„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ოსტინის თქმით, დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში, თუკი ამ ქვეყანას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.
„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინაში ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად ჩავიდა.