ზაალ ჟვანია იმ ბიზნესმენთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ ჯერ კუთვნილი ბიზნესი წაართვა, მოგვიანებით კი თაღლითობის ბრალდებით დააკავა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბიზნესმენს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგარანტიო წერილის გაყალბებაში სდებდა ბრალს. „კავკას ტრანს ექსპედიტორი ევროპა-აზიას“ დამფუძნებელისთვის ბიზნესის ჩამორთმევის და ხელისუფლებისთვის გადაფორმების საქმეს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კურირებდა. ამ საქმეში მონაწილეობდენენ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.
დაკავებულ ბიზნესმენს შესთავაზეს, რომ მინდია უგრეხელიძის, ჯონი ხეცურიანის, ნუგზარ შევარდნაძის, კაკო ჩხაიძის და ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, თითქოსდა მათთან ერთად ფინანსურ მაქინაციას აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უარი განაცხადა ამ ადამინების დასმენაზე, მისი ორივე შვილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, წაართვეს ბიზნესი, დაუყადაღეს კუთვნილი ქონება. ბიზნესმენის ოჯახი ქუჩაში დარჩა. ზაალ ჟვანიასთვის წართმეული ქონება 18 მილიონ ლარს შეადგენს.
ზაალ ჟვანია: „პერესტროიკის“ დროს საკუთარი ღვინის ქარხანა მქონდა. 90-იანი წლებში ამიერკავკასიაში ჩამოვაყალიბე ორგანიზებული ნავთობის ბიზნესი, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში და ჩვენი პორტებიდან გაგქვონდა სხვადსხვა ქვეყნებში ნავთობპროდუქტები. 1988 წლიდან დაწყებული შეუფერხებლად ვმუშაობდი, სანამ სახელმწიფო სტუქტურები არ ჩაერივნენ ჩვენს საქმეში. ჩემი ჩამოყალიბებულია „კავკას ტრანს ექსპედიტორი ევროპა-აზია“. პარტნიორი იყო ჩეჩნეთის მთავრობა. მჭიდრო კონტაქტი გვქონდა აზერბაიჯანის მთავრობასთან. შევარდნაძის პერიოდში სასამართლო გაცილებით დამოუკიდებელი იყო. დავა მქონდა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატთან და მოვუგე საქმე ყველა დონის სასამართლოში, მაგრამ ფული არ გადამიხადეს. საქართველოში პირველმა გავხსენი გაკოტრების საქმე.
შევარდნაძის უშუალო ჩარევით მთავრობის სხდომაზე განიხილეს გაკოტრების საქმე. სახელმწიფომ ივალდებულა ამ ვალის გასტუმრება. გამოუშვეს N90 ბრძანება, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემი ვალი უნდა ამომეღო ჩემი მუშაობით, რაც მომგებიანი არ იყო ჩემთვის, მაგრამ დავთანხმდი. ამის შემდეგ, „ყაზბეგი-კასტელთან“ შერწყმა-მიერთება გავაფორმე, რის შედეგადაც ერთობლივი მუშაობით უნდა ამოგვეღო ეს დავალიანება, მაგრამ ეს რომ მაშინდელმა შემოსავლების მინისტრმა, მიხეილ მაჭავარიანმა გაიგო, გამოუშვა ბრძანება, რომელმაც გააუქმა მთავრობის N90 ბრძანება და ჩემი ფულის ამოღებაც შემიზღუდეს.
რა მოტივით მიიღო მაჭავარიანმა მთავრობის N90 ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილება?
- იმ მოტივით, რომ ბიუჯეტს შემოსავალი დააკლდებოდა. პარადოქსია, თვითონ უშვებენ ბრძანებას და მერე ამ ბრძანებაზე მედავებიან... მოკლედ, რადგან, ჩემი ბრძანება არ მოქმედებდა მე და გოგი თოფაძე გავიყავით და სამართლებლივი დავა გავაგრძელე. სარჩელი შევიტანე საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლომ N90 ბრძანება დამიკმაყოფილა. ჩემი მოწინააღმდეგე მაშინ იყო პრეზიდენტი და ფინანსთა სამინისტრო. საქმე იმდენად მარტივი იყო, რომ სასამართლომ ვერ გაბედა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ამათ რომ ვთხოვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ბრალდება შემითითხნეს, იმაიმუნეს და დამიჭირეს.
როდის მოითხოვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება?
- 2003 წლის იანვარში მოვიგე საკონსტიტუციო სასამართლო. პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს მივწერე, რომ აღასრულეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება-თქო, რადგან ფინანსთა სამინისტრო და პროკურატურა არ ასრულებდა. ყველა ჩემი მიმართვა რეაგირების გარეშე რჩებოდა. ამიტომ, დახმარება ვთხოვე ქვეყნის პირველ პირს. 2004 წელს მივწერე სააკაშვილს ეს წერილი. ამის მერე რევიზიაზე გადააგზავნეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამათმა იუსტიციის სამინისტრომ თავისი დასკვნა დადო და თქვა, რომ ჟვანია მართალია და უნდა აღსრულდეს მის მიმართ გადაწყვეტილებაო. ამის მერე საერთოდ დაბლოკეს, არაერთგზის შეხსენების მიუხედავად 2009 წლამდე მოვედი. დღესაც ძალაშია ეს გადაწყვეტილება და დღესაც არ სრულდება.
ამ წლების განმავლობაში იყო ბიზნესზე ზეწოლა?
-რა თქმა უნდა. იყო როგორც ზეწოლა, ასევე მუქარები.
იმ მოტივით გემუქრებოდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის აღსრულებაზე გეთქვათ უარი?
- რა თქმა უნდა და ჩუმად უნდა ვყოფილვიყავი. ეს მუქარები მოდიოდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მე მიპირისპიდებოდა ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მათი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა. მაფრთხილებდნენ, რომ დათმე შენი ბიზნესი, უარი თქვი საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულებაზე, თორემ დაიღუპები, შვილები გყავს არ დაივიწყოო. შვილებით მემუქრებოდნენ. რომ ვერაფერი მომიხერხეს 2009 წელს დამაპატიმრეს.
რა ბრალდებით დაგაპატიმრეს?
- თაღლითობის ბრალდებით დამაპატიმრეს. თითქოსდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგარანტიო წერილი გავაყალბე. თქვენ რომ საგარანტიო წერილს მაძლევთ, იმას როგორ გავაყალბებ? - ასეთი აბსურდული მოტივით დამაკავა ფინანსურმა პოლიციამ, მაგრამ აქ ჩართული იყო პირადად ზურაბ ადეიშვილი, ის კურირებდა ამ საქმეს. მომისაჯეს 6 წელი და 6 თვე. მთხოვდნენ მინდია უგრეხელიძეზე, ჯონი ხეცურიანზე, ნუგზარ შევარდნაძეზე, კაკო ჩხაიძეზე და ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მოგვეცი ჩვენებაო. ნოღაიდელი ჩემი მტერი იყო, მაჭავარიათან ერთად მებრძოდა, მაგრამ ცილი ვერ დავწამე.
რა სახის ჩვენებას ითხოვდნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ?
- უნდა დამებეზღებინა ესენი, თითქოს, ამათთან ერთად ფინანსურ მაქინაციას ვაწარმოებდი. თითქოს, ქრთამები მივეცი და ამიტომ მიიღეს ეს გამამართლებელი გადაწყვეტილება. არადა ამ ადამიანებს ტელევიზორიდან ვიცნობდი მხოლოდ. პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამესახელებინა ეს ადამიანები. მემუქრებოდნენ, თუ არ დაასახელებ შვილებს დაგიჭერთ, 9 წელს მოგისჯითო. არ ვიცნობ ამ ადამიანებს და რანაირად უნდა დავწამო ცილი-თქო, 60 წლის კაცი ვარ და უდანაშაულო ხალხი რანაირად უნდა გავწირო-თქო.
როდესაც უარი უთხარით გამოძიებას თანამშრომლობაზე, ამის მერე როგორ განვითარდა პროცესები?
- ამის მერე მომისაჯეს 6,5 წელი. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, რომ მოსამათლემ მიუხედავად ზეწოლისა 6,5 წელი მომისაჯა. მათი მთავარი მოტივი იყო ჩემი ბიზნესი მათ კუთვნილებაში გადასულიყო. ერთ პერიოდში ფასებს მე ვადგენდი საწვავზე და ჩემზე სწორდებოდა ყველა. ყველაფერი წამართვეს და სოკოებივით გამრავლდა მერე ეს ფირმები. ადგილი მოუსუფთავეს კეზერაშვილს და სააკაშვილს... რომ ვერ დამითანხმეს, მერე ჩემი ორივე ბიჭი ერთად დაიჭირეს. მითხრეს, გავუშვებთ ბავშვებს თუ ამ ხალხზე იმას იტყვი რასაც გთავაზობთო.
ამის მიუხედავად, ჩვენება არ მიეცით?
- არა და ადგნენ და ხელმეორედ დამაპატიმრეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორთაჭალის ციხეში მჯდომი პატიმარი დამაპატიმრეს და მომისაჯეს 2 თვიანი პატიმრობა.
რატომ დაგაგაკავეს?
- თითქოსდა ქრთამის სანაცვლოდ ტელეფონი შემოვატანინე ციხეში და ვსარგებლობდი, რაც აბსურდი იყო და ვერ დამიმტკიცეს, ამიტომ, მერე მომედავენ, თურმე, ვიცოდი, რომ საკანში სხვები სარგებლობდნენ ტელეფონით და ამ ცოდნის გამო დამიმატეს 8 წელი და 6 თვე. საერთო ჯამში 15 წელი მქონდა მისჯილი. მოვიხადე 4 წელი. 13 იანვარს საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე დავტოვე.
ამ დროისათვის, საწვავის ბიზნესზე მონოპოლია აღებული ჰქონდა პრეზიდენტის ძმას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს...
- პირდაპირ პრეზიდენტის ოჯახიდან მოდიოდა ჩემი დატერორების ბრძანება, რადგან ჩემი წერილებით ვაწუხებდი, რაზეც პასუხი არ ჰქონდათ. 2009 წელს უკვე ავტომატურ რეჟიმში დგებოდა საკითხი 18 მილიონის გადახდაზე. დღეს ჩემი ბიზნესი გაფანტულია, დავით კეზერაშვილის ფირმა „გალფი“ პრეზიდენტის ძმამ და ამათმა გაინაწილეს. მე დღეს არაფერი არ გამაჩნია. ქონება დამიყადაღეს იმ მოტივით, რომ თითქოსდა, 4 200 ლარი ვალი მქონდა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი. ამ დროს აქეთ ჰქონდათ ამხელა ფული გადასახდელი.
ახლა რას აპირებთ?
- არაფერს. მე მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს. ახლაც აღსრულების მოლოდინშია ეს გადაწყვეტილება.
ქონება, რომელიც წაგართვათ ხელისუფლებამ, რამდენს შეადგენს?
- იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის დადგენილებით ეს არის 18 მილიონი ლარი. პლუს დამიყადაღეს ქონება და 3 მილიონი დოლარი ნაღდი ფული წამართვეს. რაღაცა მახინაციები ჩაატარეს, არარსებული ოპერაციები დამაწერა საგადასახადომ, რომელიც მე არ მიწარმოებია. მიმდინარე გადასახადი 6 მილიონ ლარზე ამიყვანეს, დღესაც მერიცხება საურავები. ბოლო მონაცემებით 11 მილიონი ლარია ჯარიმა.
აპირებთ ამ თანხების გადახდას?
- არა. მე მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს აუქმებს. აგერ, ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილი დასაჯეს, ადეიშვილი გაქცეულია. სააკაშვილის მეთაურობით მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება იყო საქმის კურსში. ეს ადამიანები რომ დაკითხონ, მერწმუნეთ, იტყვიან რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დავალებით ხდებოდა. პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
პატიმრობაში მყოფ თქვენს შვილებზე რა სახის ზემოქმედება ხორციელდებოდა?
- უმძიმეს მდგომარეობაში აყენებდნენ, რომ მე მომსვლოდა ხმა და რამენაირად მეშველა შვილებისთვის. ცემისგან სამჯერ ტვინის შერყევა მიაღებინეს. სცემდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით. შედიოდნენ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემდნენ უმოწყალოდ თანასაკნელების წინ, მაგრამ გავუძელით ამ ზეწოლას.
თქვენს შვილებს რომ სცემდნენ, ამას ადმინისტრაცია გაგებინებდათ?
- რა თქმა უნდა. პირადად ჩემზე არ ყოფილა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. იმიტომ, რომ ყველაფერს წერილობით ვწერდი. თუმცა, ფსიქოლიგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავი, თითქმის ყოველდღე მთხოვდნენ - მოაწერე ხელი და შენც და შენს შვილებსაც გავუშვებთო.
ციხეში თქვენს შვილებთან შეხვედრის საშუალება გქონდათ?
- არა, შეხვედრის საშუალება არ გვქონდა, თუ შემთხვევით შევხვდებოდით ერთმანეთს.
ამათმა, ჩემი ფირმის საქმე ორად გაყვეს. ერთ-ერთი საქმე ჩემს დირექტორზე აღძრეს, თითქოს, 1996 წელს, თაღლითობა ჩავიდინე და ჩემი დირექტორი ბიუჯეტში გადასახადის გადაუხდელობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ციხეში მოკლეს. აბსოლუტურად ჯანმრთელი კაცი შეიყვანეს ციხეში და 1 წელიწადში მკვდარი გამოიტანეს. მის შვილს აიძულებდნენ დაეწერა, თითქოს, დაკავებამდე ტუპერკულოზი ჰქონდა, რაზეც მან უარი განაცხადა.
შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდებოდა გლდანის ციხეში?
- მე ამერიკულ ფილმებშიც მინახია ცემა, მერწმუნეთ, რომ ის არაფერია, რაც იქ იყო. რა ხდებოდა ამას ვერ გადმოგცემთ. ერთ კაცს დაესეოდა 20 კაცი და სანამ არ დაიღლებოდნენ, მანამდე ცემდნენ. გამიზნულად ურტყამდნენ თირკმლებში, ისეთ წერტილებში ურტყამდნენ, რომ პატიმარი დაავადმყოფებულიყო. ამ ცემის ფაქტებს რომ შევესწრებოდი, საკუთარი თავიც მეზიზღებოდა. ღამე წივილ-კივილი მესმოდა. რამდენჯერ თავი ჩამირგია ბალიშში და მიტირია, მამაკაცის ტირილის ხმა მესმოდა, ეს საშინელებაა... ახლა უსუფაშვილი გამოდის და იძახის, რომ ვაპატიოთო, ვინ კითხავს მას ვინმეს პატიებას?! შემთხვევით მოხდა მისი 2%-იანი პარტიით პარლამენტში. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ქვედა რგოლი იყო სწორედ, რომ სადისტობდა. ოღონდ ზემდგომებისთვის ესიამოვნებინათ და სიკვდილამდე მიჰყავდათ პატიმრები.
რამდენადაც ვიცი, თქვენ დღეს არც საცხოვრებელი სახლი გაგაჩნიათ...
- არაფერი არ მაქვს. ველოდები ჩემი საქმის გადახედვას. გვიხსნიან, რომ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, სასამართლო უნდა განთავისუფლდეს, მაგრამ დაჩქარებული წესით მინდა სამართლის აღდგენა. ისე გამიუბედურეს ოჯახი, რომ მეუღლე ფსიქიურად დაავადდა. ახლახან გამოვიყვანე საავადმყოფოდან. ქმარი და შვილები დაუჭირეს, შვილიშვილები ქუჩაში გაუყარეს, დარჩა ქუჩაში, ხან ვისთან იყო, ხან ვისთან.