კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
როგორც გაირკვა, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უახლოეს დღეებში მოულოდნელი და განსაკუთრებული სიურპრიზი თუ არ მოხდა, ქეცბაიასთან კონტრაქტი გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, თემურს უკეთესი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება.
4 ივლისს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაა დაგეგმილი და სავარაუდოდ, სწორედ ამ სხდომაზე გაათავისუფლებენ ბერძენ ნიკოს კოსტენოღლუს, ხოლო მას ქეცბაია შეცვლის.
კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის ჩ დივიზიონი წარუმატებლად დაიწყო და 4 მატჩში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. 54 წლის ქეცბაია სანაკრებო დონეზე მეორედ იმუშავებს, მანამდე ის 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, თემურს „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, ნიქოზიის „აპოელსა“ და „ორენბურგში“ უმუშავია. ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ ერთად ორ-ორჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.