ირაკლი ქადაგიშვილი: ორი კვირის წინ, ვუყურებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოდან, ამბოხისკენ, მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებდა - ახლა, უცებ, ისევ გვეუბნებიან, რომ დღე დღეზე, შეიძლება, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგეს

ირაკლი ქადაგიშვილი: ორი კვირის წინ, ვუყურებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოდან, ამბოხისკენ, მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებდა - ახლა, უცებ, ისევ გვეუბნებიან, რომ დღე დღეზე, შეიძლება, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პირობა აქვს შექმნილი.

„ორი კვირის წინ, ჩვენ ვუყურებდით, რომ ის სასამართლოდან, ამბოხისკენ, მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებდა და ა.შ. ახლა, უცებ, ისევ გვეუბნებიან, რომ დღე დღეზე, შეიძლება, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგეს. სახელმწიფო, რომელიც ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ მას ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, კვების, სუფთა ჰაერზე ყოფნის ყველანაირი პირობა აქვს, შეუზღუდავია მასთან ნებისმიერი ამანათის შეგზავნა, კანონით რაცაა განსაზღვრული, მნახველების შესვლა. იმ დასკვნიდანაც, რომელიც სახალხო დამცველის ჯგუფმა დადო, ფაქტობრივად, ირკვევა, რომ მას ციხეში ყოფნა თრგუნავს. ციხეში ყოფნა ყველას თრგუნავს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ციხეში ყოფნის დროს არ ითრგუნება და ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის დისკომფორტს არ განიცდის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტია და მისი მხარდამჭერი მედიები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ თითქოს, ექსპრეზიდენტს ვინმე აწამებს.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოხვდა, 7 თვეზე მეტია გასული. ჩვენ გვახსოვს, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსიურობით, იწყებოდა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, შეიძლება, დღე დღეზე, ლეტალური შემთხვევაც კი დადგეს და ძალიან ბუნებრივია, რომ საზოგადოება ძალიან დაზაფრული იყო. უმრავლესობის შიგნითაც, მრავალი კითხვა ისმევოდა იმაზე, თუ რეალურად, რა მდგომარეობაშია პატიმარი, როდესაც ის შიმშილობდა. საზოგადოებაშიც, რეალური სურათის ნახვის ძალიან დიდი ინტერესი იყო. შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არ იყო. ის იკვებება პროდუქტებით და ეს არის კვების განსაკუთრებული რეჟიმი. მეორე დღესვე, ამას მოჰყვა მისი ოპოზიციური, რადიკალური ფრთისგან და პროპაგანდისტული საშუალებებისგან მეორე კამპანია - რომ ეს არის წამება და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მსჯავრდებულზე, რადგან ხელისუფლებამ აჩვენა კადრები, თუ როგორ იკვებება იგი. რა თქმა უნდა, მათთვის არ არის საზოგადოების წამება და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოქცევა, როდესაც საზოგადოებას მუდმივად ეუბნებიან, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] სიკვდილის პირას არის და მისი სიცოცხლე საათებს ითვლის. ასეთი სპეკულაციების მოწმე მრავალგზის გავხდით“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.