ბიუჯეტი მხოლოდ ერთისთვის

ბიუჯეტი მხოლოდ ერთისთვის

პრეზიდენტ სააკაშვილის უთავბოლო ვოიაჟები და გაფლანგული ხარჯები არავისთვის უცხო არ არის, მაგრამ ეგზოტიკური დასვენებისადმი მიდრეკილება არც მისი ოჯახისთვის ყოფილა უცხო.

უცხოეთში ვიზიტის დროს მდინარის ქვეშ გვირაბში ორიგინალურად გასვლა სანდრა რულოვსს სოლიდური თანხა დაუჯდა და, მთლიანობაში, მის მიერ 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხები 11 835 ევროსა და 72 ცენტს შეადგენს.

გარდა ამისა, აღნიშნული თანხა გადანაწილდა სანდრა რულოვსისათვის სასტუმროს მომსახურების ხარჯებზე, პირველი ლედისა და მისი შვილის კინოს ბილეთების შეძენასა და რულოვსის კვების ხარჯებზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის დედას, 2011 წლის აგვისტოში ქობულეთში, თემურ ჭყონიას კუთვნილ ხუთვარსკვალვიან სატუმრო GEORGIA PALACE HOTEL-ში გიული ალასანიას რვადღიანი ცხოვრება საქართველოს ბიუჯეტს 3 277 ლარი და 58 თეთრი დაუჯდა.

ამ ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მორიგ დოკუმენტშია აღნიშნული. 

პრეზიდენტის მეუღლისა და დედის ვოიაჟებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ For.ge პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ირინე იმერლიშვილსა და ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინე იმერლიშვილმა ვერ გაიხსენა, მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში იყო თუ არა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა იგი ფლობს ზოგად მონაცემებს, რომ არამიზნობრივი თანხები მართლაც იხარჯებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე, მათ შორის, საუბარია შვილების სწავლისთვის გაღებულ თანხებზე.

„ესაა არამიზნობრივი ხარჯვა და დაიკითხებიან თუ არა პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ეს უკვე გამოძიების საქმეა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაცვის სპეციალური სამსახურიდან გახარჯულ თანხებს, რასაც თავის დროზე პრეზიდენტის განკარგულებით ედო „სიდუმლო“ გრიფი, ის გრიფი მოხსნილია მას შემდეგ, რაც დაცვის სპეციალური სამსახური გადავიდა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში და იმედი მაქვს, გამოძიება ბოლომდე მივა. ერთადერთი, რაც მაშინ ჩემს მიერ გამოქვეყნებულ საბუთებში დაფარული იყო, გახლდათ კონკრეტული თანამდებობის პირების ან ოფიცრების სახელები და გვარები. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც პრეზიდენეტის დავალებით ამ თანხას გასცემდა, ქირაობდა სასტუმროებს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ცნობილია გამოძიებისთვის. ჩემამდე ეს ინფორმაცია მოსული არ იყო და ეს სამართლიანადაც დაფარა პროკურატურამ, რადგან ეს საჯარო ინფორმაცია არ არის. იმედი მაქვს, აღნიშნული თანამდებობის პირები და ეს ოფიცრები დაიკითხებიან და გამოძიება გაგრძელდება“, - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველა ქვეყანაში გარკვეული ტიპის თანხები, ცხადია, სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა მომხდარიყო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებიდან.

ამასთან, ირინე იმერლიშვილი ვერ აკონკრეტებს, კიდევ უფრო მეტი თანხა გაიფლანგა თუ არა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მიერ. მან ვერც ის დაგვიკონკრეტა, აეხსნა თუ არა გრიფი „საიდუმლო“ ამ სახის ყველა დოკუმენტს, თუ ამ დოკუმენტების გამოქვეყნების პროცესი პერიოდულად მიმდინარეობს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ხარჯები დაუშვებელია და სამომავლოდ ასეთი პრეცენდენტი უნდა აღიკვეთოს. მისი თქმით, ისეთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვიცხოვრეთ, სადაც სახელმწიფო სახსრების ხარჯვა არ კონტროლდებოდა. პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე დახარჯული ფული კი ზღვაში წვეთია იმასთან მიმართებით, რასაც არამიზნობრივი ხარჯი ერქვა.

უნდა დაიკითხონ თუ არა პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ამის შესახებ ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო ისტორიაა და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუმცა მისთვის უფრო საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ინგლისი იბომბებოდა, დედოფალი ღუმელს არ ანთებდა, რათა მოქალაქეებისგან განსხვავებულად არ ეცხოვრა.

„ამის საპირისპიროდ, როცა საქართველოს უმეტესი ნაწილი შიმშილობდა, ასეთი ფუფუნებით ცხოვრობდა მმართველი პიროვნების ოჯახი. მახსენდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტებისა და პირველი პირების ისტორიები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მათი უფლებამოსილების პერიოდშივე მიეცნენ. სადაც დემოკრატია, თავისუფალი ეკონომიკა და ბიზნესია, სადაც ხელისუფლების გავლენისგან საგამოძიებო სტრუქტურები თავისუფალია, იქ ერთი დოლარის ხარჯვას არავინ აპატიებს არავის. სხვათა შორის, სარკოზის მარცხი მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა გაუგებარმა ურთიერთობებმა არაბული სამყაროს მდიდართა ფენის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.      

მანვე გაიხსენა, რომ თუნდაც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე წარმოუდგენელი რამ მოხდა, როცა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსები გადაირიცხა სამშენებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე და 100 მილიონამდე ეს უზარმაზარი თანხა შემდეგ ბიუჯეტიდან უნდა მისცემოდა იმ ორგანიზაციას, ვინც ეს თანხები არადანიშნულებისამებრ გაიღო. ამდენად, დღემდე ეს საკითხი გარკვეული არ არის და სერიოზული პრობლემების წინაშე დგას თავად გამოძიება. ეს მაშინ, როცა ამ შენობის მედეგობა საეჭვოა და შესაძლოა, დასანგრევი გახდეს ეს ნაგებობა. არადა, მასში დასამონტაჟებელი ლიფტები ყველაზე ძვირად შეიძინეს ესპანეთში. ამ დროს ამავე ხარისხისა და დანიშნულების ლიფტებს ჩვენს მახლობელ ქვეყნებში გაცილებით იაფად შევიძენდით.

მისივე თქმით, გაუგებარია, კონკრეტულად თანხები პრეზიდენტს საიდან მისდიოდა, მაგრამ ფარული მონოპოლია, ოლიგოპოლია, კონკურენციის არარსებობა მიანიშნებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობდა და მმართველი კლანი მდიდრდებოდა. ამიტომაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა სააკაშვილს, მის დაჯგუფებას და მის მიერ ხელდასმულ ბიზნესებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეხადათ გარკვეული თანხა ქობულეთის „ჯორჯიან პალასში“ პრეზიდენტის ოჯახის წევრების ყოფნისთვის.

„მათ ეს თავისუფლად შეეძლოთ, გაეკეთებინათ, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჰოლივუდის ფილმი გადაიღეს, რომელიც თითქოსდა, დააფინანსა კობა ნაყოფიამ. სინამდვილეში, ეს კვარციტი-მადნეულის ფული იყო, რომელიც რუსი ბიზნესმენების ჯიბეებში ილექებოდა და რატომღაც ნაყოფია მდიდრდებოდა. პრეზიდენტს ეგონა, რომ, თუ დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან შვილის სწავლისთვის თანხას გადაიხდიდა, პასუხს ვერავინ მოსთხოვდა, ვერც სამართალდამცავები, ვერც - მედია, რომელიც ძირთადად კონტროლდებოდა პირველი პირისა და მისი დაჯუფების მიერ. ისინი არც კი უშვებდნენ, რომ უახლოეს 30 წელიწადში ხელისუფლებაში სხვა ძალა მოვიდოდა და ამ ყველაფერს მოიკითხავდა და გამოარკვევდა“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.