რას ნიშნავს არალეგალურად ცხოვრობდე და მუშაობდე ამერიკაში? ეს არის მრავალი წლით ოჯახიდან მოწყვეტა, განუწვეტელი ფულის გროვება და სამშობლოში გადმოგზავნა, ახალი ცხოვრების დაწყების ნულოვანი პერსპექტივა, დაბალი სოციალური გარემო, საქართველოში დაბრუნების მუდმივად გადადება იმის შიშით, რომ მერე უკან აღარ შეგიშვებენ და ბოლოს „სკაიპზე“ მიჯაჭვულის ქართველის მუდმივი ნოსტალგია.
ამ ყველაფერში სახარბიელო ბევრი არაფერია, მაგრამ ოკენისგაღმა ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე ცდილობს დროებით თუ სამუდამოდ თავის დამკვიდრებას.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი ნიუ იორკის შტატში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ასი ათასს აღემატება, თუმცა საქართველოს გენერალურ საკონსულოს, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობს, სხვა მონაცემები აქვს.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული გიორგი ცეკვავა აცხადებს, რომ ყოველთვის იცვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ნიუ იორკში საარჩევნოდ ჩამოსული ამომრჩეველთა სიები. ამდენად, ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს უსაბუთო მოქალაქეთა რაოდენობა გაურკვეველია.
ამჟამად აშშ საემიგრაციო რეფორმების მოლოდინშია. შეერთებულ შტატებში სულ ცოტა 12 მილიონი უსაბუთო ემიგრანტი ელოდება. იურიდიულ კომიტეტში ორპარტიული შეთანხმებით მიღებული კანონ-პროექტი უკვე სენატში შევიდა, სადაც მისი განხილვა ივნისში დაიწყება. საემიგრაციო რეფორმა არალეგალ ემიგრანტებს, მუშაობის ოფიციალურ უფლებასთან ერთად, ქვეყნიდან გასვლის საშუალებასაც მისცემს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში საემიგრაციო რეფორმის განხილვას უკვე სენატი შეუდგება. დამტიკცების შემთხვევაში იგი თეთრ სახლში გადაიგზავნება და მას შემდეგ შევა ძალაში, როცა მას ხელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს. კანონმდებლებს უჭირთ პროგნოზირება, მოესწრება თუ არა კანონის მიღება კონგრესის საზაფხულო არდადეგებამდე.
ამჟამად კი ფიქტიური ქორწინება არის ყველაზე მარტივი გზა ე.წ. მწვანე ბარათის მისაღებად, რომელიც ოფიციალურად, მუშაობის ნებართვასთან ერთად, ქვეყნიდან გასვლისა და მოგზაურობის საშუალებასაც იძლევა. თუმცა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორც ამერიკულ რადიოსადგურს ნიუ იორკიდან ატყობინებენ, ქორწინება 25-30 ათასი დოლარია, პლუს საემიგრაციო სამსახურში გასაგზავნი საბუთებისთვის ოფიციალური გადასახადი, რომელიც ორი ათას დოლარამდეა და ადვოკატის თანხა. ქართველი ემიგრანტისთვის ეს იმდენად დიდი თანხაა, რომ მის შესაგროვებლად არალეგალებიი წლობით მუშაობენ.
რეფორმის მიხედვით, გართულებულია ამერიკის მოქალაქეობის მიღების პროცედურა. ყოველწლიური ლატარეით გათამაშების შედეგად, ქორწინებიდან, სამსახურიდან მიღებული მწვანე ბარათის შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეობაზე პრეტენზია პირს შეუძლია რომ ხუთ წელიწადში განაცხადოს.
საემიგრაციო რეფორმის ეკონომიკურ მოტივებზე საუბრობენ ქართველი არალეგალი ემიგრანტებიც. ნიუ იორკში მცხოვრებ ეკას 10 წელზე მეტია საკუთარი დედა არ უნახავს.
„მალე შემეძლება წავიდე საქართველოში და წამოვიდე უკან, მაგრამ ერთი მაფიქრებს, რამდენი იქნება გადასახადი, რადგან მე ვთვლი, რომ შეიძლება ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით აკეთებს ამას და საზღაური მაღალი იყოს“.
ასე რომ, არალეგალებისთვის დოკუმენტურად შეიძლება რამე გამარტივდეს, მაგრამ რეალურ ყოფაში რადიკალურად არაფერი შეიცვლება. მრავალი წლით ოჯახიდან მოწყვეტა, განუწვეტელი ფულის გროვება და სამშობლოში გადმოგზავნა მათ მომავალშიც „გარანტირებული“ ექნებათ.