Pussy Riot რუსი პანკ აქტივისტების ჯგუფია, რომელიც წლებია, პუტინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებს და უპირისპირდება. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მარია ალიოხინამ რუსეთს თავი კურიერის ფორმაში გადაცმულმა დააღწია.
როგორც მარია New York Times-ს უყვება, უამრავი დაკავების მიუხედავად თავდაპირველად რუსეთის დატოვებას არ აპირებდა, თუმცა რადგან ამჯერად გასახლება და პატიმრობა ელოდა, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.
ალიოხინა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთავრობის კრიტიკის გამო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მან კურიერების მწვანე ქურთუკი ჩაიცვა, კურიერის ჩანთა მოირგო და სახლიდან გამოიქცა. ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ ის ჯერ ბელორუსში, შემდეგ კი ლიეტუვაში გადავიდა.
"ვფიქრობ, რუსეთს არსებობის უფლება არ აქვს. აქამდეც კი იყო კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ, რა ფასეულობების ხარჯზეა ქვეყანა გაერთიანებული და რა ხდება. ახლა კი მგონია, რომ კითხვაც კი აღარ არსებობს", — ამბობს მარია.
Pussy Riots მსოფლიომ 2012 წელს გაიცნო, როცა მოთხილამურეების ნიღბებით სახედაფარულმა წევრებმა სიმღერით გააკრიტიკეს კრემლი და პუტინი. ალიოხინა და ჯგუფის კიდევ ორი წევრი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას შემდეგ ისინი აქტივიზმისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო კიდევ არაერთხელ დააკავეს.
ალიოხინას თქმით, რუსეთში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ჯერ ისლანდიაშია, სადაც ხელოვანებთან, მათ შორის ბიორკთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული.