„მაიმუნის ყვავილს“ ისეთი სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, როგორიც მაგალითად, კორონავირუსს და ეს დაავადება, სავარაუდოდ, პანდემიურ სახეს არ მიიღებს“

„მაიმუნის ყვავილს“ ისეთი სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, როგორიც მაგალითად, კორონავირუსს და ეს დაავადება, სავარაუდოდ, პანდემიურ სახეს არ მიიღებს“

კორონავირუსის პანდემიასთან 2-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეცნიერება მორიგ ვირუსსა და კიდევ ერთ, მოსალოდნელ პანდემიაზე ალაპარაკდა, რომელიც „მაიმუნის ყვავილი“-ს სახელით არის ცნობილი და მას ზოონოზურ დაავადებას უწოდებენ. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ აქტიურად ვრცელდება დ ახალი შემთხვევები დასტურდება, დიდი ბრიტანეთია.

ოფიციალური პირები ინფექციის შემთხვევების „მნიშვნელოვან ზრდას“ მიმდინარე კვირაში ელიან. როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) წარმომადგენლმა, სუზან ჰოპკინსმა განაცხადა, ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინფიცირებულებს შორის ერთ მოვლენასთან „აშკარა კავშირი“ არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, „მაიმუნის ყვავილი“ აფრიკის გარეთ იშვიათად არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ევროპაში 92 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ჩრ. ამერიკასა და ავსტრალიაში კიდევ 28 საეჭვო ინფექციაა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეპიდემიის აფეთქება შემაშფოთებელია. ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს, ისრაელმა და შვეიცარიამ აღნიშნული ინფექციის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიამ, მას შემდეგ, რაც „მაიმუნის ყვავილის“ 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, შემოიღო 21-დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც ინფექციით არის დაავადებული.

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილს“ ისეთი სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, როგორიც მაგალითად, კორონავირუსს. აქედან გამომდინარე, მისი შეფასებით, ეს დაავადება, სავარაუდოდ, პანდემიურ სახეს არ მიიღებს.

„წინასწარ მედიცინაში და მით უმეტეს, ინფექციურ დაავადებებთან რაღაც გათვლების და პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც ზოგადად, გვაქვს ისტორიულად „მაიმუნის ყვავილზე,“ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ამ დაავადებამ მიიღოს ისეთი პანდემიური ხასიათი, როგორიც ჰქონდა კოვიდს ან გრიპს, რადგან მისი გავრცელება შედარებთ რთულია. ისე მარტივად არ ვრცელდება, როგორც რესპირაციული ინფექციები და მათ შორის ვრცელდებოდა კოვიდი.

მისი გავრცელებისთვის აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი. ამასთან, თუ ადამიანი ჰიგიენურ ნორმებს იცავს და ინფიცირებულთან არ აქვს დაუცველი კონტაქტი, იყენებს პირბადეს, 100%-ით არის დაზღვეული, რომ ეს დაავადება არ დაემართოს. თუმცა, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში არსებული სიტუაცია საყურადღებოა. თუ წინა პერიოდში ამ დაავადების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, მაგალითად აფრიკაში, დღევანდელი მონაცემებით, ვისთანაც დადასტურებულა, შეხება არ ჰქონიათ აფრიკასთან. აქ არის მთავარი კითხვის ნიშანი და ამაზე მსჯელობს მეცნიერება, თუ რამ გამოიწვია ამ დაავადების ასეთი გავრცელება ევროპის ქვეყნებში.

ჯერ პანდემიაზე და მის გლობალურ პრობლემად წარმოჩენაზე საუბარი სწორი არ არის, მაგრამ საჭიროებს დაკვირვებას. ერთეული შემთხვევები შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში დაფიქსირდეს, თანამედროვე მიგრაციიდან გამომდინარე. ამიტომ, გარკვეული ღონისძიებები გასატარებელია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ჯერ რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება რთულია, თუმცა კოვიდპანდემიის პირობებში, მსოფლიო საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად ისწავლა ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვა.

„ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ, რა და როგორ იქნება, რამდენად გავრცელებადია და ასევე, რამდენად ტოქსიკური იქნება. თუ ნორმალურად მოხდება ეპიდასწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, იმედი მაქვს, რომ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა ბევრად უფრო დაბალი იქნება. მსოფლიო მოსახლეობამ მეტ-ნაკლებად ისწავლა ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვა და შევხედოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. ასევე, ეს დაავადება შესაძლოა, სქესობრივი კავშირის გზით გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობითვე, „მაიმუნის ყვავილით“ ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან.

2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. „მაიმუნის ყვავილით“ გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც.