საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში ვერც წელს იმღერებს. ჯგუფი ცირკუს მირკუსი მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.
2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა ბენდმა სიმღერა Lock Me In შეასრულა, თუმცა, ნახევარფინალის საუკეთესო ათეულში მოხვედრა ვერ შეძლო.
ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ შოუში ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეთოთხმეტედ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ზედიზედ მე-5 წელია, საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიის ფინალში გადასვლას ვერ ახერხებენ — 2016 წლის შემდეგ ქვეყანა ნახევარფინალური ტურიდან ეთიშება ფესტივალს. ევროვიზიაზე 14-ჯერ მონაწილეობის შემდეგ კი საქართველოს საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.
ცირკუს მირკუსი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს წარმომადგენლად გასული წლის ნოემბერში, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.