იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
უფლის საფლავიდან წმინდა ცეცხლი აღდგომის ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოუბრძანა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ისინი დილიდან ელოდებოდნენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15.29 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:31 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.