რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალ სეზონში იტალიურ კლუბ „რომას“, ცნობილი ფრანგი ფეხბურთის სპეციალისტი ლორან ბლანი ჩაიბარებს.
47 წლის ბლანი 2010-2012 წლებში, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.
ცნობილი გახლდათ, რომ „რომა“ იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტ მასიმილიანო ალეგრის უნდა ჩაებარებინა. რომაელი გულშემატკივრების სამწუხაროდ, სენიორ მასიმილიანო კლუბი „მილანის“ დამრიგებლის თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს.
მილანური გუნდის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ალეგრის ჩანაცვლება 36 წლის ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფით სურდა, მაგრამ ამ სამწვრთნელო გადაადგილების წინააღმდეგ კლუბის თაყვანისმცემლებმა აქტიურად გაილაშქრეს.
ოფიციალური ცნობით, „მილანის“ ახალი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს დღეებში შევიტყობთ. კულუარული ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი თანამდებობას მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.
„რომას“ ხელმძღვანელობას ალეგრის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ბატონ მასიმილიანოს საკუთარი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ იტალიის დედაქალაქის კლუბს სათავეში ფრანგი ფეხბურთის სპეციალისტი ლორან ბლანი ჩაუდგება.