რუსეთში ნეტფლიქსს ყოფილი მომხმარებლები ქვეყნის დატოვებისთვის უჩივიან

რუსეთში ნეტფლიქსს ყოფილი მომხმარებლები ქვეყნის დატოვებისთვის უჩივიან

რუსეთში ნეტფლიქსის ყოფილი მომხმარებლები პლატფორმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათ საინიციატივო ჯგუფი, სახელად "ნეტფლიქსის რუსი მომხმარებლები" შექმნეს და სასამართლო დავა წამოიწყეს სტრიმინგ გიგანტის წინააღმდეგ. ისინი "რუსეთის ბაზრის დატოვებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ" ნეტფლიქსისგან 60 მილიონი რუსული რუბლის ($726 ათასის) გადახდას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti ავრცელებს.

"ნეტფლიქსის მომხმარებლების ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ დღეს ამერიკული პლატფორმის წინააღმდეგ ხამოვნიჩესკის რაიონულ სასამართლოში დავა წამოიწყო", — წერს RIA, — "სასამართლო დავის წამოწყების მიზეზი რუსი მომხმარებლების უფლებების დარღვევაა, რაც ნეტფლიქსის გადაწყვეტილებას მოჰყვა".

ამბავს ნეტფლიქსი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ნეტფლიქსმა თავისი სერვისები რუსეთში მარტის დასაწყისში, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეაჩერა. ამასთან, შეჩერდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროექტზე მუშაობაც.

ნეტფლიქსმა რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა
აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსი ერთადერთი სტრიმინგ პლატფორმა არაა, რომელმაც რუსეთის ბაზარი დატოვა. მარტის თვეში ქვეყანაში თავისი სერვისები შეაჩერა მუსიკის სტრიმინგ პლატფორმა Spotify-მაც. 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აგრესორი ქვეყნის ბაზარი დატოვა არაერთმა გლობალურმა ბრენდმა. აღსანიშნავია, რომ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ ხელოვანებთან ურთიერთობა გაწყვიტეს კულტურის ცნობილმა დაწესებულებებმაც. რუსეთის სახელმწიფო დელეგაცია წელს არ დაიშვება არც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე და არც კანის კინოფესტივალზე. ქვეყანა ასევე მოიხსნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან, რუსული ტელეარხები კი ევროპის მაუწყებელთა კავშირიდანაც გააძევეს.