რეჟისორი დევი აბაშიძე ერთ უცნაურ შემთხვევას არაერთხელ იგონებდა:
„ერთხელ მე და დოდო აბაშიძე ერთად წავედით მანქანით კარლოვი ვარში დასასვენებლად. წავედით აქედან შეიარაღებულები – იმდენი ღვინო და კონიაკი წავიღეთ, ძლივს იძროდა მანქანა.
ჩავედით პრაღაში. იქ ცხოვრობდა დოდოს დედის – ქალბატონი ნინო ანდრონიკაშვილის ნათესავი და ჩასვლისთანავე მისი ძებნა დავიწყეთ. ვინც არ გავაჩერეთ, ვერაფერი გვითხრეს, ბოლოს ერთი რუსულის მცოდნე შეგვხვდა.
ამ ადამიანმა ქაღალდი გვთხოვა და ხაზვა დაიწყო, თან გვეუბნებოდა, ორი შუქნიშნის შემდეგ მარცხნივ გაუხვიეთ, მერე სამი შუქნიშნის შემდეგ მარჯვნივ და ასე შემდეგ. ამ კეთილ კაცს მადლობა გადავუხადეთ და დავადექით გზას.
ბევრი ვიარეთ და ბოლოს სასაფლაოს მივადექით. გაბრაზების მაგიერ, დოდოს სიცილი აუტყდა, თან წამოიძახა, „ახია ჩვენზე, ჩვენისთანა ხალხის ადგილი მართლაც აქ არისო”. მერე მანქანიდან ერთი ბოთლი ღვინო ამოიღო და იქ, სასაფლაოზე დაკრძალული ჩეხებისა და სლოვაკების სადღეგრძელო შესვა.
ამ რიტუალის აღსრულების დროს კაცი შემოგვესწრო, რომელმაც ქრთამით (ორი ბოთლი ღვინო მივეცით) სწორი გზა გვასწავლა.”