დამბრალებლები და ბრალეულები

დამბრალებლები და ბრალეულები

[ლევან სეფისკვერაძე]
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამაჩაბლოს კონფლიქტის ზონებში არსებული მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა. როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, ასევე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სეგმენტი, ძალოვანი სტრუქტურები, მზად არიან ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ნატოში ინტეგრაციისათვის ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი აუცლებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა.

ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი სეგმენტი თავდაცვის სამინისტროსი და შეარაღებული ძალების, არის თავსებადი ნატოსთან. დარჩენილია მართვაში, მაგალითად, მართვის, ლოჯისტიკის, ფინანსური სფეროს ასპექტები. გარდა ამისა ალბათ, ყველა სამხერდო ქვედანაყოფის სტრუქტურა და იერსახე ვერ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს.

ოპოზიციის აზრით კი, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დემოკრატიის ხარისხი, სიტყვის თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის ქონებვრივი უფლების დაცვა. რაც საქართველოში შელახული იყო და ილახებოდა წლების განმავლობაში.

სანამ საქართველოში ტრადიციული, ერთმანეთისათვის „გადაბრალების პოლიტიკა“ გრძელდება, ამ დროს ოკუპანტები სამაჩაბლოში უფრო და უფრო იმყარებენ პოზიციებს. მათი კავკასიონის გადაღმა გადადევნის პერსპექტივა კი, უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ შარშანწინ ზაფხულში, შიდა ქართლის სრული ოკუპაციის შემდეგ, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ჩრდილოეთისაკენ (სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ფარგლებში) გადაიწია, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონში რუსული გავლენა რაიმენაირად შემცირდა. რუსები რა თქმა უნდა, შეუზღუდავად აკონტროლებენ პატარა ლიახვის ხეობის ჩრდილოეთით მდებარე და დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებს. რუსები ასევე დგანან ფრონის ხეობის აღმოსავლეთით, ასევე პერევსა და ახალგორის რაიონში, საიდანაც ჯერ-ჯერობით ფეხის მოცვლას არ აპირებენ.

პაატა მაღალაშვილი. სამაჩაბლოელი გლეხი: - „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ახალი ომი გარდაუვალია და ამისა უკვე აღარავინ მალავს. რუსები ძალიან აგრესიულად იქცევიან, უკვე კვირაზე მეტია, ღამეული სროლები ისევ განახლდა და ფაქტია, რომ სეპარატისტებს და რუსებს რაღაც ახალი აქვთ ჩაფიქრებული. თუ ასე გაგრძელდა ჩვენც იძულებულნი გავხდებით ოჯახები აქაურობას გავარიდოთ.

ე.ი. კონფლიქტის მთავარი წამომწყებები არა ოსები, არამედ დღესაც რუსები არიან?
- ერთი რამე კი მართლა არ მესმის ოსების მხრიდან. ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მაგათ ამბიციებს რაღაცნაირი ახსნა ექნებოდა, მაგრამ რუსეთს დაეხმარო საქართველოს ტერიტორიის შეცილებაში, მაშინ როცა რუსებმა მათ რუსული გვარები მისცეს და რუსულად ალაპარაკებენ? ან დაჰიპნოზებულია ეს ხალხი, ან ჩვენ გვეჩვენება რაღაცეები. ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია ნორმალური და ადამიანური რომ არ არის, ამას ალბათ ყველა ხედავთ“.

ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული სოფლებიდან (ანუ, იქ სადაც ახლა ქართული იურისდიქცია ვრცელდება) ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ერგნეთშია, სადაც მშენებლობები კი დაიწყო, მაგრამ საქმის დიდი ნაწილი ჯერაც გასაკეთებელია.

გიორგი დავითაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: - „მიხარია ჩვენს შვილებს კარგად რომ არ ახსოვთ ის ყველა უბედურება, რაც ამ მიწაზე ხდებოდა და ხდება. ახალ თაობას არ უნახავს და ალბათ ვერც წარმოიდგენენ როგორ შეიძლება ადამიანების ერთ დღეში და ერთ კვირაში გაუბედურება“.

კონფლიქტის სათავეები გაცილებით ღრმაა და თან ხელოვნურად შექმნილი (აქ ის იგულისხმება რომ რეგიონის დასახლება ოსებით საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა ძალით. ეს ხალხი მენტალურადაც და ფიზიკურადაც მიბმულია რუსებზე) არ არის ასე მარტივად ყველაფერი როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს ეს ევროპიდან.

უკვე რუსებიც კი აღიარებენ, რომ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კატასტროფა სახეზეა. სახლები დანგრეული არის და ცხინვალში ომის შემდეგ, კოკოითის ფსევდომთავრობამ მხოლოდ შუქნიშანი გააკეთა და ეს ფაქტი ოსებში საქილიკო საგნად იქცა. ომის შემდეგ, ხალხი ფაქტობრივად აღარ დადის ცხინვალის ქუჩებში.

სეპარატისტებს დაპირებული თანხები ჯერ კიდევ არ მიუღიათ რუსეთიდან და ეს ფაქტი დიდი გაღიზიანებას იწვევს. ზოგი ხალხი უკვე კითხულობს: რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან მოგებულ ომს, თუ რუსეთი არ დაეხმარებათ? ფაქტია, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურთან ერთად, მუქთახორა რეჟიმთანაც, რომლის არსებობის ერთადერთი „გამართლება“ რუსეთთან ფულზე მათხოვრობაა.