ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანას უკავშირდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რის მზაობასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად აცხადებენ. რა თქმა უნდა, მე ამ საკითხს ვაჟღერებ ყველა საერთაშორისო დელეგაციასთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.