თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. წვევამდელებმა საზეიმოდ ფიცი უკვე დადეს. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდება. წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილია „ევროპისკენ“.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. 104 წლის წინ ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა. საქართველო თავისუფლების დაბრუნებას კიდევ 70 წელი ელოდა.