ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე:  იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან

ზოგადად, ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს - შეიძლება დავაკონკრეტოთ,- ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, დაასახელებენ თუ არა ხვალ დებატებზე პირებს, ვინც, მათივე განცხადებებით, საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტები უსაფუძვლოდ აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.

"ხვალ იქნება დებატები, ყველამ ამჯობინა, რომ 12:00 საათიდან დაწყებულიყო, შეთანხმება იყო ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გადაიდო. ჩვენ მარტივი კითხვა გვექნება, როცა აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც პუნქტობრივად ჩამოთვალონ, რის გამო არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას”,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, დააკონკრეტებენ თუ არა პირებს, ვინც მათივე განცხადებებით, საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ, კობახიძე პასუხობს, რომ "შეიძლება დავაკონკრეტოთ".

"ზოგადად, ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს", - განაცხადა კობახიძემ.