საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან ვრცელდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია გვარამიას დაკავების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და ითხოვს, მისი დაკავების საკითხი გადაიხედოს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ითხოვს გადაიხედოს, ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას უპრეცედენტო და სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, „თანამდებობის ბოროტად გამოყენების“ გამო. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა ჟან კაველიერმა აღნიშნა, რომ გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მოვუწოდებთ სასამართლოებს, ნიკა გვარამიას ბრალი დამოუკიდებლად განიხილონ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა საქართველოში ყველა მედიისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ“, - განაცხადა კაველიერმა.