სილიკონის ველის ლედი სანდი ლერნერი

სილიკონის ველის ლედი სანდი ლერნერი

სანდი ლერნერი მსოფლიოს ბიზნეს-სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და არაორდინალური ქალი გახლავთ. მან განთქმული გიგანტი კომპანია Cisco Systems დააარსა, შემდეგ მოულოდნელად მიატოვა და ხელი სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვაგვარ ბიზნესს წარმატებით მოკიდა.

 

 სოციალისტი მეჯოგე

 სანდი (სანდრა) ლერნერი დაიბადა ფინიკსში 1955 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, თუმცა, მის ბავშვობაში რევოლუციური არაფერი შეინიშნებოდა. როცა გოგონა 4 წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ და იგი კალიფორნიაში ბიძასთან რანჩოზე გაგზავნეს. ბავშვი მთელ დროს ცხენებთან და წიგნების კითხვაში ატარებდა და ხშირად საყვარელ ფილმს, „ადამსების ოჯახს“ უყურებდა. 9 წლის იყო, როცა ადგილობრივ სკაუტთა ორგანიზაციაში ჩაირიცხა და საქმიანი კარიერაც დაიწყო. კერძოდ, კვიცი იყიდა, გაზარდა, გაყიდა, ორი შეიძინა და ა.შ. როცა უნივერსიტეტში ჩააბარა, უკვე 30 ცხენი ჰყავდა.

 

მოზარდობისას გამომჟღავნდა მისი რევოლუციური ბუნება. სკოლაში სწავლისას უარი თქვა ეროვნული დროშისათვის პატივის მიგებაზე, სოციალისტურ იდეებს მხურვალედ ქადაგებდა, ხოლო 13 წლის ასაკში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. სკოლის დასრულების შემდეგ წელიწადნახევარი ბანკში იმუშავა, შემდეგ კი ორი წელი კალიფორნიის უნივერსიტეტში კომუნიზმის შედარებით თეორიას სწავლობდა.

 

ცოტა ხანში ლერნერი ეკონომიკითა და კომპიუტერული ტექნიკით დაინტერესდა და 1977 წელს სტენფორდში გამოთვლითი მათემატიკის შესასწავლად გადავიდა, სადაც კომპიუტერულ ფანატთა წრეში აღმოჩნდა. სწორედ იქ გაიცნო სანდიმ თავისი მომავალი მეუღლე ლეონარდ ბოსაკი, რომელზეც ცოტა ხანში დაქორწინდა.

 

Cisco- დაბადება

დიპლომების მიღების შემდეგ ცოლ-ქმარი უნივერსიტეტში დარჩა: ბოსაკს გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორია ჩაიბარა, ლერნერმა კი ანალოგიური თანამდებობა ბიზნესის უმაღლეს სკოლაში მიიღო. 1984 წელს ბოსაკმა ახალი, უნიკალური პროგრამა შექმნა, რომლის მეშვეობითაც მარშრუტიზაცია ძალზე იოლად და სწრაფად ხორციელდებოდა. მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მისი გამოგონება არაფრად ჩააგდო, ბევრს როდი მოეწონა, რომ ბოსაკის პროგრამა ჰეტეროგენულ მონაცემებს ძალზე იაფად ამუშავებდა.

 

ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა გამოგონება Hewlett-Packard-ს, Xerox-ს და სხვა კომპანიებს შესთავაზეს, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მათ ამგვარი საქმიანობა აუკრძალა. ამან ისინი ძლიერ განარისხა და უნივერსიტეტიდან წასვლა და საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს. ლეონარდმა და სანდიმ თავიანთი პროგრამა წაიღეს, სახლი დააგირავეს და ახალი კომპანია San Francisco Systems შექმნეს. ცოტა ხანში კი ეს დასახელება შეამოკლეს და Cisco Systems დატოვეს.

 

საქმე თავდაპირველად არცთუ ისე კარგად წავიდა. ფული რომ შემოელიათ, ცოლ-ქმარმა კომპანიის ოფისი საკუთარ სახლში გადაიტანა, სანდიმ კი კომპანია Schlumberger-ში სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობა დაიწყო. ცუმცა, ცხადია, მთელ თავისუფალ დროს Cisco-ს ახმარდა.

 

1986 წლის დასაწყისში კომპანიამ პირველი პროგრამა - მარშრუტიზატორი გაყიდა. ალბათ Cisco აქამდე ვერ მოატანდა, რომ არა უნივერსიტეტელი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ფირმაში მუშაობდნენ და ცდილობდნენ ლეოსა და სანდისათვის შეკვეთები მოეპოვებინათ.

 

 აღმასვლა და განხეთქილება

კომპანია ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, თავად ინტერნეტი კი Cisco-ს პროდუქციის წყალობით ვითარდებოდა. დაიწყო მსხვილი კორპორაციების ქსელების განაწილების პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება, რაც დღეს ფირმის შემოსავლის მთავარი წყარო გახლავთ. თანდათანობით კომპანიის გაფართოვების საკითხი დადგა, რისი საშუალებაც ლერნერს არ ჰქონდა. ამიტომაც მან ინვესტორის მოძებნა გადაწყვიტა. კარგა ხნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ცოლ-ქმარს ფული დონ ვალენტინემ მისცა, რომელსაც იქამდე Apple-სა და Oracle-ში ჰქონდა კაპიტალდაბანდება განხორციელებული.

 

ვალენტინემ Cisco-ში 2,5 მილიონი საწესდებო კაპიტალის მესამედის (დღეს უკვე მისი წილი 7 მილიარდ დოლარზე მეტია) და მმართველის დანიშვნის უფლების სანაცვლოდ ჩადო. განსაკუთრებით საწყენი ის იყო, რომ ეს ფული ეგრეც არ დასჭირდათ, დამაარსებლებმა თავიანთი კომპანიის პოტენციალი ვერ შეაფასეს - 1989 წელს მისმა მოგებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია.

 

მალე დამაარსებლებსა და მმართველებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ორივე მხარე მხოლოდ იმაში თანხმდებოდა, რომ აუცილებელი იყო კომპანიის აქციონირება, რომელიც 1990 წელს განხორციელდა და დიდძალი შემოსავალი მოიტანა. ლერნერის გარდა ყველა კმაყოფილი იყო. მართალია, იგი გვარიანად გამდიდრდა, მაგრამ Cisco-ში, რომელიც პირვანდელ სახეს კარგავდა, მისი როლი თანდათანობით მცირდებოდა. იგი ხშირად თავს ვერ აკონტროლებდა და სკანდალებს აწყობდა.

 

მალე მოსახდენი მოხდა და ლერნერი კომპანიიდან წავიდა. ვალენტინე ბოსაკის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ მან Cisco ცოლთან ერთად დატოვა. სანდის ყოფილ პარტნიორებთან არანაირი კავშირის შენარჩუნება არ სურდა და მისი მოთხოვნით ცოლ-ქმარმა Cisco-ს აქციები გაყიდა, რითაც მომავალ მილიარდებზე უარი თქვა.

 

ცხოვრება Cisco- შემდეგ

აქციების გაყიდვიდან მიღებული 170 მილიონით ლეომ და სანდიმ კომპიუტერული ფირმა XKL დააარსეს, რომელიც Cisco-ს მუშაობის პირველი წლების შედეგებს დღემდე ვერ მიუახლოვდა. შესაძლოა, ამის მიზეზი მათი განქორწინებაც იყო, რასაც ლერნერის ფირმიდან წასვლა მოჰყვა. უფრო მეტიც, სენდიმ კომპიუტერებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, მოულოდნელად ლიტერატურაზე გადაერთო და 1992 წელს ინგლისში განთქმული რომანისტის ჯეინ ოსტინის სახლი იყიდა და ადრინდელი ინგლისური ქალური პროზის შემსწავლელი ცენტრი დააარსა.

 

თავად სანდი ვირჯინიაში დასახლდა, სადაც თავისი საყვარელი ადამსების ოჯახის მსგავსი სახლი შეიძინა. იქ მას 24 ცხენი, 60 ძროხა, 30 ქათამი და 6 კატა ჰყავს და მათ გულმოდგინედ უვლის. საერთოდ, სანდის ცხოველები ძალიან უყვარს. მან ლაბორატორიული ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის ფონდი დაარსა და მასში დიდძალ ფულს დებს.

 

გარდა ამისა ლერნერმა ჯერ ქალის კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Urban Decay დააარსა, შემდეგ კი მისი ხმისჩამწერი ქვეგანყოფილება. მისი საქმე თანდათანობით სულ უფრო უკეთ წავიდა და მისი პირადი კაპიტალი გვარიანად გაიზარდა, ეგ არის, სანდის ინტერნეტი და კომპიუტერი კვლავინდებურად სძულს და იშვიათად სარგებლობს.