ქართული ფეხბურთი და მაოხრებელი მკვდარი

ქართული ფეხბურთი და მაოხრებელი მკვდარი

2012 წელს, როდესაც საქართველოს 17-წლიანების საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, მიხეილ სააკაშვილმა ტყუილების გუდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაახეთქა - ვასილ მაისურაძის გუნდის წარმატების მიზეზი, არა მწვრთნელი, ჩვენი ბავშვების ნიჭიერება და კარგი მომზადება, არამედ თავად მიშა ყოფილა.

“ჩვენ ავაშენეთ 1000-მდე მინი-მოედანი, სადაც გაიზარდნენ ეს ბიჭები, ქართული ფეხბურთის იმედები. ამით მიაღწიეს წარმატებას და კიდევ უფრო მეტს მაიღწევენ მომავალი თაობები“, - დაგვმოძღვრა პრეზიდენტმა.

მაშინ ქართველ გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს კიდევ ერთხელ გაეცინათ. მიშა ისევ თავისას ერეკებოდა, არავის უსმენდა და სხვისი აზრი არ აინტერესებდა. ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი ფეხბურთშიც დილეტანტი იყო. ეს მისი ლაპარაკიდან და ქმედებებიდან ჩანდა. მინი-მოედნის გახსნისას მიშას დარტყმა ჩაიწერება ანტისახელმძღვანელოში “როგორ არ უნდა დავარტყათ პენალტი”.

მაგრამ ეს არაფერია, უბედურება ის პენალტია, რომელიც მან ფეხბურთსაც დაურტყა.

დიდი რვიანის ამბოხი

საბედნიეროდ, სააკაშვილის და სიცრუის ეპოქა, ნელ-ნელა, დასასრულს უახლოვდება. თუმცა, მაოხრებელი მკვდარის “მოღვაწეობა” დღემდე მოსვენებას არ გვაძლევს. ბოლო დღეებში, ქართულ ფეხბურთში დატრიალებული მოვლენები სწორედ სააკაშვილის უაზრო და სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგია. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ყველა კლუბი თანაბრად დააფინანსონ.

კლუბები თავს დაჩაგრულად გრძნობენ – კერძოებიც და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფნიც. მათი უკმაყოფილების მიზეზებზე ღიად მაისში “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ილაპარაკა.

„ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდ პრობლემა მუნიციპალური და კერძო გუნდებს შორის სამართლიანობის ზღვარის დაცვაა. სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ფეხბურთში ფულს ვდებ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, მერე კი ეს ფული ჩემი კონკურენტების გაძლიერებას რატომ ხმარდება? გორის “დილას” პრობლემები რომ შეექმნა, მოსალოდნელი იყო. ასეთი ერთჯერადი პროექტები არასწორია. იყოს სახელმწიფო გუნდები, მაგრამ უსამართლობაა, ერთს 9 მილიონი მისცე, სხვებს - მილიონი, კერძოებს კი - არაფერი. საუკეთესო გზაა, ყველა გუნდს კერძო ინვესტორი მოუძებნონ და ქართულ ფეხბურთში გუბერნატორების ჩემპიონატების ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ან სახელმწიფომ ყველა თანაბრად დაგვაფინანსოს და პრიორიტეტული გუნდები აღარ ჰყავდეს, - განაცხადა “ზესტაფონის” პრეზიდენტმა.

ჩვენ არა ვართ გერები!

რაღა ბოთლიდან ჯინის გამოსვლა და რაღა კოკაიას მოთხოვნა - უმაღლესი ლიგის კერძო და სახელმწიფო კლუბებმა ზესტაფონელთა მეპატრონის პოზიცია გაიზიარეს. მერე, თითქოს, სახელმწიფომ კლუბებთან თანამშრომლობა დაიწყო და პრინციპი - “ყველას თანაბრად” – გაიზიარა. მაგრამ კლუბებში უკმაყოფილების ახალმა ტალღამ იფეთქა, როდესაც ვალებში ჩაფლულ გორის “დილას” სახელმწიფო კვლავ დაეხმარა – ამჯერად, 2 მილიონი ლარით.

კლუბებმაც მოითხოვეს – სახელმწიფო ჩვენც იგივე თანხას დაგვირიცხავს, ან თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", რუსთავის "მეტალურგი", ბოლნისის "სიონი", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატზე უარს ვიტყვითო. საინტერესოა, რომ მათ შორის აღმოჩნდა ორი მუნიციპალურო კლუბი - ბოლნისის "სიონი" და "ზუგდიდი".

კლუბების მოთხოვნის შესრულებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კატეგორიული უარი განაცხადა: "არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ კლუბებს ბიუჯეტიდან წელსვე დავაფინანსებთ. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს".

კრიზისის სათავე

ახლა ეს გამოუვალი მდგომარეობაც, დიდწილად, სააკაშვილის ახირებების შედეგია. წლების განმავლობაში, ქართულ ფეხბურთში აკუმულირებულ პრობლემებს მას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მისი ხელდასხმით ისეთი პროცესების წარიმართვა, რამაც ძირმომპალი სისტემა საბოლოოდ მიწასთან გაასწორა.

სწორედ ეს ჩვენი “პროდასავლელი” პრეზიდენტი აბარებდა კერძო ბიზნესმენებს ფეხბურთის კლუბების პატრონობას, რისი მაგალითიც ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კომპანია “ვისოლი” გახლავთ. ძმებ ფხაკაძეებს ფეხბურთისკენ გახედვა არ სურდათ, მაგრამ პარტიამ ქუთაისის “ტორპედოს” აღორძინება უბრძანა და სად გაექცეოდნენ?

პარტიამ და ვანო მერაბიშვილმა უბრძანეს გორელებს, შსს-სა და დაცვის პოლიციას “დილას” აღორძინება და ამ პროექტში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

იმავე ვანო მერაბიშვილმა დააქცია “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც აიძულა, ახალციხეში დანგრეული შენობა 5 მილიონ ლარად ეყიდა და რაბათის ციხე-სიმაგრის მშენებლობაში “ნებაყოფილობითი” მონაწილეობა მიეღო.

“ვიტ ჯორჯიას” პრეზიდენტი, ამავე სახელწოდების ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელი გურამ რუხაძე წლიდან წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” ისეთივე “ნებაყოფილობითი” შემწირველი იყოს, როგორც ბევრი სხვა.

საააკაშვილმა და “თავისუფლების ინსტიტუტმა” გადააყენეს 2007 წლის 13 მაისს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე და ამ პოსტზე ნოდარ ახალკაცი დანიშნეს, შემდეგ კი ისიც გადააყენეს – სააკაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას “ბაიას” ბაზა რომ ნახა, მისი ამშენებელით დაინტერესდა და ასე “გამოცხვა” ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

მაგრამ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს. სიჭინავას პრეზიდენტობა უანგაროდ არ დაუთმეს, ზუგდიდის “ბაიას” საფეხბურთო სკოლა და ბაზა წაართვეს. არადა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე არასოდეს ოცნებობდა.

სააკაშვილი გაკეთებულზე ლაპარაკობდა და შეგნებულად ივიწყებდა ბათუმში დანგრეულ და აუშენებელ სტადიონს, თბილისში ჩამკვდარ საფეხბურთო სკოლებს - ძველ და ახალ 35-ე სკოლებს, “ოლიმპს”, რაგბზე გადაცემულ “ლოკომოტივის” ბაზას, “სინათლის” სტადიონს, ვარკეთილის მეურნეობას.

სილაგაწნული სააკაშვილი

ქვემოთ მოთხრობილი კარგად მეტყველებს, სააკაშვილი ფეხბურთზე როგორც ზრუნავდა. თბილისის “ლოკომოტივის” საგურამოს ბაზის მშენებლობისას მომხდარი ამბავი სულაც ლეგენდად იქცა. ეს ობიექტი სულ სამჯერ გახსნეს: პირველად ფეხბურთის ფედერაციამ, შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, მესამედ – ყოვლისმცოდნემ მიხეილმა.

2007 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას 2:0 მოუგო. სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე სალაპარაკოდ სასურველი დრო დაუდგა და იქ ამბები გაიხსენა, ოჰო-ჰო-ჰო! თურმე, საქართველოს ნაკრებმა 1979 წლის თბილისის “დინამოს” გაახსენა, ჩემპიონთა თასის მფლობელ “ლივერპულს” 3:0 რომ სძლია და რომ უდიდესი აღმავლობა იწყებოდა...

თუმცა, “ლოკომოტივის” ბაზის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა, ქართული ფეხბურთის აღმავლობას კი ჯერ პირი არ უჩანს. ასეთ ტყუილში აცხოვრობდა საქართველოს და მხოლოდ პატარა ფეხბურთელებმა არ დაუგდეს ყური.

გემახსოვრებათ, სააკაშვილი შარშან სლოვენიაში 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს დაესწრო. ის თამაშამდე გასახდელში ჩავიდა, მაგრამ ბიჭები სამზადისში იყვნენ და ზედ არ შეხედეს. მიშა გაბრაზდა – პრეზიდენტი რომ მოდის, ფეხზე არ უნდა წამოდგეთო? მაგრამ მისი ყბედობის მოსმენა არავინ ისურვა, მოედნისკენ გაემართნენ და სახტად დატოვეს.

წაქცეულები

მიშას დაძალებების პერიოდმა გადაიარა. ახალი მმართველები მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ და წნეხმოხსნილმა საფეხბურთო სამყარომ რეალური სახე გამოაჩინა:

“ვისოლს” “ტორპედოს” დაფინანსება აღარ სურს, მაგრამ ქუთაისიდან ასე იოლად ვერ მიდის და გაახალგაზრდავების სახელით, ზედმეტ ხარჯს ირიდებს.

“ზესტაფონი” კოკაიამ მუნიციპალიტეტს გადააბარა, მაგრამ სახელმწიფოს შეხიდებას ელის – დაწიოკებულ ბიზნესმენს სულის მოთქმა სჭირდება;

არაა გამორიცხული, მალე “ვიტ ჯორჯია” უპატრონოდ დარჩეს – გურამ რუხაძე გუნდის საჭიროებისთვსი გადანახულ ფინანსებს ნაცებს რომ ურიცხავდა, კლუბისთვის სათანადოდ ვეღარ იცლიდა და ბიზნესის ფეხზე დაყენება უფრო ადარდებს.

გაუაზრებელი ერთწლიანი ახირების შედეგია გორის “დილას” ვარსკვლავური შემადგენლობის დაშლა. ერთჯერადი სახელმწიფო დახმარების მიუხედავად, მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია. ჯერ გუნდს მყარი საფუძველი არ გააჩნია.

ზუგდიდის გუნდი, საფეხბურთო სკოლა და ბაზა გავერანების პირას არის, ფეხბურთის ფედერაციაში ძალით დანიშნული ზვიად სიჭინავა სანამ ფეხბურთში გაერკვევა, მანამდე პოსტიდან გადაირჩევენ.

ქართულ ფეხბურთში კომერციალიზაციის ყველანაირი მისწრაფება ჩაკლეს, გუნდები სახელმწიფოზე დამოკიდებული გახადეს, ამგვარად სააკაშვილი ამ სფეროსაც ყურებით იჭერდა და საჭიროების შემთხვევაში, ბაზას ხუთჯერაც გახსნიდა; ახლა კლუბებსი უმრავლესობას დამოუკიდებლად არსებობა ვერც წარმოუდგენიათ და არც ესმით, რომ ბიუჯეტი ვალდებული არ არის, გუნდებს 2 მილიონით დაეხმაროს;

საქართველოში, სადაც ორიოდე სტადიონი და ბაზა იყო, ამდენი ობიექტის გასხვისება ფეხბურთს ძალიან დაეტყო...

ამასობაში, ისედაც ბეჰემოტის უკანალში (როგორც შოტლანდიელმა ჟურნალისტმა გვიწოდა) მყოფი ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის და ვერა ძალა ვერ აჩერებს.

17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წარმატებები ქართული ნიჭის გამოვლენა იყო და არა სისტემის წარმატება, რასაც მამა-მარჩენალი იბრალებდა. ასეთი ამოფრქვევები ადრეც ყოფილა იყო და მის აყვავებაზე ლაპარაკი მორიგი ტყუილია. ფიფას რეიტინგში 96-ე ადგილი რეალობას ლაკმუსის ქაღალდივით აშიშვლებს, მიშა ამ სფეროსაც დაუნდობლად ანგრევდა.

 

მაოხრებელი მკვდარის ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმი ამოქმედდა ეკონომიკაშიც, ხელოვნებაშიც, მედიაშიც, ახლა ფეხბურთის ჯერი დადგა – ხელოვნურად აწყობილი უსისტემობის სისტემას ყოველთვის ეს ბედი ელის, ის საპნის ბუშტივით გასკდება.

თუკი ჩვენ სხვა საქართველოს შენება გვინდა, სახელმწიფოს თავად არ უნდა ჰქონდეს ინტერესი, მეწველი ძროხის როლში იყოს და ფეხბურთში ხელები აფათუროს. აოხრებულს ასე დავალაგებთ, დანგრეულსაც ამგვარად ავაშენებთ.