შეგვიძლია მეტი, ქართული, ხარისხიანი პური ვაწარმოოთ!

შეგვიძლია მეტი, ქართული, ხარისხიანი პური ვაწარმოოთ!

„ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“ - ილია ჭავჭავაძე

მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა სულ უფრო მეტად ექცევა მსოფლიო საზოგადოებრიობის, მთავრობებისა და მედია-საშუალებების ცენტრში. აღნიშნული განპირობებულია როგორც მოსახლეობის ზრდით, ისე სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებითა და კორონა ვირუსის პანდემიით. ზემოთქმულს დაემატა ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანა მსოფლიო ხორბლის 25% მწარმოებელი და ექსპორტიორიაა. ეს ფაქტორი სერიოზულ დაღს დაასვამს ხორბლის სტაბილურ მოსავალს და უმწვავეს სასურსათო კრიზისს გამოიწვევს მრავალ ქვეყანაში.

FAO-სა და მსოფლი ბანკის პროგნოზით, 2022-25 წლებში სურსათზე ფასები 35%-ით გაიზრდება, ხოლო მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამინს გადააჭარბებს.

ბოლო ორი წლის მანძილზე მსოფლიოს ბირჟებზე ხორბლის ფასი მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა (240$-დან 450$-მდე).

ხორბლის ტრადიციულად ექსპორტიორმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი სასურსათო რესურსების გაფრთხილება, მარაგების ზრდა და უარს არც დამატებითი საექსპორტო ბარიერების შემოღებაზე ამბობენ. ამასთან, ბევრმა ქვეყანამ - როგორც ექსპორტიორმა, ისე იმპორტდამოკიდებულმა (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვ.) შემოიღო სუბსიდირების პროგრამები, რამდენიმემ კი სურსათზე დამატებული ღირებულების გადასახადიც კი შეაჩერა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნების მიზნით.

რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, სრულიად არადამაკმაყოფილებელია. მხოლოდ სასურსათო დანიშნულებით გვჭირდება მაქსიმუმ 650 000 ტონა ხორბალი და ვაწარმოებთ მხოლოდ 100-120 ათას ტონას. შედარებისათვის: ახალ ზელანდიას 5-ჯერ მეტი მოსავალი მოჰყავს 1 ჰექტარზე (12,0 ტონა). მინიმალური რენტაბელობის მისაღწევად ჩვენ 2022-2023 წლებში გვჭირდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის სულ ცოტა 3.0 ტონამდე გაზრდა (70-80 ათას ჰექტარზე). უნდა მომზადდეს მაღალრეპროდუქციული მეთესლეობის ბაზა და გატარდეს თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას. პირველი რიგის ამოცანად უნდა დავისახოთ სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია და 2027 წლისათვის 100-110 ათას ჰა-ზე საჭირო ხორბლის 60-65% წარმოება.

სახელმწიფო მდგრადობისთვის სტრატეგიულ დარგებს მუდმივი ყურადღება და არსებითი დახმარება ესაჭიროება. პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტები.

საქართველოში მოქმედებს ფქვილის და პურის ტექნიკური რეგლამენტი. სამწუხაროდ იგი არ სრულდება. მაგალითად, ფქვილის სინესტის მაჩვენებელი, თითქმის ყოველთვის აღემატება სტანდარტს, ხოლო წონა, პირიქით - დაბალია, რაც პურის მრეწველობისთვის არა მარტო დისკრმინაციული, არამედ დამაზიანებელიცაა, -  14-15%-ის ზევით ფქვილი შედის რეაქციაში სინესტესთან და პურის მოცულობაზე აისახება.

ფქვილისა და პურის ტექნიკური რეგლამენტის დაცვა გამოიწვევს ერთ მხრივ მაღალი ხარისხის ფქვილისა და პურის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ მათზე ფასების ზრდას. საქართველოში 2021 წლის 1 ივლისიდან შეწყდა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რამაც გამოიწვია პურზე ფასების ზრდა. პურის საცალო ფასი მარკეტებში 50-70 თეთრით გაიზარდა და ეს პროცესი გაგრძელდება. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს არა დაბალხარისხიანი ფქვილისა და პურის წარმოების სუბსიდირება დაბალი ფასების შენარჩუნებისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის (პურის ბარათის სახით, რაც სახელმწიფოს ყოველთვიურად არაუმეტეს 4 მილნ. ლარი დაუჯდება) გაცემა, რათა მათ შეძლონ მაღალხარისხიანი პურ-პროდუქტების შეძენა და ამით საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და შემოსავლების გაზრდა.

თუ სახელმწიფოს მიზანია პურ-პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ეკონომიკურად ძლიერი დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება, პურზე დღგ-ს ტარიფის 7-8%-მდე შემცირებისა ან განულებისა.

ამით ასევე მოწესრიგდება პურის ვაჭრობის საკითხებიც, როგორიცაა გაუგებარი ქეშბექები, რენტაბონუსები, სავაჭრო დათმობები და გაყიდული პურის უკან დაბრუნების სისტემა.

სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი, ფინანსურად, ორგანიზაციულად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი ორეტაპიანი (3-5 წლიანი) პროგრამა –„მარცვალი“ (100-110 ათას ჰექტარზე, 3,5-4 ტ/ჰა საშუალო მოსავლიანობით, პირველ ეტაპზე 350 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, ხოლო მეორე ეტაპზე 400-420 ათასი ტონა ხორბლის წარმოება), რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება საკუთარი ელიტური თესლის წარმოების ღონისძიებები.

მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც მოკლე და საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სურსათით უზრუნველყოფის ამოცანა.

ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისთვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე (მით უმეტეს, რომ იმპორტირებული ხორბალი უხარისხო და ძირითადად საფურაჟეა).

ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული.

ისეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანა - საქართველო რომლის ბიოგეოკლიმატური პოტენციალი 10 მილიონი ადამიანის გამოკვებაა, დაუშვებელია, ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ეს აუცილებელია არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პრობლემის დაძლევა მთარობის ძალისხმევითა და პოლიტიკური ნებითაა შესაძლებელი. სახელმწიფო ვალდებულია, აწარმოოს ხორბალი, არანაკლებ მისი მოთხოვნილების 60%-სა, დაიცვას აგრომეურნე, პურის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული წვრილი და საშუალო ბიზნესი და მომხმარებლების ინტერესები.

ეს ხელეწიფება ქართულ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას!