პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ზოგადად არ არის არანაირი პრობლემა, რა გადაწყდება მერე ეს უკვე სხვა თემაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე არ უნდა საუბრობდნენ ის ადამიანები, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ აღიარებული დამნაშავე ფარაონად ჰყავთ გამოცხადებული.
„არ ვსაუბრობ, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, რაღაც მოგონილ ჩანაწერზე მიდის საუბარი, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა რატომ ჰგონიათ, რომ არის რაღაც ისეთი მოვლენა. მეც, როგორც დეპუტატს, გუნდის წევრს, მეც შემიძლია თუ ვინმეს შეიძლება რამე საქმე ჰქონდეს პრემიერ-მინისტრთან, უბრალოდ ვთხოვო, რომ შეხვდეს, რა გადაწყდება მერე აქ, ეს არის აბსოლუტურად სულ სხვა თემა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ზოგადად არ არის არანაირი პრობლემა, ვინც იცნობს პრემიერ-მინისტრს რომ შეახვედროს ვინმე ადამიანი, ვისაც უნდა შეხვედრა. რა გადაწყდება მერე ეს უკვე სხვა თემაა.
ეს საკითხი საზოგადოებისთვის არ არის პირველხარისხოვანი. საზოგადოებას დრეს აინტერესებს, რომ იყოს სიმშვიდე ქვეყანაში, სტაბილურობა და არ იყოს ომი. ამის დიდი საშიშროებაა, კარგად იცით. ასევე აინტერესებს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის ინიციატივები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები როგორ არის, რა შეღავათები დააწესა პრემიერმა სოციალურად დაუცველთათვის, ბიზნესისთვის და ა.შ.
ვის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ, როდესაც ეს ადამიანი პოლიტიკაშიც არ ერევა, ვის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ აღიარებული დამნაშავე ჰყავს ფარაონად გამოცხადებული და მის გადაწყვეტილებებს ასრულებენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.