პრეზიდენტისა და „აისაფის“ მისიაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საუბრის ამსახველი ვიდეო „რუსთავი 2“-მა აჩვენა. 26 მაისს ავღანეთში, ქართულ ბაზაზე სტუმრად მყოფი პრეზიდენტი ერთ-ერთ ჯარისკაცს კითხვას უსვამდა, როგორ გადაურჩა 13 მაისის ტერორისტულ აქტს, როცა თალიბები შევარდნენ ბაზაზე, რამდენი თავდამსხმელი მოკლა და რა ვითარებაში. ზუსტად 12 დღეში კი ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე უპრეცედენტო ტერორისტული აქტი მოხდა, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატებოდა, შედეგად დაირუპა 7 სამხედრო, ხოლო 9 დაიჭრა.
For.ge-სთან საუბრისას ქართველი ექსპერტების ნაწილი ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული ტერორისტული აქტის მთავარ მიზეზად 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს და სკანდალური განცხადებების გაკეთებას უკავშირებენ. ექსპერტები გამოძიების ჩატარებას ითხოვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მათივე თქმით, ეს აუციელებელია იმისათვის, რომ სააკაშვილმა დარჩენილ პერიოდში, სანამ მას კონსტიტუციით მიკუთვნებული აქვს პრეზიდენტობის ვადა, არ განახორციელოს მსგავსი შურისძიების აქტები ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ეს არის სააკაშვილის შურისძიება საქართველოს მოსახლეობაზე და ამერიკის ადმინისტრაციაზე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მეომრები თალიბების სამიზნედ აქცია.
„მან ეს შურისძიება 10 დღის წინ განახორციელა, როცა მთელი მსოფლიოს დასანახად ფაქტობრივად საქართველოს არმიის ავღანეთში დისლოცირებული ქართველი სამხედროები თალიბანის სამიზნედ აქცია. სააკაშვილი დაკავებულია შურისძიებით საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რაც ასევე თვალსაჩინოა, შურისძიების აქტს ის ასევე ახორციელებს აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგაც. ეს მისი მხრიდან არის ორმაგი შურისძიების აქტი და შებამისად, მას პასუხი ორმაგად უნდა მოეთხოვოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ არანაირ სამხედრო ეთიკაში ეს არ ჯდება ის, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა 26 ავღანეთში გააკეთა.
„საფრთხე შეუქმნა 42-ე ბატალიონს, რომელსაც 2008 წლის ომის დროს კონცენტრაცია გაუკეთეს, მწყობრში ჩააყენეს და შემდეგ რუსების თვითმფრინავმა მოახდინა ცხინვალთან დაბომბვა, რასაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი შეეწირა. ის, რაც ახლა ავღანეთში ხდება, ამაში დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილია. მან თავისი პროვოკაციული საუბრებით შეურაცხყოფა მიაყენა ავღანეთის მოსახლეობის ღირსებას. მათთვის ღირსება მთავარია.
აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და გაირკვეს რა კავშირშია ეს ტრაგედია სააკაშვილის მიერ ავღანეთში 26 მაისს გაკეთებულ განცხადებებთან, რომელმაც გამოიწვია ეს შედეგი. მას შეეძლო დაესვა სხვანაირად კითხვა, მაგალითად, რამდენი მოწინააღმდეგე მოკალი და არა შენ რამდენი კაცი მოკალიო. ფაქტიურად, შენ მათ არ თვლი ადამიანებად, მათი მენტალიტეტი განსხვავებულია, ავღანეთში მარტო თალიბები არ არიან“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რთულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინმეს დადანაშაულება, თუმცა არ შეიძლებაზედმეტი ყურადღების მოპყრობა ტერორისტების მით უფრო ქვეყნის პირველი პირის მხრიდან.
„ამ მოკლე ხანში უკვე მეორეჯერ დაფიქსირდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქართულ ბაზაზე იერიში. ის, რაც „რუსთავი2“-ის მეშვეობით ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ავღანელების რისხვას გამოიწვევდა. არავინ იცის ეს მათ ნახეს და ამას მოჰყვა რეაგირება, თუ ეს იყო თალიბანის მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებულ „გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ნადირობის“ შედეგი. თუმცა ცალსახად ფაქტია, რომ არ შეიძლება ასეთი ზერელე დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებისადმი ქვეყნის პირველი პირის მხრიდან.
ერთია, როცა პრეზიდენტი პირად საუბარში ამას ლაპარაკობს და მეორეა, როცა ამას იწერს ტელევიზია და ავრცელებს. შესაბამისად, როდესაც საუბარია უსაფროების ნორმებზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ასევე პრეზიდენტის ახალი წლის ვიზიტიც ავღანეთში, როცა მან ყველა წესის დარღვევით წინასწარ დაანონსა იქ ჩასვლა, რასაც მოჰყვა კიდეც იმ დღეს თალიბების იერიშის მიტანა და ყველამ ვნახეთ პრეზიდენტი ბაზიდან როგორ გასცემდა „განკარგულებებს“. შესაბამისად, მიუხედავად ყველაფრისა, ოქტომბრამდე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასეთი ფაქტები თავიდან ავიცილოთ და მოვახერხოთ მისიის დასრულება მინიმალური დანაკარგით,“ - მიაჩნია თეონა აქუბარდიას.
სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე განმარტავს, რომ საქართველოს მოსახლეობა მიჩვეულია საააკშვილის უპასუხისმგებლო განცხადებას და სწორედ, სააკაშვილის უპასუხისმგებლობის გამო ისჯება ქართველი ერი და სახელმწიფო.
„სააკაშვილის ბრალეულობაა იმაში რაც ხდება და ის სისხლი, რომელიც იღვრება. სააკაშვილის უპასუხისმგებლობის გამო ისჯება ქართველი ერი და სახელმწიფო. მე მქონდა ეჭვი, რომ ჯიხადის სამიზნე გავხდებოდით, მითუმეტეს, რომ ჩვენ და ამერიკელები დავრჩით ავღანეთში. პრეზიდენტი გვყავს უპასუხისმგებლო, ეს ტრაგედია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტის ატეხილობასთან.
კონტიგენტი გააზრდევინა, ყველაზე ცხელ წერტილში გააშვებინა. ჩადის და არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს, ეს რა მარაზმია, ან საერთოდ, როგორ დაუდგა ის პირადი შემადგენლობა მას სალაპარაკოდ?! რა საკითხავია, როცა მეომარს ეკითხები რამდენი მოკალიო?! მერე ვიღაცეებს აჯილდოვებს. ყურები აგროვონ დაღუპულების, თუ კბილები დაიკიდონ?! რა საამაყოა ის სამხედრო ოპერაციის დროს ვინ რამდენს მოკლავს?! ძალიან განსხვავებულ ფენომენთან გვაქვს საქმე. წარმოგიდგენიათ ეს როგორი მოსასმენია ადგილობრივი ავღანელებისთვის? მერწმუნეთ, რომ ასე არ ხდება. მე მგონია, რომ ფსიქიკურად არანორმალურია სააკაშვილი და მისი განცხადების გაშიფვრა შეუძლებელია. მორალური და ზნეობრივი ადამინები ასეთ კითხვებს არ სვამენ,“ - განმარტავს აკია ბარბაქაძე.
აღსანიშნავია, რომ შარშან, თებერვალში თბილისში ჩამოსულმა ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, აბდულ ალი შამსიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ავღანელი ხალხი ქართველი ჯარისკაცების დახმარებას არასოდეს დაივიწყებს.
„ისინი სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებენ. ამ სამუშაოს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა ჰელმანდში ახლა გაცილებით უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე 4 წლის წინ. ჩვენს პროვინციაში გადაადგილება ხალხს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლია, მათ შორის - ბავშვებს. ამ გარემოში ავღანეთის მთავრობა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მიმდინარეობს მშენებლობები. ადრე კი აქ თალიბანის, ნარკომოვაჭრეებისა და სხვა კრიმინალების თავშესაფარი იყო. ქართველ სამხედროებს შესანიშნავი უნარ-ჩვევები აქვთ და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ადგილობრივებთან“, - აღნიშნა მან.