უწყლობა, გველები, ბაყაყები და კონცერტი ალვების შრიალში

უწყლობა, გველები, ბაყაყები და კონცერტი ალვების შრიალში

[ნინო მიქიაშვილი]
საკუთარ სამშობლოში დევნილადქცეულებთან, ანჩისხატის მგალობელთა გუნდი წილკნის დასახლებაში ჩავიდა და მათ სიმღერებით მოეფერა. ახალგორიდან და ლიახვის ხეობიდან იძულებით გადმოადგილებული დევნილებისთვის, სახელდახელო კონცერტი ალვის ხეების ჩრდილში გაიმართა. ამ ღონისძიების ორგანიზატორი, გერმანიაში არსებული საზოგადოება “ლილეს“ ხელმძღვანელი მარიკა ლაფაური გახლდათ. კონცერტს პრესა.გე–ც დაესწრო და თან დევნილებისგან ის პრობლემები მოისმინა და ჩაიწერა, რაც მათ აწუხებთ.

კონცერტის დაწყებამდე მარიკა ლაფაურმა, თანამემამულეებს, მათი სტუმრობის მიზანი ასე აუხსნა:

“მე წარმოვადგენ საზოგადოება “ლილეს“, რომელიც 20 წელია გერმანიაში მოღვაწეობს. ჩვენ ვართ არაკომერციული საზოგადოება, რომელიც ემსახურება საქართველოს კულტურის უცხოეთში გატანას. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ გუნდთან – ანჩისხატის მგალობელთა გუნდთან, რომელმაც მთელ მსოფლიოში დიდი სახელი მოიპოვა და რომელიც ამ ჩვენს ქართულ კულტურას და მუსიკას ინახავს.

ჩვენ ევროპაში ყოველ წელს ვატარებთ გარკვეულ ტურნეებს, იმ მიზნით, რომ ევროპას საქართველო გავაცნოთ. ომის თემა – ხალხის გაჭირვება ძნელად მისაწოდებელი იყო, მაგალითად, გერმანიაში, რადგან ჩვენი წუხილი არავის აწუხებს და აინტერესებს; პრესა და ტელევიზია ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ჩვენ რაღაცნაირად, ყველა შემთხვევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ყურადღება ცოტათი მაინც მივიქციოთ. ჩვენ წელსაც გვქონდა ძალიან წარმატებული ტურნე გერმანია–ავსტრიაში, ანჩისხატის გუნდთან ერთად.

“აგვისტოს ომის პერიოდში, ჩემი გერმანელი შვილით აქ ვიყავი და ის მძიმე დღეები თქვენთან ერთად განვიცადეთ. დღეს ჩვენ სპეციალურად არ წავედით ისეთ ადგილას, სადაც ყველა მიჰყავთ ხოლმე; მგონია რომ თქვენ აქ უყურადღებოდ ხართ. გაზაფხულზე, როცა ჩემს ერთ–ერთ კოლეგასთან საქართველოში ჩამოსული ვიყავი, ეს მიდამოები დავათვალიერე და გადავწყვიტე, რომ ჩვენი ტურნეს ფარგლებში თქვენთვის ერთი კონცერტი მოგვეძღვნა.

დღეს დილით ჩამოვფრინდი, ჩემს შვილთან ერთად და გადავწყვიტეთ აქ, თქვენთან წამოვსულიყავით. ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა ჩვენი კულტურის სიყვარულისა და მოხარული ვიქნებით, თუ ამ სიყვარულს რაღაცნაირად გაგინაწილებთ და ერთი–ორი წუთით გაჭირვებას დავივიწყებთ, იმის გამო, რომ ამ გაჭირვებას ისევ მივხედოთ“.

რამდენიმე ათეული ადამიანი ალვის ხის ჩრდილში იდგა და ანჩისხატის მგალობელთა გუნდს უსმენდა, როცა მათთან შუახანს მიტანებული, შავი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მანდილოსანი საყვედურებით მივიდა – “ამათ რა, არ იციან, რომ გვიჭირს?! წყალი არ გვაქვს, უპატრონოდ ვართ მიტოვებულები...“

ჩვენც იქვე ვიდექით. ქალბატონი ხმადაბლა საუბრობდა და შეუძლებელი იყო მისი ნათქვამი მგალობელთა გუნდის წევრებს გაეგოთ. მოსაყვედურეს საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა, როცა გუნდმა ჩონგურის თანხლებით მეგრული სიმღერა დაასრულა და სანამ კახურზე გადავიდოდნენ, გუნდის ერთ–ერთმა სოლისტმა მსმენელ–მაყურებელს ასეთი სიტყვებით მიმართა – “ყველამ ვიცით, რომ არ გემღერებათ, მაგრამ გვინდა თქვენში იმედის პატარა ნაპერწკალი ჩავსახოთ...“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ყოველთვის წეროვანში მიჰყავთ, იქ, სადაც, ისევე, როგორც წილკნის დასახლებაში, კომპაქტურად არიან ჩასახლებულები იძულებით გადაადგილებულები, ოღონდ, წეროვანში გაცილებით უკეთესი პირობებია და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა უცხოელი სტუმრებისთვის საჩვენებელი ადგილი.

წილკნის დასახლებაში ახალგორიდან და ლიახვის ხეობიდან იძულებით წამოსული 400 კომლი ცხოვრობს. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა – დღეში მხოლოდ 1 საათით მოდის წყალი, რომელიც სასმელად უვარგისია და ამის გამო, სასმელ წყალს ნატახტარიდან ეზიდებიან. წილკნის დასახლებაში ერთი ონკანით 18, ზოგგან 10 და ზოგგან 3 ოჯახი სარგებლობს. წყლის ავსების დროს ხშირად ხდება უსიამოვნება, რომელიც ხანდიხან კამათიდან ჩხუბში გადადის, რადგან წყლის მილებს სხვადასხვა ადგილებში ხვრეტენ, რითაც ნათესებს რწყავენ და ამის გამო ნაპორი კლებულობს – “წყლის ავსების დროს ვწყვიტავთ ერთმანეთს“.

კანალიზაცია გაყვანილი არ არის. სახლების წინ პატარა თხრილებია გაკეთებული, სადაც ნარეცხ წყალს ასხამენ, მაგრამ რადგან ვაკეა და თხრილებს დაქანება არა აქვს, ნარეცხი წყალი გუბდება, რის გამოც ბაყაყები ძალიან მომრავლდნენ – “აქაურობა გველებითა და ბაყაყებითაა სავსე. დღისით გველების გვეშინია, ბავშვებს ერთი წუთით ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ და ღამით ბაყაყების ყიყინი არ გვაძინებს“.

იძულებით გადაადგილებულების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სულზე 24–ლარიანი სოციალური დახმარებაა. ისინი დროდადრო მკვიდრ მოსახლეობას ნაკვეთების გათოხვნაში ეხმარებიან, მთელი დღე შრომის სანაცვლოდ 20 ლარს იღებენ – “ამაზეც ლამისაა ერთმანეთი დავხოცოთ, ერთმანეთს ვეცილებით, რადგან აქ სხვა არანაირი შემოსავლის წყარო არ არის და ეს სათოხარი კიდევ ყველას არ ჰყოფნის“.

სამი თვეა, რაც წილკნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს არ მიუღიათ დახმარება, რომელსაც თვეში ერთხელ იღებდნენ და რომელიც შემდეგი პროდუქტებისგან შედგებოდა: სულზე ნახევარი კილოგრამი შაქარი, 9 კგ. ფქვილი, 1 ლიტრა ზეთი, კილონახევარი თეთრი ლობიო, ორკილონახევარი მაკარონი.

“დახმარებები გვქონდა და 3 თვეა აღარც ზეთი მოუტანიათ, აღარც მაკარონი და აღარაფერი. პენსიას და სათოხარში აღებულ ფულს ძირითადად ფქვილში ვხარჯავთ, შიმშილით, რომ არ დავიხოცოთ. უპატრონოდ მიგდებულები ვართ. აქ არც სტუმარი მოჰყავთ და არც თავად მოდიან. წეროვანში აქვთ საჩვენებელი სიტუაცია. უწყლოდ ვიხრჩობით. ამბობენ, რომ წყალი გამოჰყავთ და 15 აგვისტოდან იქნება. ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ შარშანაც ასე ამბობდნენ და დღემდე უწყლოდ ვართ “, – უთხრეს პრესა.გე–ს დევნილებმა.