მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიაზე: იმედი მაქვს, ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება მხარდაჭერა, რადგან რეალობა ასეთია - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ

მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიაზე: იმედი მაქვს, ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება მხარდაჭერა, რადგან რეალობა ასეთია - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ

ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა, რადგან რეალობა არის ასეთი - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება არ არის არც საქართველოს და არც უკრაინის ინტერესში.

„გულდასაწყვეტია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ, რეალური აღმოჩნდა ყველა ის პოზიცია, რომელიც გამოითქმებოდა და რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეეცადოს გაამწვავოს, გაართულოს ან გააფუჭოს ურთიერთობები, რაც ორ მოძმე ხალხს, ორ მოძმე სახელმწიფოს შორის არსებობს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ბაცილათი მოიხსენია არა ადამიანი, არამედ ინტერესი.

„ვივარაუდე, რომ აუცილებლად იარსებებდნენ ადამიანები, რომელთა ღირებულებათა სისტემაში საქართველოში "ომის პარტიის" მხარდაჭერა იქნებოდა უფრო პრიორიტეტული და ასეთი ბაცილა მეთქი -ასე მოვიხსენიე, ოღონდ არა ადამიანზე, საკუთრივ ინტერესზე ვთქვი, რომ შეიძლება ყოფილიყო და გაღვივებულიყო, როგორც ჩანს ამ პროცესს ვადევნებთ თვალს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დავით არახამიამ “მთავარი არხის“ ეთერში განმარტა, რატომ არ შეხვდა კიევში ჩასულ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას. როგორც არახამიამ აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს საჭიროდ არ ჩათვალა. მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები უკრაინას მხარს ფასადურად უჭერენ.

„იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, ამ ადამიანების ნახვის აზრს საერთოდ ვერ ვხედავდი. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან ვიცოდი, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. მანამდე ვკითხულობდი ჩვენი საგარეო დაზვერვის შეფასებას, ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული.

იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული, ის სანქციები უნდა დაიცვა, რომელსაც მთელი მსოფლიო რუსეთს ადებს. მთელი ევროკავშირი ამბობს, არ გვინდა რუსებს ანგარიშები გავუხსნათ ბანკში და საქართველოში ბანკები მათ სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს. ხოლო რუსი ბიზნესმენები ხსნიან და არეგისტრირებენ ბიზნესებს საქართველოში“, - განაცხადა დავით არახამიამ.