შორეული 1936 წლის იანვარში, ქალაქ მოსკოვში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდები გაემგზავრნენ და ხელოვნების დეკადაში მონაწილეობა მიიღეს.
იმ დროს ჩვენი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელი ხდება, რომ ქართველებმა რუსების ხანგრძლივ „ზედამხედველობას“ გაუძლეს, ეროვნული საგანძური შეინარჩუნეს, „ერთიან დიად ოჯახში“ არ აითქვიფნენ და ქართული კულტურული ფასეულობები შეგვინარჩუნეს. ეს იოლი საქმე არ გახლდათ.
დღევანდელ წერილში ბატონი ნოკო ხურციას მოგონებები მსურს რომ წარმოგიდგინოთ. ბატონი ნოკო ცნობილი ქართველი მომღერალი და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი გახლდათ. ბედის ირონიით მოღვაწეობა სტალინური ეპოქის „მრისხანე“ წლებში მოუწია. ალბათ ბატონი ნოკოსი და მისი კოლეგების დიდი დამსახურებაა რომ ქართულმა ეროვნულმა კულტურამ იმ მართლაც შავ წლებში თავისი ტრადიციები და თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ეს იოლი საქმე არ გახლდათ. ნოკო ხურცია ეროვნულ საქმეს აკეთებდა და სრულიად საქართველო „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ საერთო მასობრივ კულტურაში რომ არ გათქვეფილიყო დიდი როლი შეასრულა.
წერილის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ 1936 წელს, მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა გაიმართა, რომელმაც განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა. თანამედროვე გადასახედიდან ეს იგივეა, ჩვენმა წარმომადგენელმა „ევროვიზიის“ კონკურსში რომ იმარჯვოს ან ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვოს.
ალბათ მკითხველი არ მიწყენს თუ დღეს თქვენს სამსჯავროზე ნოკო ხურციას მოგონებებს გამოვიტან. ეს მასალა დღემდე არსად გამოქვეყნებულა. მისი მოწოდებისთვის ბატონი ნოკოს ქალიშვილებს, მაია და დალი ხურციებს დიდ მადლობას მოვახსენებ. (ბატონი ნოკოს სტილი სრულად დაცულია)
მთავრობის უშუალო მონაწილეობით და ყოველდღიური დახმარებით მომზადდა და გაემგზავრა იანვრის პირველ რიცხვებში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ მომღერალთა გუნდები საბჭოთა კავშირის ცენტრში ქალაქ მოსკოვში, ხელოვნების დეკადის ჩასატარებლად. მიზანი დეკადის იყო მეტად დიდი. პირველ ყოვლისა მას უნდა ეჩვენებინა კავშირის საუკეთესო ადამიანებისთვის ის განძი და ხალხური ფოლკლორი, რომელიც საუკუნეებით იქმნებოდა და ინახებოდა ქართველ ხალხში.
ჩვენს დეკადას მოსკოვში უნდა დაემტკიცებია ჩვენი ერის ისტორიული სიდიადე და მისი ბრძოლის უნარიანობა. მთელ რიგ საუკუნეების მანძილზე და ყველაზე მთავარი, მას უნდა დაემტკიცებინა რომ დიად სტალინს ღირსეული დიდი შემოქმედების მქონე სამშობლო აქვს, რომ ასეთი ადამიანები იშობიან მხოლოდ ისეთი ძველი კულტურის მატარებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ხელით დაიწერა დიდი ისტორია დიდი ბრძოლების დიდი სტალინის გარშემო. იმავე ამხ. ბერიამ მოსკოვის დიდ ადამიანების მახსოვრობაში ოქროს ასოებით ჩაბეჭდა ქართველი ერის დიადი ხელოვნება და მისი როგორც ახალი ისე ძველი საუნჯე, ძველი კულტურის სიდიადე, ოპერის, ბალეტის და სიმღერა-ცეკვების სახით. ეს დეკადა იგივე ისტორიის გადაფურცვლაა, იგივე ახალ სხივზე გამომზეურებაა, რომლის საშუალება საქართველოს მიეცა ლენინ-სტალინის სწორი პოლიტიკის შედეგად, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდების პირველი გამოსვლა მოხდა მოსკოვის დიდ თეატრში, 8 იანვარს. ჩვენ, მონაწილენი ფარდის ახდას დიდი გულის ფანცქალით და მოუთმენლად ველოდით, ვიჩქაროდით, ვნერვიულობდით, რომ რაც შეიძლება მალე გვენახა მთავრობის ლოჟა, სადაც ვიცოდით, მარჯვენა ლოჟაში იჯდა მთელი მსოფლიოს ბელადი დიდი სტალინი, რომელიც ჩვენ არასდროს არ გვენახა.
ფარდის ახდის წინ ყველას მარჯვნივ უჭირავს თავი, თითქოს სამხედრო უფროსს ებრძანებიოს - „თავები მარჯვნივ“. ჩვენ გვეჩხუბება ჩვენი ხელმძღვანელი, იყურეთ პირდაპირო. მართალია ცოტა ხნით გავსწორდით, მაგრამ აიხადა თუ არა ფარდა, ისევ ყველას მარჯვნივ ეჭირა თავი და მთელის სიხარბით უცქერდნენ თანამებრძოლებს შორის ჩამჯდარ დიდ სტალინს. მე პირადად ძალიან ვნერვიულობდი, სანამ ფარდა აიხდებოდა, რადგან ხალხურ საკრავებზე სტვირი, ქნარი, ჩანგი და ჩონგურების გაერთიანებული აკომპანიმენტის თანხლებით უნდა მემღერა.
ფარდა აიხადა, შიში აღტაცებად შეიცვალა და მე არაჩვეულებრივი გრძნობით რაც შემეძლო ტკბილად და მონდომებით დავიწყე სიმღერა. ჩემს მარტო სიმღერას მოყვა მთელი გუნდის გრიალი. ამხ. სტალინს ეტყობოდა დიდი აღტაცება. ჩვენ შევასრულეთ მთელი რიგი დამახასიათებელი სიმღერები, მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო „სულიკო“ და „სიმღერა სტალინზე“. („სულიკო“ ამხ. სტალინის საყვარელი სიმღერა ყოფილა მისი პატიმრად ყოფნის დროს). მთელი დარბაზი ფეხზე დგომით და მქუხარე „ურას“ ძახილით შეეგება „ჩვენს სტალინს“.
ღამის პროგრამაში ჩვენ არ გვქონდა მეგრული „ჩელა“. ის შეცვლილი იყო მეორე თანამედროვე სიმღერით „მეურემე“-თი, მაგრამ ეს ამხ. სტალინმა შეამჩნია და ითხოვა პროგრამის ზევით შეგვესრულებინა „ჩელა“. „ჩელას“ მთელი მაყურებელი დიდი აღტაცებით შეხვდა. ჩვენმა ცეკვებმა უჩვენეს ხალხური ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები: „აფხაზური“, „სვანური“, „ცერული“, „ლეკური“, „მთიულური“ და „ფერხულები“. საღამო არაჩვეულებრივი აწეული ტემპით დამთავრდა. დამთავრების შემდეგ მთელმა დამსწრე საზოგადოებამ და სცენიდან გუნდმა დიდი ოვაცია გაუმართა ამხ. სტალინს, ორჯონიკიძეს, მოლოტოვს, ვოროშილოვს, კალინინს, მიქოიანს, ბერიას და სხვებს.
14 იანვარი.
საკავშირო მთავრობამ მიგვიღო კრემლში მთელი ოპერის თეატრი და მომღერალთა გუნდი, სადაც გამართულ იქნა ბანკეტი. ბანკეტი სიტყვით გახსნა საკავშირო ხელოვნების უფროსმა ამხ. კრეჟენცევმა, რომელმაც აღნიშნა ქართული დეკადის დიდი მრავალფეროვნება, მისი იდეური სიმძლავრე და არაჩვეულებრივი სიმდიდრე, რომლის ბადალი ჯერ მოსკოვში არავის უნახავს. საპასუხო სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე თათარაშვილი, შემდეგ გვარამაძე.
ბელადმა არაჩვეულებრივად მოილხინა. ის ალავერდს გადადიოდა ამხანაგებთან. მისი ასეთი მოქცევით ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენს პატივსაცემად ესტრადაზე გამოვიდა იაბლოჩკინა, რეიზენი, მიხაილოვი, აგრეთვე ჩვენი სოლისტები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორდენოსან ალექსანდროვის წითელი არმიის გუნდმა. ალექსანდროვის გამოსვლის შემდეგ მეორეჯერ მათმა წევრებმა მოითხოვეს დასავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდის გამოსვლა, თითქოს აშკარა შეჯიბრება იყო ალექსანდროვთან. ჩვენც ესტრადაზე არაჩვეულებრივი ცეცხლი დავანთეთ. ჩვენმა მოცეკვავეებმა დიდი ვირტუოზობა გამოიჩინეს.
ბანკეტი დამთავრდა ღამის პირველ საათზე. ბანკეტის დამთავრების შემდეგ მოლხენა გაგრძელდა სხვა დარბაზში ამხ. სტალინთან. ამხ. სტალინმა შემოგვიკრიბა მის ირგვლივ ყველა ამხანაგები. გაიხსენა ძველებური გურული სიმღერები, რაჭული, მეგრული, ქართლ-კახური და სხვა სიმღერები. ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვისმენდით ბელადის პირიდან საამო ჰანგებს. ის ჩვენ გვისწორებდა. მაგალითად მან გაიხსენა ყველასგან მივიწყებული კახური სიმღერა „ის რა კაცია, ჩოხა არ აცვია“, „სიმღერა მკის დროს“ და ძველებური გურული „ალიფაშა“.
„ამხანაგებო, ჩვენი საქართველო მდიდარია ხალხური შემოქმედებით, რომ შეისწავლო ის ამისათვის უფრო უნდა დაუახლოვდეთ მასო“ - გვითხრა დიდმა ბელადმა.
სტალინი ოთხი საათის განმავლობაში ფეხზე იდგა აღტაცებული, გახარებული. საბოლოოდ დიდი მადლობა უძღვნა ამხ. ბერიას ასეთი დიდი საჩუქრის, დიდი აღტაცების ორგანიზაციისათვის და მისი მოსკოვში გამოფენისათვის. ამხ. სტალინმა მოიგონა მთელი მისი წარსული. მოიგონა ყველა ის სიმღერა, რომელიც მას ბათუმის და ქუთაისის ციხეებში შეუსწავლია. საღამო დამთავრდა სრულ დილის ხუთ საათზე. ჩვენ აღტაცებულნი დავბრუნდით სასტუმროში.
15 იანვარი.
გამოცხადდა დაჯილდოვებულთა სია. ვიყავი მეც, თუმც შეცდომით მე გამოცხადებული ვიყავი აღმოსავლეთ გუნდის წევრად და მასთან სახელშეცვლით. შეცდომა მეორე დღესვე გასწორდა.
ამგვარად 20 იანვარში სხვა ამხანაგებთან ერთად ამხ. კალინინისგან მივიღე უდიდესი ჯილდო საკავშირო საპატიო ნიშნის ორდენი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან როგორც სოლისტმა, რაც უფრო ფხიზელს მხდის ვიდგე საბჭოთა ქვეყნის კულტურის სადარაჯოზე, რომ უფრო მედგრად ავსწიო მისი ღირსება, როგორც საბჭოთა ქვეყნის ნამდვილმა შვილმა.
16 იანვარი.
მე განსაკუთრებული ბედნიერება მხვდა, როგორც სტუმარი ვწვეოდი ამხ. მოლოტოვს სახლში სადილად, ხოლო ვახშმად ამხ. სტალინს საზაფხულო აგარაკზე.
ჩვენ ამხ. ბერიასთან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვიდან 40 კმ-ის მანძილზე. ამხ. მოლოტოვთან ბინაზე იყო მთელი მთავრობის წევრები. ოპერიდან იყო 20 ამხანაგამდე. დასავლეთ საქართველოს გუნდიდან სამი, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდიდან ორი. მოლოტოვმა მეტად გულთბილად მიგვიღო. მოლოტოვს და სტალინს თან ახლდათ ბავშვები. მოლოტოვი აღტაცებული იყო ჩვენი სტუმრობით. ის სადად მთელი უბრალოებით იქცეოდა ჩვენთან.
იქიდან ვეწვიეთ ამხ. სტალინს. ამხ. სტალინი მოლოტოვის ბინიდან ჩვენზე ადრე წავიდა, რომ თავის ბინაზე დაგვხვედროდა, როგორც მასპინძელი. ამხ. სტალინი კარებთან დაგვხვდა. ის მხიარულობდა, შესვლისთანავე ბუხარში თავისი ხელით შეშა შეყარა და ცეცხლი გაგვიჩაღა. მისი ბუხარი ჩვენებურია. „აბა ამხანაგებო, არ გაცივდეთ, ახლოს მოდით ბუხართანო“ - მიგვიპატიჟა სტალინმა. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში საკმაოდ თბილოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიყავით სასადილო დარბაზში, სადაც გამართული იყო ქართული პურ-ღვინო, ჩვენებური საცივით. აქ კი ამხ. სტალინი განსაკუთრებით გამხიარულდა. ის ჩვენს საპატივცემულოდ პატიფონზე უკრავდა სხვადასხვა ფირფიტებს. ამხ. სტალინს ძალიან ჰყვარებია შელეგიას გუნდის შესრულებული „კუჩხა ბედნიერი“ (რომელსაც გუნდში მე ვიწყებ), მეგრელიძის „ჩონგური“, „საკოლმეურნეო“ და თარხნიშვილის „ურმული“. პირველ რიგში ამხ. სტალინმა ეს ფირფიტები დაუკრა.
ენით უთქმელი და კალმით აუწერელია იმ საღამოს ამხ. სტალინის ჩვენდამი პატივისცემა, მისი უბრალოება. ის ქართულად გვესაუბრებოდა, მღეროდა, იცინოდა. ჩვენ მასთან მხარგადადებული ვმხიარულობდით. ამგვარად დამთავრდა ეს არაჩვეულებრივი აღტაცების საღამო დიდ ადამიანთან, მსოფლიოს ბუმბერაზ კაცთან, ამხანაგ სტალინთან.
21 იანვარი
ამხ. ჟდანოვის მიწვევით ჩვენ გავემგზავრეთ ლენინის ქალაქში, სადაც სადგურზე შეგვხვდნენ დიდის ამბით. დიდი წარმატება ხვდა ჩვენს გუნდებს ლენინგრადში. ლენინგრადის ოლქკომმა გაგვიმართა გრანდიოზული ამხანაგური შეხვედრა (ბანკეტი).
ჩვენს სიხარულის და აღტაცების გრძნობით დატვირთულებმა უკანასკნელად 5 თებერვალს დავტოვეთ ლენინის ქალაქი და გამოვემგზავრეთ სპეციალური მატარებლით საქართველოში“.
*****
ამ მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ მკითხველებს ბატონი ნოკოს ბიოგრაფიას გავაცნობ. ახალ თაობას ამ პიროვნების შესახებ ალბათ ინფორმაცია არ გააჩნია. ბატონმა ნოკომ ქართული ეროვნული ფასეულებები მაღალ სიმაღლეზე აიყვანა და საკუთარი ხელოვნებით რუს შოვინისტებს ხმა ჩააკმენდინა. სამწუხაროდ იმ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფო დახურული სივრცე გახლდათ და ჩვენი ეროვნული მუსიკალური საგანძურის უცხოეთში გატანა და ჩვენება შეუძლებელი გახლდათ.
ხურცია ნოკო ალექსანდრეს ძე (1905-1949)
მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1905 წელს სოფელ მენჯში (სენაკის რაიონი) მომღერალთა ოჯახში. მღეროდა ბაბუა, დედ-მამა, მამიდები და პატარა ნოკოც. მუსიკის პირველი მასწავლებელი ვალერიან გეგეჭკორი იყო. 16 წლის ნოკო მღერის სენაკის გუნდში, რომელსაც სახელგანთქმული ლოტბარი რემა შელეგია ხელმძღვანელობდა. ამ გუნდში სიმღერით დიდი გამოცდილება მიიღო. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ძლიერი და ლამაზი ტემბრის ტენორი. 1923 წელს ნოკო ხურციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიდა. სწავლის წლებში იგი მღეროდა პროფკავშირებთან არსებულ მომღერალთა გუნდში კორნელი მაღრაძის ხელმძღვანელობით. აქ ნოკო ხურციამ მრავალი ძველი ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეისწავლა.
1925 წლიდან ნოკო ხურცია ცნობილ ლოტბართან - კირილე პაჭკორიასთან - დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მღერის. 1932 წელს იგი ბრუნდება სენაკში, მღერის რემა შელეგიას გუნდში, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება - რემა შელეგიას კონცერტების ორგანიზებაში ეხმარება. 1936 წლიდან ნოკო ხურცია თბილისში კვლავ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მღერის. 1937 წელს მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში და ჯილდოვდება საპატიო ნიშნის ორდენით.
1937 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები - საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გაერთიანდა. ხელმძღვანელები - გრიგოლ კოკელაძე და სანდრო კავსაძე. ფაქტობრივად, სანდროს, ავადმყოფობის გამო, უფროსი ვაჟი - დათაშკა კავსაძე ცვლიდა. ნოკო ხურცია კვლავაც ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტია. 1945-1949 წლებში ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდს. მასი აღზრდილია ცნობილი მომღერლები და ლოტბარები: ჯოკია მეშველიანი, ოთარ ქოქოსაძე და სხვები. ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ნოკო ხურციამ მრავალი სიმღერა აღადგინა და ააჟღერა: "უტუს ლაშქრული", "ოდოია", "ჰარირა"... ნოკო ხურცია გარდაიცვალა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.