ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, იჩქერიის სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 29 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული რიგითი წევრები წინასწარ დაგეგმილი სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლნი იყვნენ.
კომისია სპეცოპერაციის დაგეგმის მონაწილე ოთხ მხარეს – რუსეთს „კავკასიის ემირატს“, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თავიდანვე აკონტროლებდა მთელ პროცესს და რიგით დივერსანტებს გამოყოფს, მთავარ მოქმედ გმირად კი ჩეჩნური მხრიდან, ახმედ უმაროვს ასახელებს.
კომისია ასკვნის, რომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების ოპერაცია ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. ოპერაცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით განხორციელდა. ჯგუფის კომპლექტაციის უშუალო ხელმძღვანელი კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს კომისიის დასკვნაზე ვერ გააკეთებს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მის კავშირს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოავლენს, მას ბრალი ავტომატურად დაუმძიმდება.
საქართველოს გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, დასკვნას ჯერ არ იცნობს, თუმცა მიმდინარე საკითხის პოლიტიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, განცხადებები გამოძიების მხრიდან მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდება, რაც ყველა ფაქტი იქნება დადგენილი.
„თემატიკა ამ გამოძიების ფარგლებში არის ძალიან ვრცელი. არაფერს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ვიმეორებ საკითხს გააჩნია პოლიტიკური შემადგენელიც, სანამ აბსოლუტურობის სიზუსტით არ იქნება დადგენილი ესა თუ ის ფაქტი და ყველა ფაქტი, აქ პოლიტიკური ელემენტის შემცველია, მანამ სამართალდამცავი ორგანოები მოერიდებიან რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებას და ფაქტის დადგენას,“ - განმარტავს არჩილ კბილაშვილი.
როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე დოკუ უმაროვის წარმომადგენლებთან საკუთარი კონტაქტების ხარჯზე, ჩეჩნებსა და სამხრეთ კავკასიის სხვა მცხოვრებლებს, რომელთაც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ, საქართველოდან დაღესტანში შესვლისთვის „კორიდორის“ გაკეთებას დაპირდა. მონაწილეობის სურვილი 200-მა ადამიანმა გამოთქვა, რომლებიც ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ. ისინი თბილისსა და პანკისის ხეობაში დააბინავეს. თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდა და მათმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა.
კომისია დარწმუნებულია, რომ ლოპოტას ხეობაში განხორციელებული შეიარაღებული სპეცოპერაცია წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა იყო. კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და შეიარაღებული პირების გამოჩენა დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლად უნდა წარმოჩენილიყო. კომისია ასევე აღნიშნავს, შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფების მომზადება თავდაპირველად რუსული სპეცსამსახურების ინიციატივებით მოხდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება პროცესს თავიდანვე აკონტროლებდა.
ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელისუფლებლო სტრუქტურების ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ლოპოტას სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ, დანაშაული ჩაიდინეს და დიდი დარტყმა მიაყენეს ჩეჩნურ-ქართულ მრავალწლიან ურთიერთობას. დასკვნას ხელს აწერს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე უსმან ფერზაული.
ჩეჩნეთის დევნილი ხელისუფლების მიერ ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით დადებული დასკვნას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლაფანყურის მოვლენების ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს. ომბუდსმენი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დასკვნას არ იცნობს, თუმცა ეს დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.
„ჩეჩნეთის დევნილი ხელისუფლების მიერ დადებული დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს და აუცილებლად უნდა მოხდეს ლაფანყურში განვითარებული მოვლენების ობიექტური გამოძიება. ეს დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომელზეც არის საუბარი ჩვენს დასკვნაში და კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას, რომ საჭიროა ამ ფაქტების გამოძიება, რადგან კითხვები კიდევ უფრო მეტია,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განსხვავებული შეფასებები არსებობს, მათ შორის მათგან ვისი უშუალო მონაწილეობაც შეიძლება დადასტურდეს. ხელისუფლება დაელოდება გამოძიებას. მხოლოდ გამოძიების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დეტალებზე,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკალაური განმარტავს, რომ ჩეჩნეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობა რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ვერსია, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, მიზანმიმართულად ემთხვეოდეს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული გამოძიების ვერსიას.
„ეს არის ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთი ჩვეულებრივი დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ვამბობ, რომ ნამდვილად არაა უნისონში სხვა დაჯგუფებებთან, მითუმეტეს ახმედ ზაკაევის ძალიან საეჭვო განცხადებების ფონზე, რაც ბოლო ხანებში ვრცელდება. იმ ჯგუფს, რომელსაც ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, შესაძლოა, კავშირში იყოს სპეცსამსახურებთან.
ფაქტია, რომ მერაბიშვილისა და სააკაშვილის ხსენება, მიუთითებს იმაზე, რომ ამ კომისიას აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური მიზანი. სავსებით არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ერთგვარი კავშირის შედეგიც საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ საქართველოს ლიდერები ტერორისტების ხელმშემწყობად წარმოაჩინონ,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ჩრდილოკავკასიელების მიზანი იყო სიმართლის გარკვევა.
„ჩვენს ჩრდილოკავკასიელ ძმებთან ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ შურისძიება არ იქნებოდა, რადგან მათი მიზანი არ იყო სისხლისღვრა. მათი მიზანი იყო მხოლოდ სიმართლის გარკვევა. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მომხდართან დაკავშირებით დავდეთ ჩვენი დასკვნა, რაც თითქმის, გაიმეორა ამ კომისიამ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად ჩრდილოკავკასიელებმა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ დანაშაულის გახსნა, სისხლისღვრის, შურისძიების, არაცივილიზებული მეთოდების გამოყენების გარეშე.
ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდება და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ და ერთობლივი ძალისხმევით ჩრდილო კავკასიელებთან ერთად მოვახერხებთ წინ აღვუდგეთ სამართლის აღდგენის შუასაუკუნეობრივ შურისძიებას. ქვეყანას და ხალხს, ეს ნამდვილად არ შეეხება, მაგრამ პიროვნებებზე ვერავინ თავს ვერ დადებს, ვერც ჩვენ,“ - აცხადებს კასრელიშვილი.
მისივე განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციას სამართლებლივი მხარე უნდა მიეცეს. იმ შემთხვევაში თუ სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირი არ გასამართლდება, ამ შემთხვევაში, იმოქმედებს შურისძიების დაუნდობელი ფორმა.
„გია ლორთქიფანიძემ და ახალაიებმა შუამავლების საშუალებით სცადეს ჩრდილოკავკასიელებთან დაკავშირება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ჩრდილოკავკასიელებმა, იგივე შუამავლის პირით, ლორთქიფანიძეს და ახალაიებს შემოუთვალეს, რომ გასაგებია თქვენ არა ხართ - მაშინ ვინ არის ეს გვითხარითო. თუ ადამიანი თავს იმართლებს და დამტკიცდება, რომ ის მართლა არ მონაწილეობდა ოპერაციაში, რა თქმა უნდა, მის მიმართ პრეტენზიები არ ექნებათ.
ის ადამინები, რომლებზეც დასკვნაშია საუბარი, აბსოლუტურად ყველა იყო ამ სისხლიან სპეცოპერაციასთან შეხებაში. მათ შორის დიმიტრი შაშკინი. ახლა, რა თქმა უნდა, სამართლებრივი სახე უნდა მიეცეს ამას. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ლაფანაყურის სისხლიანი სპეცოპერაციისათვის უნდა გასამართლდეს.
თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს არ გაასამართლებს, თუ ეს ადამიანები გარეთ დარჩებიან, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე იმოქმედებს შურისძიების დაუნდობელი ფორმა. სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანებს აკავებდა და მერე რუსეთის ხელმძღვანელობას გადასცემდა. ოთხი ჩრდილოკავკასიელი ჰყავს სააკაშვილის ხელისფლებას დაპატიმრებული და გადაცემული რუსეთის ხელისუფლებისთვის,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.