ემირი და ქვები

ემირი და ქვები

ცნობილი რეჟისორი ემირ კუსტურიცა მომავალი ფილმის დეკორაციისთვის ბოსნიაში ქვის ქალაქს ააშენებს. სერბი რეჟისორი ნობელის პრემიის ლაურეატის, იუგოსლავიელი მწერლის ივო ანდრიჩის რომანის - "ხიდი დრინზე" მიხედვით, ფილმის გადაღებას აპირებს, რისთვისაც მასშტაბური დეკორაციების აგება იგეგმება.

ე.წ. ქვის ქალაქი ბოსნიის პატარა ქალაქ ვიშეგრადში აშენდება და მასში რომანის მოქმედება განვითარდება. ქალაქი დაახლოებით დუბროვნიკისა და ტრებინის მსგავსი იქნება და, გარკვეულწილად, სტამბულსაც მოგვაგონებს. პარალელური ქუჩებითა და ხის დეტალებით კი აღმოსავლეთის სული შეიგრძნობა. ქვის ქალაქში რენესანსის ეპოქის სტილის 50 ქვის სახლი აშენდება.

კუსტურიცას თქმით, სერბეთის პრეზიდენტმა მას დახმარება აღუთქვა, რადგან ფილმის გადაღებას სოლიდური თანხები ესაჭიროება.
"სახელმწიფოს ჩარევა ამ საქმეში მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა_სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი ელემენტია," – აღნიშნა კუსტურიცამ.

მშენებლობა 2011 წლის ზაფხულში დაიწყება და 2014 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ფილმის გადაღება დაიწყება.

შეგახსენებთ, ბოსნიელი წარმომავლობის სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა სარაევოში დაიბადა. მისი კინოქმნილებები ევროპის ცნობილ კინოფესტივალებზე ჯილდოებით აღინიშნა. ამასთან, კანის კინოფესტივალზე ორი ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.