დაახლოებით ორი თვის წინ, იტალიის საფეხბურთო პირველობის ერთ-ერთ შეხვედრაში მილანის „ინტერი“ ბერგამოს „ატალანტას“ მასპინძლობდა. იმ მატჩში მილანური კლუბის თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ მუხლის დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
სამწუხაროდ იმ შეხვედრის შემდეგ კასანომ მიმდინარე სეზონი ვადამდე ადრე დაასრულა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კასანო „ინტერის“ დატოვებას აპირებდა და ახალი გუნდის ძებნა აქტიურად დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ მილანური კლუბის მთავარ მწვრთნელად „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი ვალტერ მაცარი დაინიშნა. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ ანტონიომ მილანში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს დილით გამოცემა „La Gazzetta dello Sport”-ის ჟურნალისტი ანტონიო კასანოს ესაუბრა. ფეხბურთელმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ვალტერ მაცარის დიდი ხნის განმავლობაში იცნობს და ამ ადამიანს განსაკუთრებულ პატივს სცემს. მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ „სამპდორიაში“ გაიცნეს. მაცარის ფაქტორის გამო კასანო არსად წასვლას აღარ აპირებს.