ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც 2003-2010 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო ცოტა ხნის წინ დიდ კინოში დაბრუნდა.
გასულ წელს მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კინოსურათში „მოუხელთებელნი“, მიმდინარე წლის 16 იანვარს კი მსოფლიო ეკრანებზე მისი ახალი ფილმი - „გმირის დაბრუნება“ გამოვიდა.
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში „რკინის არნი“ რეჟისორ რენდალ უოლესის ფილმში “With Wings as eagles“ ასაკში შესულ ჯარისკაცს ითამაშებს, რომელსაც ომის დასასრულს ბავშვების დახოცვას უბრძანებენ.
იგი ბავშვებს საიმედო ადგილზე დამალავს. ამ სცენარმა შვარცენეგერი ჯერ კიდევ პოლიტიკაში წასვლამდე დააინტერესა.
მსახიობის თქმით, გუბერნატორის თანამდებობამ 200 მილიონი დოლარი დააკარგვინა. დაკარგული როლები და ხარჯები დაახლოებით ამ თანხას შეადგენდა. მსახიობი არ ნანობს და ამერიკულ მას-მედიაში წარსულ სამსახურს ხშირად იხსენებს.
“ვერ ვიტანთ შენს სამსახურს, მეუბნებოდნენ ცოლი და შვილები, როცა ყოველ ორშაბათს დილით ლოს-ანჟელესის სახლს ვტოვებდი და მთელი კვირით მივფრინავდი შტატის დედაქალაქში სამუშაოდ. სულისშემძვრელი იყო”, - აღიარებს აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი.