი სთავაზობს, რომ გადაცემაში აიწონოს და წინ სასწორს უდებს. ვიქტორია შეცბუნებულია და უარობს, შემდეგ კი იხსენებს მომღერალ ჯერი ჰოლიუელს, რომელსაც კვებითი აშლილობის მიუხედავად, წამყვანმა იმავეს გაკეთება აიძულა.

"ეს საშინელებაა", — ამბობს ვიქტორია, შემდეგ კი წამყვანს ემორჩილება და სასწორზე დგება.

გადაცემის მონაკვეთის ინტერნეტში გავრცელების შემდეგ ვიქტორიამ გადაწყვიტა, ამ თემაზე კომენტარი თავადაც გაეკეთებინა. ამის შესახებ მან ავსტრალიურ ვოგთან ინტერვიუში ისაუბრა:

"უამრავი წლის წინ კრის ევანსთან გადაცემაში, სახელად Don’t Forget Your Toothbrush მივედი. ბრუკლინი ცოტა ხნის წინ შემეძინა და წონაში დავიკელი. ეს დედაჩემსაც დაემართა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვებითი აშლილობა მქონდა. მან სასწორზე დამაყენა და აწონვა მაიძულა. წარმოიდგინეთ, ეს რომ დღეს მომხდარიყო", — ამბობს ვიქტორია.

ვიქტორიამ იმაზეც ისაუბრა, რომ წლების განმავლობაში საკუთარ სხეულსა და წონაზე მკაცრ შეფასებებს საჯაროდ ისმენდა, რაც ძალიან უმძიმდა.

"მას შემდეგ, რაც ბრუკლინი მეყოლა, ჟურნალის გარეკანზე ჩემი ფოტო დაიბეჭდა და ჩემს სხეულზე მითითებული იყო ყველა ადგილი, რომელზეც წონა უნდა დამეკლო", — ამბობს ვიქტორია.