ყოფილი ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბოლოო პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.
კანონის თანახმად, პირის მაკომპრომეტირებელი მასალები დაუყოვნებლივ განადგურებას ექვემდებარება. კერძოდ, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ.
ამავე კანონის მიხედვით, ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, რის შესახებაც ეცნობება იუსტიციის მინისტრს, ან მთავარ პროკურორს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს, ან მის მოადგილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იზიარებს ექსპერტების პოზიციას, რომ აღნიშნული არქივის განადგურება სწორი პოზიცია არ არის, რის გამოც მინისტრი ამ დღეებში მათთან კონსულტაციებს გამართავს.
„ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ექსპერტებთან გავმართოთ კონსულტაცია და საბოლოო პოზიციაზე შევჯერდეთ. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, შესაბამისად, რამდენიმე დღე შეიძლება ამას დასჭირდეს. ძალიან მალე წარმოვადგენთ საბოლოო პოზიციას – დღეს, ან ხვალ გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შსს-ს არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების თემას გამოეხმაურ პრემიერ-მინისტრი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის განხილვა გრძელდება და გადაწყდება. პრემიერი ამბობს, რომ მასალების განადგურებას ჰყავს მოწინააღმდეგეები, ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, რომლებთანაც მას ამ თემაზე საუბარი ჰქონდა.
„განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც ცნობილია შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ მიმდინარე წლის 20 მაისს დაანონსა, რომ შსს-ში არსებული უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი უახლოეს ერთ კვირაში განადგურდებოდა. ექსპერტები მმართველ გუნდს ურჩევენ, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა გამოძიების ინტერესების სასრგებლოდ, არამედ ადამიანის უფლებების სასარგებლოდ მიიღონ.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონით დადგენილი მოთხოვნები აღასრულოს და ის დაუყოვნებლივ გაანადგუროს. პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ბანკში იყო შენახული ინფორმაცია, როცა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ის შანტაჟის მიზნით გამოიყენა. მისივე თქმით, საუბარი ინფორმაციის სამომავლოდ შენახვაზე და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ის კარგად იქნება შენახული და არ გახმაურდება, უსაფუძვლოა.
„კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ ინფორმაცია, რომელიც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებს შეიცავს, დაუყონებლივ უნდა განადგურდეს. ჩვენ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგას ნაბიჯი, რაც დაწერილია კანონში,“ - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
შსს-ს მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალასთან დაკავშირებით პოზიციების ხშირ ცვლას გაუმართლებლად მიიჩნევს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელიც კანონდარღვევითაა მოპოვებული, მტკიცებულებად ვერ გამოდგდება და ის დაუყონებლივ უნდა განადგურდეს.
„პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვის შემთხვევაში შსს უნდა დაასაბუთოს რატომ გახდა საჭირო მისი შენახვა. სათანადოდ არაა ახსნილი ამ მტკიცებულების შენახვის აუცილებლობა. ჩემი აზრით ,პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა არ არსებობს,“ - განმარტავს კახა კოჟორიძე.
ექსპერტი სამართლის საკითხებში კახი კახიშვილის აზრით, შსს-ს ხელში არსებული ფარული ჩანაწერების განადგურება, მოცემული მომენტისათვის დაუშვებელია. ვინაიდან, ეს ის მასალებია, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში შეგროვდა თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებით, შეგნებულად, შემდგომში ადამიანებზე მანიპულაციის მიზნით და წარმოადგენს მტკიცებულებას შსს-ს შესაბამისი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ.
კახიშვილის თქმით, ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საქმის დასმისა და საკითხის სასამართლოში დაყენების გარეშე, მტკიცებულებების განადგურება შეუძლებელია. ექსპერტი ამბობს, რომ მანამ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ არ იქნება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, მტკიცებულებების განადგურება არ შეიძლება.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონი იმას ამბობს, რომ მაგალითად, თუკი ხდება დანაშაულის მომზადება და შენ ამონტაჟებ ფარულ კამერას, გაქვს მოლოდინი იმისა, რომ დანაშაულის მომზადების სტადიას გადაიღებ, მაგრამ მოხდა ვიღაცის სქესობრივი კავშირის აქტი და არ მოხდა დანაშაულის მომზადების პერიოდი, ასეთი მასალა დაუყონებლივ უნდა გაანადგურო. მაგრამ, როდესაც სისტემა მოქმედებს იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კადრები მოიპოვოს და მანიპულაცია მოახდინოს ადამიანებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადამეტებას.
იმისათვის, რომ შენ ეს დანაშაული ადამიანებს დაუმტკიცო, საჭიროა ნივთიერი მტკიცებულება - რა გამოიყენა ბოროტად, როდის გადაიღო და ასე შემდეგ. აი, ამაზეა საუბარი. მაგალითად, პირობითად რომ ვთქვათ, მოხდა დათა ახალაიას დაკავება და ეუბნებიან, რომ ის 2005 წლიდან 2009 წლამდე ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს უკანონოდ იღებდა, სასამართლო პროცესზე რა უნდა ითქვას, რომ ჰქონდათ ამის დამადასტურებელი კადრები, მაგრამ გაანადგურეს? დანაშაული არის სწორედ ის, რომ არ შეიძლებოდა ასეთი მასალების შენახვა, მაგრამ ინახავდნენ და ეს უნდა დაუმტკიცო. მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის დარღვევას“, – აცხადებს კახიშვილი.
მისივე თქმით, საკითხის განხილვა შესაძლებელია და მიაჩნია, რომ შსს დაასაბუთებს კიდევაც საკუთარ გადაწყვეტილებას რატომ აპირებს ფარული ჩანაწერების განადგურებას.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს სამართლებლივი დასაბუთება. შესაბამისად, ჩემთვის არაა ცნობილი ის დეტალები რასაც ფლობს შს სამინისტრო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყოველ შემთხვევაში თუ მთავრობას სურს მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული და სამართლებლივად თუ იქნება დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ კონსულტაციების გამართვაა საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.
ოფიციალურად 14 ოპერატიულ დანაყოფს ჰქონდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება. ექსპერტი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი ამბობს, რომ კანონი მოითხოვს უკანონო ჩანაწერების განადგურებას, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს ამ კადრების ბუნებრივად დამუშავება და მხოლოდ მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ საკითხი არ შეიცავს ოპერატიულ ინტერესს, ან დანაშაულს, ან მამხილებელ მტკიცებულებას, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი განადგურება.
„ზუსტად არ ვიცით ამ კადრების ფაილებისა და არქივების რაოდენობა. არაოფიციალურად რამდენს აქვს ეს ჩანაწერები, ეს სხვა თემაა. ჩემი აზრით, შესწავლის პროცესი უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან თუ არა აქვს კავშირი, უნდა მოხდეს მისი განადგურება. რა აზრი აქვს მის შენახვას გაურკვეველი და განუსაზღვრელი ვადით. ყველა პრობლემა გადაწყდება, თუ მოხდება ფაილების შესწავლა. კანონიში ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ 7 ასეთი ოპერატიული სამსახურია და დამატებით შსს-ში მინიმუმ 7 სამსახურს ჰქონდა და დღესაც აქვს, ოპერატიული გადაღებების, ფარული მიყურადების წარმოების უფლება. ადვილი მისახვედრია რამდენი ფაილი შეიძლება არსებობდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესო ალადაშვილმა.