ცოტა ხნის წინ ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი რუსმა თვითმარქვიებმა გააცურეს და ზუმში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით გაესაუბრნენ.
რუსი კომიკოსები ვოვანი (ვლადიმირ კუზნეცოვი) და ლექსუსი (ალექსეი სტოლიაროვი) ცნობილ ადამიანებს ხშირად ურეკავენ და თავს სხვა ადამიანებად ასაღებენ. მათი სამიზნეები ხშირად ის ვარსკვლავები ხდებიან, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათ ისეთი ცნობილი ადამიანები მოუტყუებიათ, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, კამალა ჰარისი, პრინცი ჰარი, ბილი აილიში და ა.შ.
ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც "ვოლოდიმი ზელენსკი" ჯოან როულინგს ესაუბრება. თვითმარქვიები ვიდეოში როულინგს ეუბნებიან, რომ ჰარი პოტერის იარა რუსეთის ჯარის სიმბოლო Z-ს ჰგავს და მის შეცვლას სთხოვენ. ასევე ეკითხებიან, იყო თუ არა დაბლდორი გეი და ვისთან ჰქონდა მას ურთიერთობა, შემდეგ კი ამატებენ: "იმედია, ტრანსგენდერთან არა".
მწერლის წარმომადგენლებმა მომხდარს "უგემოვნობა" უწოდა: "ჯოან როულინგს უკრაინაში განხორციელებული ქველმოქმედების თაობაზე დაუკავშირდნენ, რომლის ფარგლებშიც ის რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს ეხმარება. ვიდეო, რომელიც გავრცელდა, რედაქტირებულია და საუბარი დამახინჯებულია".
როგორც ჩანს, როულინგს ყალბი ზელენსკი ზუმში კამერის გარეშე ესაუბრებოდა, თუმცა ერთ მომენტში თვითმარქვიებმა კამერა ჩართეს და მწერალს "უკრაინული ფენიქსის ორდენი" წარუდგინეს — სამი ადამიანი, რომელთაც მაისურებზე რუსულად "მხოლოდ პუტინი" ეწერათ.
თვითმარქვიებმა როულინგს უთხრეს, რომ ბომბებზე "ავადა კედავრას" (სასიკვდილო წყევლა ჰარი პოტერიდან) წერდნენ. მათი თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს ჰარი პოტერს უკითხავდნენ, თუმცა "ნახევარსისხლებზე" არ უყვებოდნენ, რადგან "ისინი ნაციონალისტები არიან და ასეთი ადამიანები არ მოსწონთ".
"მინდა, გადავამოწმო, სად გზავნით ლუმოსის [როულინგის საქველმოქმედო ორგანიზაციის] მიერ შეგროვებულ ფულს. ჩვენ გვინდა, იარაღი და რაკეტები შევიძინოთ, რათა რუსული ჯარი გავანადგუროთ და იმედია, მხარს გვიჭერთ", — უთხრა თვითმარქვიამ როულინგს.
"ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ, თუმცა ნამდვილად მინდა, რომ უკრაინას საჭირო იარაღი ჰქონდეს", — უპასუხა როულინგმა.
შეგახსენებთ, რომ ჯოან როულინგის ორგანიზაცია "ლუმოსი" უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს აქტიურად ეხმარება.