რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, მიუნჰენის „ბაიერნის“ ჯერ კიდევ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰეინკესი ახალ სეზონში სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება.
ცნობილი გახლდათ, რომ ჰერ იუპი მიუნჰენის „ბაიერნს“ უახლოეს დღეებში დატოვებს და ადგილს ესპანელ პეპ გვარდიოლას დაუთმობს.
რამდენიმე თვის წინ გერმანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჰეინკესი კლუბ „შალკეს“ ჩაიბარებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მიუნჰენური გუნდის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს პირობა ჩამოართვა რომ ის გერმანულ კლუბს არასოდეს უხელმძღვანელებდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჰეინკესს პირადად დაუკავშირდა და „სამეფო კლუბში“ მუშაობა სთხოვა. რასაკვირველია მწვრთნელმა ეს შემოთავაზება მიიღო და კულუარული ცნობით, რამდენიმე დღეში ბატონ ფლორენტინოს პირისპირ დაელაპარაკება.
საინტერესოა, რომ იუპ ჰეინკესი მადრიდის „რეალში“ 1997-1998 წლებში მუშაობდა.
ადრე ცნობილი გახლდათ, რომ „რეალი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ამჟამინდელ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის უნდა ჩაებარებინა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო „კარლიტო“ პარიზის დატოვებისაგან თავს იკავებს.