ამერიკული მას-მედიის ცნობით, მსახიობმა ბრედ პიტმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და კინოპროდიუსერის რანგში, ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორისა და მომღერლის,ჯონ ლენონის ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღების ორგანიზებას შეუდგა.
ბრედ პიტი სათავეში ჩაუდგა იმ ჯგუფს, რომელმაც უახლოეს მომავალში ლენონზე სურათი უნდა გადაიღოს. თავად ამერიკელ მსახიობს განზრახული აქვს, რომ ჯონ ლენონის როლი თავად შეასრულოს.
ახლახანს ბრედ პიტი ნიუ-იორკში შეხვდა გარდაცვლილი ექს-„ბითლზის“ მეუღლეს, იოკო ონოს და მასთან ერთად განიხილა ამ ახალი კინოპროექტის თითოეული ნიუანსი. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ბრედმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ იოკო ონომ ეს იდეა მოუწონა და დახმარებასაც შეპირდა.
მხატვრულ ფილმს შესაბამისი სცენარი ესაჭიროება, ამიტომ პიტმა პროფესიონალი კინოსცენარისტი უკვე დაიქირავა. მას განზრახული აქვს, რომ ამ სურათში თავადაც იმღეროს, ამიტომ ვოკალური ხელოვნების შესწავლას სერიოზულად მოკიდა ხელი. მისი ახლობლები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტი საათობით დგას სარკის წინ და ჯონ ლენონისათვის დამახასიათებელ მიმიკასა და ჟესტიკულაციას ამუშავებს.
მომავალი ფილმის სახელწოდების შესახებ უცხოური ტაბლოიდები არაფერს იუწყებიან. უცნობია ამ მხატვრული სურათის რეჟისორის ვინაობაც. კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ამ საპატიო მისიას მშვენიერი ანჯელინა ჯოლი შეასრულებს. ანჯელინასათვის ეს სარეჟისორო დებიუტი იქნება.