თემურ ქეცბაია შესაძლოა კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ქართველი სპეციალისტის გვარმა ადგილობრივ მედიაში გაიჟღერა.
კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ცუდად დაიწყო და ოთხ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა, რის შედეგადაც, მთავარი მწვრთნელის ცვლილება დღის წესრიგში დადგა.
კვიპროსულ მედიაში ქეცბაიას მოკლე კომენტარიც გამოქვეყნდა კვიპროსის ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზე: „ახლა დავისვენებ და შემდეგ განვიხილოთ“. თემურმა ზუსტად ერთი კვირის წინ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რომელსაც 2019 წლიდან ავარჯიშებდა. ქართველ სპეციალისტს საკლუბო დონეზე ასევე უმუშავია ათენის აეკ-სა და ნიქოზიის „აპოელში“. მას სანაკრებო გამოცდილებაც აქვს, 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა.
„ანორთოსისში“ კი, სადაც გიორგი ლორია თამაშობს, ქეცბაიას შემცვლელი უკვე დანიშნეს. ფამაგუსტელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა სლოვენიელმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა, რომელიც ბოლოს „პაფოსში“ მუშაობდა, მანამდე კი ბრატისლავის „სლოვანში“, „ლიდსში“, გრაცის „შტურმსა“ და „მარიბორში“ უმუშავია.