ქართველი სამხედროები დღეს საქართველოში ჩამოასვენეს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამავე ბორტს, გარდაცვლილ გმირებთან ერთად ჩამოყვა.
IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ, ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. მათ ადგილზე საპატიო ყარაული და შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი დახვდა, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.
„მე მინდა განსაკუთრებულად მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, მთავარი ამოცანაა, რომ მათ მოვუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად ჩვენი მომავლისთვის გადადეს თავი, საქართველო ამას დააფასებს. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო გამოთხოვება ჩვენს გმირებთან და მე ვთხოვ ყველას, ჩვენი გმირებისადმი პატივის მიგებით კიდევ ერთხელ გამოხატონ დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჭირდება ჩვენს მებრძოლებს, ვაჟკაცებს ავღანეთში“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.