ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება

ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება

ახალი ხელისუფლება ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე 12-მა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტთა პაკეტი, რაც საქართველოში უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას შეეხება. წულუკიანის თქმით, აქამდე საქართველოს საემიგრაციო პოლიტიკა არ ჰქონია, ამიერიდან კი ქვეყანა გადადის ეპოქაზე, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკა ექნება.

„ჩვენ გვექნება მკაფიო მიდგომა უცხოელებისადმი და მათი სამართლებრივი მდგომარეობისადმი, როდესაც ისინი შემოდიან და სხვადასხვა მიზნით რჩებიან საქართველოში. გადაიხედება ვიზების კატეგორიები, განახლდება, შეიცვლება და შინაარსობრივად ხელახლა იქნება გადააზრებული“,  - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, განმარტა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ სხვადასხვა მიდგომა შეიძლება შეირჩეს. თუ აქამდე კანონი არეგულირებდა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ, ამიერიდან ამ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

კერძოდ, საკანონმდებლო ჩარჩო უფრო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესზე იქნება მორგებული და იგი დაიცავს შრომის ბაზარს, ასევე, როგორც უცხოელების, ისე ქართველების სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.

აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება. უკვე ცნობილია, რომ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შს საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

დემოგრაფი ანზორ სახვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი მართლაც უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, არავინ იცის, რამდენი უცხოელი შემოდის ქვეყანაში და რამდენ ხანს რჩება, რადგან საქართველოს მიგრაციის სამსახურს არ გააჩნია ეს მონაცემები, რაც მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ნაკლი არ არის. საერთაშორისო პრაქტიკაშიც ასევეა და მიგრაციული ნაკადის რაოდენობა ძალიან რთული დასადგენია. მეტიც, არასწორად აღრიცხავენ ხოლმე მიგრანტად ყველა იმ ადამიანს, ვინც კი საზღვარი გადმოლახა, მიუხედავად იმისა, რამდენი ხნით დარჩა ან რა მიზნით იყო ჩამოსული საქართველოში.

დემოგრაფის თქმით, უცხოელი მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა შეიძლება ასე უცბად არ აისახოს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მაგრამ უახლოეს მომავალში, თუკი ასე გაგრძელდება, ეს გაართულებს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობას. ბევრი ემიგრანტი შეიძლება გაურკვეველი ვადით დარჩეს, დაოჯახდეს, მიწები შეიძინოს, რაც სხვა ქვეყნის მიწებთან შედარებით საქართველოში გაცილებით იაფია.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ გადაცემაში ჩემთვის გასაოცარი ინფორმაცია ახსენა, რომ საქართველოს თურმე შეუძლია, 142 ქვეყნიდან თავისუფლად მიიღოს მოქალაქეები ყოველგვარი ვიზის გარეშე. ანუ ბურკინაფასოს ან მაპუტუს მოქალაქეები უპრობლემოდ შემოვლენ საქართველოში, თუკი ისინი 142 ქვეყნის სიაში ხვდებიან. ეს მაშინ, როცა საქართველოს ანალოგიური პირობებით მხოლოდ 20 ქვეყანასთან შეუძლია ისარგებლოს. ანუ ჩვენ შეგვიძლია უვიზოდ გავიდეთ უკრაინაში, ბელორუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მაგრამ არა უმეტეს 20 ქვეყნისა. ეს არის სწორედ ე.წ. ლიბერალური იმიგრაციული პოლიტიკის შედეგი. ვფიქრობ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ წინა ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე განვითარებულიყო“, - აცხადებს ანზორ სახვაძე.

ამასთან, ადასტურებს, რომ სხვა ქვეყნებში ასეთი ლიბერალური პოლიტიკა არ აქვთ. მაგალითად, თავის დროზე გერმანიამაც უპრობლემოდ მიიღო არაერთი მიგრანტი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ გერმანიას, განსაკუთრებით, დასავლეთ გერმანიას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უარყოფითი ბუნებრივი მატება ჰქონდა. ანუ ყოველწლიურად იქ უფრო მეტი ადამიანი კვდებოდა, ვიდრე იბადებოდა. სწორედ ამის ხარჯზე გერმანელებს გაუჩნდათ შრომითი რესურსების დეფიციტი. მათ ჰქონდათ ქარხნები, დაზგა-დანადგარები, რომლებიც მუშახელის არარსებობის გამო გაჩერებული იყო. ამიტომაც სამუშაო ძალის დეფიციტის შესავსებად იძულებულნი იყვნენ, მიეწვიათ მუშახელი სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკურებით, თურქეთიდან ჩადიოდნენ გერმანიაში. საქართველოში კი სამუშაო ძალის დეფიციტი ნამდვილად არ არის. ამის აუცილებლობა მაშინ დადგება, თუკი ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან და ამის შემდეგ კიდევ სამუშაო ძალის დეფიციტი გვექნება. ეს კი უახლოეს პერსპექტივაში ძნელი წარმოსადგენია.

ანზორ სახვაძის თქმით, საერთოდ, მიგრაციის შესახებ როცა მსჯელობენ, ძირითადად არეგულირებენ ხოლმე იმიგრაციის და არა - ემიგრაციის საკითხს. ანუ, თუკი ჩვენი ქვეყნიდან ვიღაც უცხოეთში გამგზავრებას ემიგრანტის სტატუსით აპირებს, ეს უკვე ჩვენი საზრუნავი არ არის და იმ ქვეყანამ უნდა იკითხოს, სადაც ის ჩავა, მაგრამ ჩემი, როგორც ქვეყნის საზრუნავია სწორედ იმიგრაციის საკითხის დარეგულირება, ანუ ვინ შემოვუშვა საქართველოში, რა რაოდენობით, როდის და რა კატეგორიის ადამიანები. სწორედ ამას უნდა ითვალისწინებდეს იმიგრაციის შესახებ კანონი და საამისოდ კვოტაც უნდა დადგინდეს. თუმცა ამ ეტაპზე კვოტაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს უნდა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მისი პერსპექტივის, სამუშაო ძალის ბალანსის გათვალისწინებით.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ეთანხმება თეა წულუკიანს, რადგან არ შეიძლება, საქართველოში ყველა ასე განუკითხავად შემოდიოდეს. ექსპერტის თქმით, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ვიზის გარეშე შემოდიოდნენ ეკონომიკურად ჩამორჩენილი აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, რასაც გამოსწორება სჭირდება. მით უფრო, რომ თავდაპირველად ერთი-ორი კაცი შემოდიოდა აფრიკიდან, შემდეგ კი დაიწყო ჩინელების, ინდოელების, პაკისტანელების მასობრივი შემოსვლა. ამ ადამიანების სიმრავლე ქალაქშიც იგრძნობა, რაც ჩვენისთანა პატარა ერისთვის სახიფათოა.

ანზორ თოთაძის აზრით, თუ ჩვენ გვინდა, ამ გლობალურ სივრცეში გადავრჩეთ, პირველ რიგში, უნდა დაწესდეს კვოტა, თუ რამდენი უცხოელის მიღება შეგვიძლია და ეს ყველაფერი კანონმა უნდა განსაზღვროს.

მისი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი უცხოელი ჩვენს ქვეყანას მესამე ქვეყანაში გადასასვლელად იყენებდა, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე საქართველოში დარჩა, მიწები იყიდა, სოფლებში დასახლდნენ და ქართველი ქალები მოიყვანეს ცოლად.

„გოეთე აღნიშნავდა, ნიადაგიც კი ახდენს გავლენას პიროვნებაზეო. სამწუხაროა, რომ ეროვნული თვალთახედვიდან ჩვენში ბევრი რამ მიიჩქმალა. არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ შეიძლება, ასე ხელაღებით გაყვე ადამიანს, რომლის არც ენა იცი, არც მენტალობა, არაფერი გაქვს მასთან საერთო. ამიერკავკასიელი ხალხების ბუნებრივი პირობები ერთმანეთს ჰგავს, ისტორიულადაც ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ერთნაირია, მაგრამ ჩვენ რომ ვიღებთ ასე ხელაღებით სხვა ეროვნებებს და ვეპატიჟებით, ამას ვერ ნახავთ ვერც აზერბაიჯანში და ვერც სომხეთში. ისინი კბილებით იცავენ თავიანთ მიწას, ჩვენ კი არ გვაინტერესებს არც ქართული მიწა და არც ეროვნული თავმოყვარეობა“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს მოსახლეობის აღწერა ჩატარდება და სწორედ ამ აღწერით გაირკვევა, რამდენი ჩინელი და თურქი იბადება საქართველოში, თორემ დღემდე არავინ იცის, რამდენი უცხოელი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული მავნებლური კანონი მართლაც გადასახედია და საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ნამდვილად არ ყოფილა მიმართული. ამიტომ ამ თვალსაზრისით საჭიროა გონივრული პოლიტიკის გატარება, სიმკაცრე, ამავდროულად, გახსნილობა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს. უფრო მეტიც, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო ჩაკეტილი ქვეყანა იქნება და უცხოელების მიმართ ფობიები გაგვიჩნდება. უბრალოდ, უცხოელების მიღების პოლიტიკა უნდა გასწორდეს.

„წინა ხელისუფლებამ ლიბერალური კანონმდებლობა მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ. ამ დროს 70%-იანი უმუშევრობა იყო ჩვენს ქვეყანაში, სიღარიბეში იხრჩობოდა საქართველო. როცა ქვეყანაში ასე უკონტროლოდ იყიდება სასიცოცხლო რესურსი - მიწა, ეს უკვე პოლიტიკური შეფასების ჭრილში უნდა იყოს გადაყვანილი და წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს. ჩვენმა საზოგადოებამ ეს უნდა გააკეთოს. მე პირადად არ ვიცნობ ისეთ ქვეყნებს და მის უპასუხისმგებლო ხელისუფლებებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრად ეკიდებიან. შეიძლება ხელისუფლება სუსტი იყოს და რაღაც ვერ გააკეთოს, მაგრამ რომ უმტროს საკუთარ ქვეყანას და ასე ხელაღებით შემოიყვანოს უცხოელები, ამის მაგალითი არსად მეგულება“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.