ჩვენ საერთო ინტერესები, საერთო მტერი, საერთო მიზნები და ამოცანები გვაქვს. ქართველებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ამის დასტური იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ უკრაინის რადას დეპუტატმა, ივანკა კლამპუშ-ცინცაძემ განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ აფასებს იმ კომუნიკაციას, რომელიც შედგა უკრაინის სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას გაეროში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ა.შ. ჩვენ ვაფასებთ ამას, თუმცა ვფიქრობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაკავებლად ნაბიჯების გადადგმა კიდევ შეიძლება. საქართველოს დელეგაციას ბუჩასა და ირპენში ვიზიტისას პირადად ვახლდი და პირადად ვნახე ის ემოცია, რაც მათში ნანახმა გამოიწვია. ვხედავდი მათ თვალებში როგორ აღიქვამდნენ განადგურებულ ქალაქებს, მჯერა, რომ ეს შეუძლებელია არაგულწრფელი ყოფილიყო.
ფოტოს გადაღებას და ყველასთვის იქ არსებული მდგომარეობის ჩვენებას თავის მიზანი აქვს, თუმცა ძალიან რთულია როდესაც პოლიტიკოს არ აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება აღიქვას კავშირების სიღრმე, მათ შორის დავით არახამიას შემთხვევაში. ის წარმოშობით საქართველოდანაა, გასაკვირია, როდესაც აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია, ისეთი განცხადებები გააკეთო, რომელიც ავნებს ორ მხარეს შორის ურთიერთობებს. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ მომენტში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გულწრფელი, ზოგჯერ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა და გადავჭრათ აზრთა სხვადასხვაობები. მე ვაფასებ იმ კომუნიკაციას რომელიც შედგა ჩვენს სპიკერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. მე იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის უკრაინაში, ცალკეული განცხადებები არ შეცვლის დამოკიდებულებას უკრაინისადმი და პირიქით - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი“, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მასპინძელი უკრაინაში რადის თავმჯდომარე იყო. ქართულმა დელეგაციამ მეგობრებს სამძიმარი და მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე დაუფიქსირეს. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს ეწვივნენ.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“, - განაცხადა გუშინ დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.