გუშინ საღამოს, გამოცემამ „Sky Italia” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა ბოლო წლებში საკუთარი პროფესიული კარიერა ისე წარმართა, რომ „ხურდაში“ გადაიქცა და მის პერსონას მოთამაშეთა სატრანსფერო ბაზარზე სერიოზულად აღარ განიხილავენ.
მიმდინარე წლის 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანის შეძენა სერიოზულად გადაწყვიტა.
სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 60-63 მილიონ ევროს შეადგენს. ურუგვაელის ყიდვა ადრე კლუბ „მანჩესტერ სიტის“ სურდა. გუშინ საქმეში ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი ჩაერია.
ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა დიეგო მარადონას ყოფილ გუნდს კავანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო და „ხურდაში“ ფერნანდო ტორესი შესთავაზა.
იტალიური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, „ნაპოლის“ მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა მოფიქრებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა.
კულუარული ცნობით, კავანი ალბათ კარიერას ჟოზე მოურინიოს ახალ გუნდში გააგრძელებს, ფერნანდო ტორესი კი მზიურ იტალიაში გადაბარგდება.