კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ელექტრონულ ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანიებიდან ერთის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შპს GMM ტენდერის ჩაშლას ან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. კომპანია სატენდერო კომისიას კერძო ინტერსების გატარებაში ადანაშაულებდა და საჩივარში განმარტავდა, რომ კომისიის ერთ-ერთი მოწვეული ექსპერტი რევაზ გოგოლაშვილი ამავდროულად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის – შპს "ნიკა 2010"-ს წარმომადგენელი იყო და მისი CV ატვირთული იყო ამ ფირმის დოკუმენტაციაში, რაც წამოადგენდა ინტერესთა კონფლიქტს.
"რევაზ გოგოლაშვილს შეეძლო მოეხდინა ზეგავლენა კომისიის გადაწყვეტილებებზე და მოხდა შემდეგი: შპს "ნიკა 2010"-ს და შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისს" წარმოდგენილი ჰქონდა მენიუები, სადაც იყო აბსოლუტურად იდენტური შეცდომები კვების პროდუქტების ნორმებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს საბუთები შედგენილია ერთი და იგივე პირის მიერ და შემდგომ, როდესაც მოხდა ჩვენი დისკვალიფიკაცია, შპს "ნიკა 2010" ხსნის თავის სატენდერო წინადადებას გაუგებარი მიზეზების გამო, ხოლო შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისი" ხდება გამარჯვებული ორ ლოტში", - ნათქვამია კომპანიის საჩივარში.
შპს "G.M.M." საჩივარში განმარტავდა რომ "ელექტრო მონტაჟ სერვისი" ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობების ნაწილსაც და არ გააჩნდა ერთწლიანი გამოცდილება კვების დარგში. "საზოგადოების სახელწოდებაც კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კომპანია მოღვაწეობს სხვა სფეროში". დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ასევე ითხოვდა ტენდერის მონაწილე კიდევ ერი კომპანია. შპს "სამება 2011"-ის საჩივარი დავების საბჭომ უკვე დააკმაყოფილა.
შპს "სამება 2011" შპს "GMM-საც უპირისპირდებოდა, ტენდერში მონაწილე შპს "ნიკა 2010"-ს ხელმძღვანელობას კი თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.
"დაჟინებით გვთხოვდნენ მოგვეხსნა ჩვენი კანდიდატურა ტენდერიდან, ვინაიდან ჩვენ არ გვყავდა ე.წ. ლობი, ტყუილად ვწვალობდით და ვერ შევძლებდით ტენდერში გამარჯვებას. თავად სატენდერო კომისიის წევრი რევაზ გოგოლაშვილი შპს "ნიკა 2010"-ის თანამშრომელია, ასევე იგი "ქართული კვების" კომპანიის კვების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორია. ხოლო "ქართული კვების" კომპანიის აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გოჩა შუღლიაშვილი ტენდერშივე იღებდა მონაწილეობას შპს "G.M.M."- ის სახელით ", - ნათქვამია კომპანიის საჩივარში.
დავების საბჭოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შპს "სამება 2011"-ის დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფაზე 4 ტენდერი 2013 წლის 18 თებერვალს გამოაცხადა.
15 მაისის მდგომარეობით, შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისი" პირველ ადგილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სენაკის, ფოთის, თბილისის, მცხეთის, საგურამოს, ბაზალეთის, კრწანისის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ახალციხის ბაზებზე სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის ტენდერში და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვაზიანის, ალგეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ნორიოს, თელავის, გაჩიანისა და დედოფლისწყაროს ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის ტენდერში 15 მაისის მდგომარეობით პირველ ადგილზე კვლავ შპს "ფუდ ლაინ ჯორჯია" იყო. თუმცა პირველ მაისს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტარ ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანია "ფუდ ლაინ ჯორჯია" სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო დისკვალიფიცირებული იყო.