ბიზნესმენი და ყოფილი პატიმარი, თამაზ ელიზბარაშვილი პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არ ხდება და პროკურატურა ისევ უსამართლო ქმედებებით არის დაკავებული, ელიზბარაშვილი აპირებს, რომ ციხეში ჩაჯდეს, რათა მის მიერ გირაოს სახით გადახდილი 6 მლნ ლარი დაიბრუნოს. ამის შესახებ განცხადება თამაზ ელიზბარაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა.
საქმე ეხება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც მას დოკუმენტის გაყალბება აქვს ბრალად წარდგენილი. ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ციხეში ორჯერ უსამართლოდ იჯდა (ერთხელ შევარდნაძის ხელისუფლების, ხოლო მეორედ სააკაშვილის მმართველობის დროს), ორჯერ აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს, თუმცა შემდეგ სუსტი ადგილი მოუძებნეს. კერძოდ, დააკავეს მისი შვილი და რძალი, ხოლო შვილს, რომელსაც მუდმივად მკურნალობა ესაჭიროება, ელემენტარულ მკურნალობასაც კი არ უტარებდნენ ციხეში და ელიზბარაშვილის განმარტებით, სწორედ თავისი ვაჟიშვილის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით გადაიხადა მან გირაოს სახით 6 მლნ ლარი, რაც უპრეცედენტო თანხაა.
„თურმე პროკურატურის მაღალჩინოსნებში მუსირებს აზრი, რომ მე ვარ კრიმინალი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ჩემთვის გირაოს თანხის შემცირების მოთხოვნას პარლამენტის 19 დეპუტატი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ვინაიდან პროკურატურიდან მაინც ამ საკითხზე თანხმობა არ არის, მინდა გითხრათ, რომ 14 ივნისს სასამართლოში დაგეგმილია ჩემი დაკითხვა, ამ პროცესზე მე მივალ ციხის ჩუსტებით და მოვითხოვ, პირდაპირ გამიშვან გლდანის ციხეში. თუკი ამ ქვეყანას არ სჭირდება ბიზნესის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, მე ჩავჯდები ციხეში, ჩემი გირაოს თანხა დაბრუნდება და ჩემს საქმიანობას ციხიდან გავაგრძელებ“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
მისი თქმით, დაახლოებით ოთხი თვის წინ მას ქალაქის პროკურატურიდან შეუთვალეს, რომ გირაოს თანხიდან ერთი მილიონი დაეტოვებინა და დანარჩენს დაუბრუნებდნენ, მოგვიანებით კი უფრო მეტი მოსთხოვეს, თუმცა ამ შეთავაზებებს ის არ დაეთანხმა. თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა გარკვეული ბიზნესპროექტების განსახორციელებლად სჭირდება, რასაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაც მოჰყვება. ამიტომ იგი თანახმაა, გირაოს თანხიდან პროკურატურამ გარკვეული გონივრული თანხა დაიტოვოს, ხოლო დანარჩენი დაუბრუნოს მას, რის საშუალებასაც ქართული კანონდებლობა იძლევა.
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ იგი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს ღიად ებრძოდა.
ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლალი აფციაური განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუკი გირაოშეფარდებული პირი კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ემალება მართლმსაჯულებას, არ ახდენს ზეწოლას მოწმეებზე, მას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოს გირაოს თანხის შემცირების თხოვნით მიმართოს, რაც ადვოკატმა გააკეთა კიდეც. აფციაურის თქმით, ეს მოთხოვნა ქალაქის პროკურატურაში 20 მაისს შევიდა და ამაში ელიზბარაშვილს 19 დეპუტატი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია შუამდგომლობს. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად იგივე საქმეში ბრალდებულ სხვა პირებს 5-5 ათასლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული და მხოლოდ ელიზბარაშვილის გირაო შეადგენს 6 მლნ ლარს. ლალი აფციაურის თქმით, გუშინ დაუკავშირდა ქალაქის მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს და ჰკითხა, ხომ არ არის ელიზბარაშვილის გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთთვიანი დრო აქვს.
„მე ავუხსენი ქალბატონ მაია მწარიაშვილს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს აქვს სერიოზული ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელებასაც ფული სჭირდება. ამასთანავე, მას ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი, რის გამოც ყოველთვიურად პროცენტის სახით 57 000 ლარს იხდის და ამიტომ პროკურორს მივმართე, რომ გადაწყვეტილების მიღება დაეჩქარებინათ. მაია მწარიაშვილმა მიპასუხა, რომ ეს თანხა გირაოს სახით ელიზბარაშვილისთვის მას არ შეუფარდებია და წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა ხელი. მე მას ავუხსენი, რომ ის წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და ვალდებულია წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს“, - ამბობს ლალი აფციაური.
მისი თქმით, ქალაქის პროკურორმა დაიწყო იმ თანხების დაანგარიშება, რომელიც ელიზბარაშვილს გირაოს სახით აქვს გადახდილი და განაცხადა, რომ ელიზბარაშვილს იმხელა თანხა არ აქვს კრედიტის სახით ბანკიდან აღებული, რაც გირაოს სახით აქვს გადახდილი. ლალი აფციაურის თქმით, ელიზბარაშვილს ორმილიონიანი კრედიტი აქვს აღებული, დანარჩენი თანხა კი ნასესხები აქვს, რის გამოც მთელი მისი ქონება იპოთეკით არის დატვირთული.
„პროკურორის მიერ გირაოს თანხებზე ასე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. მეც და ბატონი თამაზიც, ასევე ჩვენი მეგობრები 9 წლის განმავლობაში იმიტომ არ ვიდექით ქუჩაში, რომ ეს უსამართლობა ისევ გაგრძელებულიყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, რადგან მე ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ პროკურატურის მხრიდან ეს არის საბოტაჟი და ასეთი ქმედებები ხალხს ისევ ქუჩაში გამოიყვანს“, - ამბობს ლალი აფციაური.
იგი მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და სთხოვს, მის გარემოცვას გადახედოს, რათა დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ადვოკატის თქმით, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილისნაირი ადამიანი, რომელსაც ამხელა ბიზნესი ჰქონდა, ამდენი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და მისი საქმე საკმაოდ გახმაურებულია, როდესაც ასეთ ადამიანს უჭირს სამართლის პოვნა, ასეთ პირობებში რიგით მოქალაქე სრულიად დაუცველია.