არაერთმა მოქალაქემ, Datacomm-ის სახელით, მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware).
„ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა. მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერჰიგიენის წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messenger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისგან“, - აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, სამსახურში შესული შეტყობინებები, წარდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ამავე თემაზე, განცხადება გაავრცელა კომპანია „მაგთიმაც“.
„თავი შეიკავეთ Datacomm-ის სახელით მიღებულ SMS-ში მიმაგრებული ბმულის გახსნისგან, რადგან ის შესაძლოა შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს! გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!“, - აღნიშნავს კომპანია და იქვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებასაც აქვეყნებს.